ქეთი დოლიძე თუმანიშვილის სახელობის თეატრს აღარ უხელმძღვანელებს

კულტურის მინისტრის, მიხეილ გიორგაძის განცხადებით, ქეთი დოლიძე მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრის ხელმძღვანელი აღარ იქნება.  თოჯინების თეატრის მმართველი ელენე მაცხონაშვილიც აღარ უხელმძღვანელებს აღნიშნულ თეატრს.

“როგორც კინომსახიობთა თეატრის, ისე თოჯინების თეატრის შემთხვევაში, ახალი ხელმძღანელები დაინიშნა. ცოტა არასერიოზული მგონია მთელი ეს საუბარი, აქ საბავშვო ბაღი არაა და არავითარ განაწყენება/დაზავებაზე საუბარი ჩემთვის უადგილოა. კიდევ ერთხელ ვამბობ, გადაწყვეტილებები, რომელიც სამინისტროში მიიღება, არც არავის პირად დამოკიდებულებაზე არ არის დაფუძნებული, არც არვის წყენა/არწყენაზე. არ ვარჩევთ იმას, რამდენად მოგვწონს ან არ მოგვწონს ვიღაცის დადგმული სპექტაკლი. ჩვენ ვირჩევთ პირებს, რომლებსაც ევალებათ, პირველ რიგში, სწორედ ადმინისტრირება, საორგანიზაციო საკითხები და მენეჯმენტი და ამ ნაწილში, როგორც აღვნიშნე, კატასტროფული უუნარობა და არაკომპეტენტურობა წარმოაჩინა წინა ხელმძღვანელობამ”,- განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

სამხატვრო ხელმძღვანელს 4 წლის ვადით ნიშნავენ. სულ 23 თეატრის ხელმძღვანელი უნდა დაინიშნოს. მიხეილ გიორგაძის ბრძანებით თუმანიშვილის სახელობის თეატრის ხელმძღვანელად გიორგი სიხარულიძე დაინიშნა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com