ახალი ამბები

ბიზნესი, არჩევნები და ტენდერები – ეკონომისტის მოსაზრებები შემოწირულობებზე

30 აგვისტო, 2017 • 2376
ბიზნესი, არჩევნები და ტენდერები – ეკონომისტის მოსაზრებები შემოწირულობებზე

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ “ქართულ ოცნების” შემწირველი კომპანიების უმრავლესობა ტენდერებს იგებენ. არიან ისეთებიც, რომლებიც  წინა არჩევნებზე ერთიან ნაციონალურ მოძრაობს სწირავდა ფულს, თუმცა ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მათი პოლიტიკური სიმპათიები შეიცვალა. როგორაა ერთმანეთთან დაკავშირებული ბიზნესი და არჩევნები, რატომ ამჯობინებენ ბუზნესმენები დააფინანსონ მმართველი ძალა და რატომ რჩება მწირი ფინანასური რესურსით ოპოზიცია, ამ საკითხებზე “ნეტგაზეთი” ეკონომისტ გიორგი პაპავას ესაუბრა.

რამდენად მნიშვნელოვანია პოლიტიკური პარტიებისთვის ბიზნესის ფინანსური მხარდაჭერა და როგორია ზოგადად მიღებული პრაქტიკა?

ამერიკის მაგალითზე რომ ვთქვათ, არსებობს კონკრეტული კონტრიბუციები, რომელსაც კონკრეტული პირები და ორგანიზაციები ახორციელებენ და არის ლობირება კონკრეტული კანონის ცვლილებისთვის. მაგალითად, მეწარმეთა შესახებ კანონში რომ გვინდოდეს ცვლილება, ან დემპინგის საწინააღმდეგო კანონის მიღება, შეიძლება აწყობდეს ბიზნესს ამისთვის ფულის დახარჯვა.

ყველა ქვეყანაში საარჩევნო კამპანიას მრავალფეროვანი ხარჯები აქვს. აშშ-ში ტარდება პრაიმერი ქვეყნის მასშტაბით, უამრავი რეკლამა და ასე შემდეგ, რაც ხარჯებთან არის დაკავშირებული. მსგავსი ხარჯები სხვა პერიოდში არ აქვთ.

ძირითადი გააქტიურება ხდება არჩევნების წინ. მნიშვნელოვან ხარჯებს მაგ დროს წევენ პარტიები. საქართველოში არის კოორდინატორების, რეგიონებში აქტივისტების ყოლის პრაქტიკა, ხსნიან ოფისებს, რომლებიც შემდეგ იხურება. ამ ყველაფერს დიდი ხარჯი აქვს ხოლმე.

პოლიტიკური პარტიისთვის გაცემული შემოწირულობით რომელი ნახულობს მეტ სარგებელს, პარტია თუ ბიზნესი?

ბიზნესისთვის არ უნდა იყოს მნიშვნელოვანი, რომელი პარტიაა ხელისუფლებაში. მისთვის მნიშვნელოვანია კანონმდებლობა, რომელიც ქვეყანაში მუშაობს, მეორე მხრივ, სტაბილურობა, ხშირი ცვლილებები ბიზნესისთვის არ არის სასურველი.  ხშირად თუ შეიცვალა პარტია, რომელიც სხვადასხვა პოლიტიკას ატარებს, ბიზნესს არ აქვს განცდა იმისი, რომ სტაბილურად დაგეგმოს მომავალი.

ბიზნესს სჭირდება სტაბილურობა, კონკრეტული კანონები, რომლებიც მას დაიცავს, როგორც ადგილობრივი კონკურენტების, ასევე უცხოელი კონკურენტების წინააღმდეგ.  ამისთვის ბიზნესი ყოველთვის აფინანსებს, ირიბად თუ პირდაპირ, პოლიტიკურ პარტიებს. პოლიტიკური პარტიებისთვის ეს დაფინანსება მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ თავიანთი კამპანიები აწარმოონ.

ძალან ძნელია, არავისგან დაფინანსება არ მიიღო და ისე გაიმარჯვო არჩევნებში. საბოლოოდ ეს აისახება იმაში, რომ ხელისუფლები ატარებენ პოლიტიკას არა მთლიანად მოსახლეობის კეთილდღეობაზე ორიენტირებულს, არამედ ნაწილობრივ ითვალისწინებენ ბიზნესის ინტერესებს. ბიზნესი არასოდეს მისცემს ფულს პოლიტიკოსს, თუ მისგან ხეირს არ ელის.

როდესაც ბიზნესი სხვადასხვა პარტიას სწირავს ფულს და ორიენტირებულია ძირითადად ხელისუფლებაზე,  ეს რაზე მიუთითებს?

როგორც ამერიკაში არის, რომ დემოკრატებს ჰყავთ თავისი შემწირველები, ხოლო რესპუბლიკელებს – თავისი, საქართველოს შემთხვევში მნიშვნელოვანი წვლილი კანომდებლობას არ ენიჭება, როგორც ჩანს, არამედ უფრო სტაბილური მდგომარეობის შენარჩუნებას.

თავისი ბიზნესის სტაბილურობას?

თავისი ბიზნესის სტაბილურობა ნიშნავ ქვეყანაში სტაბილური პოლიტიკური გარემოს არსებობას. არც ერთ ბიზნესს არ აწყობს, რომ დღეს ნაციონალური მოძრაობა იყოს ხელისუფლებაში, ხვალ ქართული ოცნება, ზეგ ისევ ნაციონალური მოძრაობა. ურჩევნია, თუ გარკვეული პოლიტიკური ძალა გარკვეულ პოლიტიკას გაატარებს 4 წლით კი არა 8 წლით.

თუ ეკონომიკური პოლიტიკის სტაბილურობა გაქვს, უფრო მარტივად გეგმავ, ეს ითარგმნება შენი ბიზნესის სტაბილურობად.

მეორე საკითხია ისეთი კანონების და რეგულაციების მიღება, რომელიც მსხვილ ბიზნესს ახეირებს. მაგალითად, თუ შემოვიღებთ, რომ აფთიაქი უნდა იყოს ძალიან მაღალი სტანდარტების, ამითი უპირატესობას ვანიჭებთ მსხვილ ბიზნესს, ვჩაგრავთ შედარებით პატარა ბიზნესს. მსხვილი ბიზნესი შეიძლება გარკვეულ კონტრიბუციას აკეთებდეს იმ გათვლით, რომ მას უკეთესად დაიცავს კანონმდებლობა.

მაგალითად, როდესაც პარტიების შემწირველი კომპანიები ტენდერებს იგებენ, ჩნდება ეჭვი, რომ ხომ არ არის გარიგების შესაძლებლობა?

თუ ტენდერს მუდმივად ერთი და იგივე კომპანია იგებს და პოლიტიკური პარტიების  მნიშვნელოვანი შემწირველია, ეს ეჭვს აჩენს, რომ გარკვეულ დარღვევებთან შეიძლება იყოს საქმე, მაგრამ, ამავე დროს, ეს კომპანია შეიძლება იყოს პროდუქტის ერთადერთი მწარმოებელი ან ძალიან კარგი კომპანია. აუცილებელია ჩავიხედოთ ხელშეკრულებაში, თუ რა პირობებით ცხადდება ტენდერი.

სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით სახელისუფლებო პარტიის დაფინანსება ხომ უქმნის დაბრკოლებებს ოპოზიციას, რომელიც მუდმივად განიცდის ფინანსების სიმცირეს?

მმართველ პარტიას უფრო მეტი შანსი აქვს გამარჯვების, ვიდრე ოპოზიციურ პარტიას. ოპოზიციური პარტიის დაფინანსება ვერ გადაითარგმნება ქვეყანაში განხორციელებულ პოლიტიკაში და მიღებულ კანონებში.  შალვა ნათელაშვილი რაც არ უნდა დააფინანსოს ბიზნესმა, შანსიც არ აქვს, რომ ხელისუფლებაში მოვიდეს მომავალი 10-20 წლის განმავლობაში. შესაბამისად, მისი დაფინანსება რომელიმე კანონმდებლობის ლობირების მიზნით უშინაარსოა. დაფინანსებას აზრი მმართველი ძალის და ისეთი ოპოზიციური ძალის შემთხვევაში აქვს, რომელსაც შედარებით მეტი შანსი აქვს გამარჯვების.

გიორგი პაპავა

გიორგი პაპავა

მასალების გადაბეჭდვის წესი