ფხალაძე რუსეთისგან დახმარების მიღებაზე: უმთავრესი პრობლემაა ინფორმაციის დამალვა

ბორჯომის ხეობაში ხანძრის ჩაქრობის პროცესში რუსეთისთვის დახმარების თხოვნის საკითხს პრეზიდენტის ადმინისტრაციაც გამოეხმაურა. პრეზიდენტის მრჩეველი თენგიზ ფხალაძე მიიჩნევს, რომ მთავრობამ საზოგადოებას ინფორმაცია დაუმალა და სწორედ ეს წარმოადგენს მთავარ პრობლემას:

“ამ შემთხვევაში უმთავრესი პრობლემა არის ინფორმაციის დამალვა. მაშინ, როდესაც მიიღება ესა თუ ის მნიშვნელოვან გადაწყვეტილება, მით უმეტეს, როდესაც ეს არის დაკავშირებული რუსეთის ფედერაციასთან, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ამის შესახებ საზოგადოებას მიეწოდებოდეს ამომწურავი ინფორმაცია და საზოგადოების უკან არ ხდებოდეს მოლაპარაკებების წარმოება, ჩვენ გვახსოვს, რომ ასეთივე შემთხვევა გვქონდა გაზპრომთან მიმართებაში და ძალიან ცუდია, რომ ეს ყველაფერი იღებს ერთგავარი ტენდენციის სახეს”, – განაცხადა ფხალაძემ.

ხანძარს, რომელიც 21 აგვისტოს სოფელ დაბასთან, 2008 წლის ომის დროს დამწვარ ტერიტორიასთან გაჩნდა, ერთი კვირის მანძილზე არა მხოლოდ საქართველოში არსებული რესურსით, არამედ სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის და ბელარუსის დახმარებითაც აქრობდნენ.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხანძრის ჩაქრობის პროცესში რუსეთის მხარეც შეიძლებოდა ჩართულიყო, 22 აგვისტოს გავრცელდა. პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ რუსულმა მხარემ დახმარების მზადყოფნა გამოთქვა. კვირიკაშვილის განმარტებითვე, იმ დახმარების პირობებში, რომელსაც საქართველო სხვა მეზობელი ქვეყნებისგან იღებდა, რუსეთის ჩართვა ხანძრის ჩაქრობის პროცესში აღარ გახდა საჭირო.

22 აგვისტოს, როდესაც კვირიკაშვილმა რუსეთიდან დახმარების გაწევის მზაობის შესახებ განაცხადა, მას ჰკითხეს, დახმარებისთვის შტაბმა მიმართა რუსეთს, თუ მათ დამოუკიდებლად გამოთქვეს სურვილი, თუმცა პრემიერმა ამ შეკითხვას პასუხი არ გასცა. ამ საკითხთან დაკავშირებით  მოგვიანებით მთავრობის ადმინისტრაციაში გვითხრეს:

“ხანძრის გაჩენიდან უმოკლეს დროში საქართველოს მთვარობამ შეტყობინება გააგზავნა გაეროში, ევროკავშირში და მეზობელ ქვეყნებში. დახმარების თხოვნას გამოეხმაურნენ მეზობელი სახელმწიფოები. ცოცხალი ძალა, მძიმე ტექნიკა, ვერტმფრენები გამოგზავნა აზერბაიჯანმა, თურქეთმა, სომხეთმა და ბელორუსმა. შედგა სატელეფონო საუბარი ზურაბ აბაშიძესა და გრიგორი კარასინს შორის იმის შესახებ, თუ რამდენად შეძლებდა რუსული მხარე დახმარების აღმოჩენას, რაზეც დადებითი პასუხი იქნა მიღებული. შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით რუსეთის მხარეს გაეგზავნა შესაბამისი ნოტა. მიმართვის დროს დაცული იყო ყველა საჭირო ფორმალობა და პროცედურა”- აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ ქართული მხარის მოთხოვნის საპასუხოდ, გამზადებული ჰქონდათ ვერტმფრენი, რათა ბორჯომის ხანძრის ჩაქრობაში მიეღოთ მონაწილეობა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com