ახალი ამბები

მოსკოვი: ბორჯომში დასახმარებლად “ილ-76” გამოვყავით, თუმცა გვითხრეს, რომ დახმარების საჭიროება აღარ იყო

25 აგვისტო, 2017 • 3261
მოსკოვი: ბორჯომში დასახმარებლად “ილ-76” გამოვყავით, თუმცა გვითხრეს, რომ დახმარების საჭიროება აღარ იყო

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და საქართველოში ხანძრების გაჩენასთან რუსეთის ფედერაციის კავშირს ავადმყოფურ ფანტაზიებს უწოდებს, რომელთა კომენტირებაც ზედმეტად მიაჩნიათ.

როგორც სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა აცხადებს, რომ ამ სეზონზე რუს მაშველებს რეგიონში არაერთ ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში მოუწიათ ჩართვა, თუმცა ოფიციალური თბილისის თხოვნას დაუყოვნებლივ გამოეხმაურნენ და თვითმფრინავიც გამოყვეს, თუმცა ქართულმა მხარემ მათ მადლობა გადაუხადა და უთხრა, რომ დახმარების საჭიროება აღარ იყო:

“ამ სეზონზე რუს მაშველებზე დიდი დატვირტვა მოდის მთელ რეგიონში (ამასწინათ მათ მიიღეს მონაწილეობა სომხეთში მასშტაბური ტყის ხანძრის ჩაქრობაში, გრძლდება ველის (სტეპის) ხანძრებთან ბრძოლა ვოლგოგრადის ოლქში). ამის მიუხედავად, მყისიერად გამოვეხმაურეთ თბილისის თხოვნას ბორჯომ-ხარაგაულის ნაციონალურ პარკში ხანძრის ჩაქრობასთან დაკავშირებით. ამისთვის რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს თვითმფრინავი Ил-76 იყო გამოყოფილი. თუმცა შემდგომ ქართულმა მხარემ მადლობა გადაგვიხადა და შეგვატყობინა, რომ ცეცხლის კერები ლოკალიზებულია და ჩვენი დახმარების საჭიროება აღარ დგას” – ნათქვამია განცხადებაში.

ზახაროვა ამბობს, რომ რუსეთი გულწრფელად უსურვებს მეზობელ სახელმწიფოებს, დროულად შეძლონ ცეცხლის ლიკვიდირება, ავადმყოფური ფანტაზიების კომენტარებას კი არ აპირებს:

“ჩვენ გულწრფელად ვუსურვებთ მეზობლებს, რაც შეიძლება მალე მოხდეს ცეცხლის ლიკვიდირება. იმ ტიპების ავადმყოფური ფანტაზიების კომენტირებას, რომელთათვის საკუთარ ქვეყანაში მომხდარი ბუნებრივი კატასტროფა მხოლოდ დამატებითი საბაბია ანტირუსული ინსინუაციებისთვის, ზედმეტად მიგვაჩნია”- ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის მხრიდან ხანძრის ჩასაქრობად დახმარების შემოთავაზებაზე კომენტარი გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმაც გააკეთა. კვირიკაშვილის თქმით, ქვეყნებს შორის რთული ურთიერთობების პირობებში ასეთი წინადადება მისასალმებელია:

“რუსეთმა გამოთქვა მზადყოფნა დახმარების და ვფიქრობთ, რომ ეს წინადადება არის მისასალმებელი. ჩვენ გაგვაჩნია პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი ჩვენი მოსახლეობის და ჩვენი ქვეყნის წინაშე. სწორედ გამომდინარე ამ პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხიდან, ვფიქრობთ, რომ იმ პირობებში, როდესაც ჩვენ გაგვაჩნია ძალიან რთული ურთიერთობა რუსეთთან, ასეთი წინადადება არის მისასალმებელი,” – განაცხადა კვირიკაშვილმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი