ახალი ამბები

ალანიას პასუხი კითხვაზე, რას ეტყვის გვანცა ყუფარაძეს, თუ შემთხვევით შეხვდება

26 აგვისტო, 2017 • 3900
ალანიას პასუხი კითხვაზე, რას ეტყვის გვანცა ყუფარაძეს, თუ შემთხვევით შეხვდება

“გვანცა ყუფარაძეს რომ შეხვდეთ ამ შენობიდან გასვლის შემდეგ, რას ეტყვით?” – ეს შეკითხვა თამარ ალანიას, რომელიც სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატია, გასაუბრებაზე უჩა ნანუაშვილმა დაუსვა.

“მივესალმები” – უთხრა მას თამარ ალანიამ და ამ კითხვაზე პასუხისას აღნიშნა, რომ მას ჩვეულებრივად შეხვდება.

“საქმეზე გადაწყვეტილებას ვიღებ არა პირადი შეხედულებებით, არამედ საქმეზე არსებული მტკიცებულებების მიხედვით… ცხადია, ყველა ადამიანს ვუსურვებ წარმატებას, ასევე, გვანცა ყუფარაძეს” – განაცხადა თამარ ალანიამ.

თეა წულუკიანმა კომისიის სხდომაზე თამარ ალანიას უთხრა, რომ გვანცა ყუფარაძის შემთხვევაში უბრალოდ საქმის წაგებაზე კი არ არის საუბარი, არამედ მან “სიცოცხლე წააგო”.

“გოგონა იყო სამარტოო საკანში, სრულწლოვანი გახდა ციხეში და აქ უბრალოდ საქმის წაგებაზე არ არის საუბარი,”- უთხრა ალანიას გასაუბრებაზე წულუკიანმა. მანვე აღნიშნა, რომ ალანიას მიმართ ამ საქმის გამო აქვს კითხვის ნიშნები და “ამ კითხვის ნიშანს ვერ ხსნის”.

თამარ ალანიამ, წინა გასაუბრების მსგავსად, ამჯერადაც ისაუბრა ამ საქმეზე. მან აღნიშნა, რომ როდესაც ეს საქმე მასთან მივიდა, სულ სხვაგვარი შეხედულება ჰქონდა, თუმცა, როდესაც გაეცნო მასალებს და ნახა მისი ფსიქოტიპი, “იყო ძალიან საინტერესო”.

ალანიამ ისიც აღნიშნა გასაუბრებისას, რომ ადრე იმასაც კი ამბობდნენ, რომ ყუფარაძის საქმეზე დაზარალებული მაშინდელი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, კუბლაშვილის ნათესავი იყო და ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება, რაც, აბსურდია.

ალანიას წულუკიანმა შემდეგი რეპლიკით უპასუხა – “მესმის, რომ ალბათ კიდევ მისტირით კუბლაშვილს”. რაზეც ალანიამ განაცხადა, რომ შეუძლია მასსა და კუბლაშვილს შორის დაპირისპირებების შესახებ კომისიას ესაუბროს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი