უმრავლესობის წევრის, პარლამენტარ ვანო ზარდიაშვილის განმეორებითი კითხვის შემდეგ მოსამართლე თამარ ალანიამ ასე დააზუსტა თავისი პოზიცია ქალის უფლებაზე აბორტის გაკეთებასთან დაკავშირებით: „არჩევანი ქალის მხრიდან, გაკეთდეს აბორტი, ცხადია, ეკუთვნის მას“.
23 სექტემბერს პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატიდან ერთ-ერთს, თამარ ალანიას მოუსმინეს. ალანიას ჯერ პარლამენტარმა კაკი ზოიძემ ჰკითხა, რას ფიქრობდა აბორტის აკრძალვაზე, რაზეც ალანიამ ზოგადი პასუხი გასცა და უპასუხა, რომ სტრასბურგის სასამართლო „ამას ქალის არჩევანის სასარგებლოდ წყვეტს ხოლმე“.
ზოიძის დამაზუსტებელ კითხვაზე, რა იყო მისი პირადი მოსაზრება აბორტზე, ალანიამ უპასუხა: „ჩემი პირადი აზრი ჩემს ცხოვრებაზე აისახება – სამი შვილის დედა ვარ“. ამ პასუხს ალანიას კრიტიკა მოჰყვა ქალთა უფლებების დამცველებისგან.
რამდენიმე საათში, შესვენების შემდეგ, ალანიას უკვე სხვა პარლამენტარმა, ვანო ზარდიაშვილმა ჰკითხა, აბორტთან დაკავშირებით თქვენი პოზიცია ვერ მოვისმინე და თუ შეგიძლიათ, უკეთ განმარტოთო, რაზეც ალანიამ უპასუხა:
„არჩევანი ქალის მხრიდან, გაკეთდეს აბორტი, ცხადია, ეკუთვნის მას. ვერცერთი სხვა სუბიექტი აბორტის გაკეთების მოთხოვნით ვერ მიმართავს სასამართლოს და, შესაბამისად, ეს უფლება, მე ვფიქრობ, არ უნდა შეეზღუდოთ ქალებს იმიტომ, რომ არჩევანი, იყოლიოს შვილი და შესაბამისად გაუძღვეს ამ ტვირთს, არის უშუალოდ ქალის გადასაწყვეტი“;
„ცხადია, როცა ხდება ოჯახის დაგეგმარება და ოჯახთან მიმართებით საუბარი, საჭიროა გავითვალისწინოთ გაეროს ქალთა უფლებების დაცვის კუთხით ყოველწლიური ანგარიშები, რომელიც მოიცავს ოჯახის დაგეგმარებას, საზოგადოების ინფორმირებას და ქალისა და ნაყოფის ჯანმრთელობას ზრუნვას, რომ განვითარდეს და მოხდეს ამ ყველაფრის სწორი, თანმიმდევრული მიყოლა სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ“, — თქვა ალანიამ.
„რაც შეეხება ქალის არჩევანს, როცა ქალი არის ფეხმძიმედ, [აბორტის გაკეთება] არის მისი გადასაწყვეტი როგორც უკვე ვთქვი, თუმცა არის კიდევ საკითხი, რომელიც უკავშირდება სუროგაციას და ემბრიონის უფლებას. ესეც ძალიან საინტერესო საკითხია, რომელზეც შეიძლება კიდევ ვიქონიოთ მსჯელობა“, — თქვა მან.
არასამთავრობო ორგანიზაციების და ოპოზიციური პარტიების პოლიტიკოსების, მიუთითებენ, რომ სასამართლო სისტემაში არსებობს „მოსამართლეთა კლანი“. კლანის ლიდერებში ისინი მოიაზრებენ მოსამართლეებს — მიხეილ ჩინჩალაძეს და ლევან მურუსიძეს, რომლებიც „კლანის“ არსებობს უარყოფენ.
რაც შეეხება პარლამენტარ ვანო ზარდიაშვილს — მას ოპოზიციონერები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ნაწილი „კლანთან“ დაახლოებულ ფიგურად ასახელებენ, თუმცა ისიც უარყოფს კლანის არსებობას; ამის მიუხედავად ის ადასტურებს, რომ რამდენიმე მოსამართლის, მათ შორის ჩინჩალაძის, მურუსიძის და გიორგი მიქაუტაძის, მეგობარია.