პრინტის საერთაშორისო ფესტივალი  . ფოტო: თიბისი ბანკი

პრინტის საერთაშორისო ფესტივალი LIFE – N – STYLE

კერამიკა, ტექსტილი, ჭურჭელი, მაისურები, ჩანთები  და ასანთის კოლოფები – განსხვავებულ მედიებში წარმოდგენილი პრინტის ნახვის საშუალება დამთვალიერებელს პრინტის საერთაშორისო ფესტივალზე მიეცა.

პრინტ ფესტივალი, თიბისი ბანკის მხარდაჭერით, 21 აგვისტოს ბათუმში, თიბისი გალერეაში გაიხსნა.

თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგის, ბეჭდვითი მედიის გასაცოცხლებლად განხორციელებულ პროექტში, ქართველი არტისტების გარდა, ავსტრიელი, აზერბაიჯანელი, ამერიკელი, გერმანელი, ესპანელი, თურქი და რუსი მხატვრები მონაწილეობდნენ.

ფესტივალის ფარგლებში მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა მასტერკლასები ხელით ბეჭდვაში და შეიქმნა უნიკალური, ორიგინალური პრინტები, რომლებიც გამოფენაზე იყო წარმოდგენილი.

პრინტის საერთაშორისო ფესტივალი . ფოტო: თიბისი ბანკი

პრინტის საერთაშორისო ფესტივალი. ფოტო: თიბისი ბანკი

ნანა ყირმელაშვილი, ფესტივალის დირექტორი:

„ეს დარგი (სერიგრაფია, ოფორტი, შოლკოგრაფია, ლითოგრაფია, გრავიურა) მივიწყებულია, არავის აღარ აინტერესებს. ხელით ბეჭდვა დღეს ჩაანაცვლა ციფრულმა ტექნოლოგიებმა – ადვილია, გადაიღო ფოტო და გადაიტანო ნებისმიერ მასალაზე, ან აიღო რეპროდუქცია და  სახლში დაიკიდო რემბრანდტი. ჩვენ გვინდა, გავაცოცხლოთ ხელით ბეჭდვა, რომელიც უნიკალური ტექნოლოგიაა და ციფრული პრინტისგან განსხვავებით, სრულიად სხვა ღირებულება აქვს. ხელით ბეჭდვაში თვითონ არტისტია ჩართული და მისი ყოველი ნამუშვარი ორიგინალია. ცნობილ ქართველ მხატვრებთან მუშაობით დავიწყეთ ამ დარგის აქტუალიზება. დამატებით, ფოტოგრაფებსაც მივეცით საშუალება, რომ თავიანთი თავი პრინტში გამოევლინათ.

პროექტს ბევრი მხარდამჭერი ჰყავს, მათ შორისაა თიბისი ბანკი, რომელსაც მადლობა ეთქმის, რადგან ამ დარგის პოპულარიზება ნამდვილად საჭირო და სასარგებლოა, როგორც მხატვრებისთვის, ისე თვითონ არტის განვითარებისთვის და მისი ყოველდღიურობაში შეტანისთვის. პროექტში ჩართვით მხატვრებს შეუძლიათ შემოსავალი მიიღონ.  ძალიან მომგებიანი შეიძლება გახდეს ეს დარგი“.

პრინტ ფესტივალს რამდენიმე მხარდამჭერი ჰყავს: „თიბისი ბანკი“, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა, წიგნის ხელოვნების ცენტრი და სხვა.

პრინტის საერთაშორისო ფესტივალი . ფოტო: თიბისი ბანკი

პრინტის საერთაშორისო ფესტივალი . ფოტო: თიბისი ბანკი

ნინა ახვლედიანი, თიბისი ბანკის არტ კურატორი:

„მეორე წელია ვთანამშრომლობთ ფესტივალთან. შარშან იმდენად წარმატებული და კარგი ფესტივალი შედგა, რომ გადავწყვიტეთ წელსაც დაგვეჭირა მათთვის მხარი. ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ვცდილობთ, ისეთ პროექტებში ჩავერთოთ, სადაც საგანმანათლებლო მხარეა გათვალისწინებული. პრინტფესტივალი მოიაზრებდა ვორქშოფებს, რომლებიც ჩატარდა შოლკოგრაფიასა და ბეჭდვითი მედიის სხვადასხვა მიმართულებებში. ამ ვორქშოფებში ახალგაზრდა არტისტები იღებდნენ მონაწილეობას და ჩვენ სწორედ მათ  ხელშეწყობა-განვითარებაზე ვზრუნავთ.  ახალგაზრდებს უწევთ უფროს თაობასთან, უკვე ჩამოყალიბებულ, შემდგარ არტისტებთან ურთიერთობა. ეს მათთვის ძალიან კარგი გამოცდილებაა.

კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც გვაინტერესებს ეს ფესტივალი არის ის, რომ მასშტაბურ სახეს იძენს, სცდება დედაქალაქს და გამოფენები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოგზაურობს. ასეთი პროექტები ვიზუალურ ხელოვნებაში იშვიათია საქართველოში.

მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგია ძველია და პოპულარულია უცხოეთში, საქართველოში ხელით ბეჭდვის შესაძლებლობა არტისტებს არ ჰქონდათ. იმედი გვაქვს, რომ ფესტივალი პერმანენტულ ხასიათს მიიღებს და მომავალში არტისტებს ექნებათ თავისი სტუდია და დანადგარი იმისთვის, რომ მუდმივად შეძლონ ამ ტექნოლოგიის გამოყენება. ხელით ბეჭდვა იმის შესაძლებლობას იძლევა, რომ ნამუშევრის ტირაჟირება მოხდეს. შესაბამისად, ეს ნამუშევრები ბევრი ადამიანისთვის ხელმისაწვდომი გახდება, უფრო ნაკლებ ფასად გაიყიდება. ჩვენ სურვილია, უფრო მეტ ხალხს  ჰქონდეს  შეხება ხელოვნებასთან.“

პრინტის საერთაშორისო ფესტივალი . ფოტო: თიბისი ბანკი

პრინტის საერთაშორისო ფესტივალი. ფოტო: თიბისი ბანკი

პრინტ ფესტივალი  მხატვრებისთვის მნიშვნელოვანი და სტიმულის მიმცემი აღმოჩნდა.

ვახო ბუღაძე, მხატვარი:

„პრინტ ფესტივალზე ერთი ნამუშევარი მაქვს წარმოდგენილი. ორი მიზეზის გამო იყო ეს პროექტი ჩემთვის საინტერესო – პირველი, აქამდე არასდროს გამიკეთებია შოლკოგრაფია  და მეორე, ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი იღებდა მონაწილეობას, მინდოდა, მათთან ერთად მეც მეცადა. ძალიან კარგია, როცა ბევრი მხატვარი იკრიბება ერთად. ასეთი ფესტივალები ხშირად უნდა ჩატარდეს“

პრინტის საერთაშორისო ფესტივალი . ფოტო: თიბისი ბანკი

პრინტის საერთაშორისო ფესტივალი. ფოტო: თიბისი ბანკი

ოლეგ ტიმჩენკო, მხატვარი:

„პრინტ ფესტივალში მეორედ ვიღებ მონაწილეობას. 90-იან წლებში ტილოზე, ზეთში შესრულებული ძველი ნამუშევარი გადავიტანე ახალ მასალაში და გამოვიტანე ფესტივალზე. შოლკოგრაფია უფრო რთულია, ვიდრე ჩვეულებრივი პრინტი. იმიტომაა ის უფრო ფასეული, რომ მხატვარი ხელით აკეთებს ყველაფერს და მერე იბეჭდება სხვადასხვა მასალაში. ბეჭდვის დროს, არ იცი, რა გამოვა. პრინტში რომ აკეთებ, წინასწარ,  კომპიუტერში ხედავ და იცი, რა გამოვა.  შოლკოგრაფიის შემთხვევაში, სტამბაში ბეჭდავ, არ იცი ფერები ერთმანეთს როგორ დაედება. შეიძლება უკეთესიც გამოვიდეს, ვიდრე ჩაფიქრებული გქონდა. ეს უფრო ცოცხალი პროცესია და საინტერესო“.

პრინტის საერთაშორისო ფესტივალი  . ფოტო: თიბისი ბანკი

პრინტის საერთაშორისო ფესტივალი . ფოტო: თიბისი ბანკი

მარი  ათანელი, ფოტოგრაფი

„ჩემთვის დიდი პატივია ამ ფესტივალში მონაწილეობა იმიტომ, რომ თუკი ვინმე ცნობილი მხატვარია მთელს მსოფლიოში, ყველა მონაწილეობს. ჩვენთვის, ფოტოგრაფებისთვის უფრო მარტივია ნამუშევრის შესრულება. იმიტომ რომ ჩვენ ფირი მოგვაქვს, რომელიც გადადის აბრეშუმის ჩარჩოზე, იქ ესხმება საღებავი და იბეჭდება. მხატვრებისთვის შედარებით რთულია, ხელით ხატავენ მასალაზე. საოცარი პროცესია. ახალი ცოცხალი ორგანიზმი იბადება.  ძალიან დიდი სიამოვნება მომანიჭა ამ პროცესმა. ყველას ვუზიარებ ჩემს გამოცდილებას და ვურჩევ, რომ  მიიღონ მონაწილეობა პროექტში“.

პრინტ ფესტივალი  ბათუმის გარდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში – მესტიაში, თელავსა და ოზურგეთში იმოგზაურებს. სექტემბერში კი დასკვნითი გამოფენა თბილისში გაიმართება.

პრინტის საერთაშორისო ფესტივალი . ფოტო: თიბისი ბანკი

პრინტის საერთაშორისო ფესტივალი. ფოტო: თიბისი ბანკი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი