ახალი ამბები

ვოლსკი: ხანძრების სერია ცხინვალის რეგიონში “ანტისახანძრო ხნულების” გავლების შემდეგ დაიწყო

24 აგვისტო, 2017 • 3500
ვოლსკი: ხანძრების სერია ცხინვალის რეგიონში “ანტისახანძრო ხნულების” გავლების შემდეგ დაიწყო

პარლამენტარი, უმრავლესობის წევრყ გიორგი ვოლსკი თვლის, რომ ბოლო დროს გახშირებული ხანძრების გამომწვევ მიზეზად დივერსიის მიჩნევა უსაფუძვლო არაა.

“ხანძრების სერია დაიწყო საოკუპაციო ხაზის გაყოლებაზე ეგრეთ წოდებული “ანტისახანძრო ხნულების” გავლების შემდეგ… ნაჩქარევი დასკვნები არაა მიზანშეწონილი, თუმცა დივერსიის რეალობაზე ფიქრის და შესაბამისი მოქმედებების საფუძველი რეალურად არსებობს! ასეთ დროს საზოგადოების ყურადღებაც მნიშვნელოვანია. ძალები საკმარისია, ყველაფერი კარგად იქნება!”, – წერს იგი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.


  • 23 აგვისტოს, სამოქალაქო აქტივისტმა აკა სინჯიკაშვილმა განაცხადა, რომ ბორჯომის ხეობაში, იმ ტერიტორიასთან, სადაც ხანძარია, ბენზინით სავსე ბიდონი იპოვეს.
  • მეხუთე დღეა, ბორჯომის ხეობაში ხანძარს ებრძვიან. ხანძარი სოფელ დაბასთან, 2008 წლის ომის დროს დამწვარ ტერიტორიასთან 20 აგვისტოს, შუადღისას გაჩნდა. 21 აგვისტოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ განაცხადა, რომ მოხერხდა ხანძრის ლოკალიზება, რომელიც იმ დროისთვის 5 ჰექტარ ტერიტორიაზე იყო მოდებული.21 აგვისტოსვე საქართველოში შემოვიდა აზერბაიჯანული მხარის მიერ გამოგზავნილი ვერტმფრენი. საღამოს ძლიერი ქარის გამო ხანძარი გაძლიერდა და კერები მომრავლდა, ღამით კი ვერტმფრენები ცუდი ხილვადობისა და ქარის გამო მუშაობას ვერ ახერხებდნენ.22 აგვისტოს დილით უკვე 12 ჰექტარზე მეტი ფართობი იყო დამწვარი. 23 აგვისტოს ხანძარს ებრძვიან მეხანძრე-მაშველები, ტექნიკა და ვერტმფრენები. ორი ქართული ვერტმფრნის გარდა, ოპერაციაში მონაწილეობენ აზერბაიჯანის, თურქეთის და ბელორუსის ვერტმფრენები. სომხეთი კი ქართველ მაშველებს ტექნიკით ეხმარება.
  • გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, ფშავ-ხევსურეთის დაცულ ტერიტორიაზე, ანდაქის ხეობაში ხანძარი გაჩნდა.
  • წეროვანში, ავტობანის მიმდებარე ტერიტორიაზე, მინდორზე ცეცხლი გაჩნდა.
  • საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, დუშეთში მეორე დღეა აქრობენ ხანძარს, რომელიც 22 აგვისტოს გაჩნდა ტყის მასივში.
  • გორში, ატენის ხეობაში, მთის ფერდობზე არსებულ წიწვოვან ტყეში 22 აგვისტოს ხანძარი გაჩნდა.
  • გლდანში შემოვლით გზაზე, ხევში გაჩნდა ხანძარი. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განაცხადეს, რომ ცეცხლი ბალახს გაუჩნდა.
  • ხანძარი იყო ლაგოდეხშიც, სადაც   ნახევარი ჰექტარი ბალახი დაიწვა.
  • ხანძარი იყო თიანეთში, სადაც დაიწვა  ბალახის საფარი. დამწვარი ტერიტორიის ფართობი დაახლოებით 1 ჰექტარს მოიცავს .

მასალების გადაბეჭდვის წესი