ახალი ამბები

7 პარტიის პასუხი “ქართული ოცნების” შესაძლო შეთავაზებაზე უბარიერო სისტემის შესახებ

15 აგვისტო, 2017 • 2174
7 პარტიის პასუხი “ქართული ოცნების” შესაძლო შეთავაზებაზე უბარიერო სისტემის შესახებ

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები 2020 წლის არჩევნებზე ბარიერის გაუქმების შესაძლო შეთავაზებას ნეგატიურად აფასებენ. ამ საკითხზე “ნეტგაზეთი” 7 პოლიტიკურ პარტიას დაუკავშირდა, რომელთაგანაც ყველა აღნიშნავს, რომ მსგავსი შეთავაზება შერეული საარჩვნო სისტემის შენარჩუნების პირობებში უშედეგო იქნება და საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.

როგორც საპარლამენტო უმცირესობის წევრი, ხათუნა გოგორიშვილი აღნიშნავს, მსგავსი შეთავაზება მმართველმა პარტიამ შესაძლოა მაჟორიტარული სისტემის შესანარჩუნებლად გააკეთოს:

“ხელისუფლებისთვის  იმდენად მნიშვნელოვანია მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნება, რომ ისინი სხვადასხვა აბსურდულ შეთავაზებებს იგონებენ, რომ როგორმე შეინარჩუნონ მაჟორიტარული სისტემა.  მთავარი ჩვენი მოთხოვნა, რომელიც არაერთხელ იქნა გაჟღერებული “ევროპული საქართველოს” წარმომადგენლების მხრიდან, არის იმ დანაპირების შესრულება, რასაც ჰქვია პროპორციულ სისტემაზე გადასვლა. ეს ამჯერად არის მორიგი თვალში ნაცრის შეყრა. განსაკუთრებით  მას შემდეგ, რაც ვენეციის კომისია და საერთაშორისო საზოგადოება კრიტიკულად აფასებს საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესს, ამიტომ ქართული ოცნება იძულებულია მოიგონოს ახალ-ახალი არარეალისტური და უშედეგო შეთავაზებები. ეს ხდება იმისთვის, რომ ვენეციის კომისიას თავი მოაწონონ და მაჟორიტარული სისტემა შეინარჩუნონ” – ამბობს გოგორიშვილი.

ამ საკითხზე მსგავსი პოზიციაა “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაშიც”. როგორც თინა ბოკუჩავა ამბობს, ბარიერის გაუქმება ხელს ვერ შეუწყობს პატარა პარტიების განვითარებას და ვერც პლურალისტურ გარმოს შექმნის საკანონმდებლო ორგანოში:

“ბარიერის გაუქმება გამოიწვევს ძალიან ჭრელ პარლამენტს და დაგვაბრუნებს რეალურად შევარნაძის დროინდელ პარლამენტში, რაც თავისთავად კიდევ უფრო გააუცხოებს ხალხს პოლიტიკოსებისგან და პოლიტიკური პროცესისგან, ერთი მხრივ,  მეორე მხრივ კი, ბიძინა ივანიშვილს მისცემს შესაზლებლობას კიდევ უფრო მარტივად მოისყიდოს  ცალკეული პოლიტიკოსები და მართოს ისინი საკუთარი ინტერესებიდან გმაომდინარე. ასე რომ,  ეს ძალიან დამაზიანებელი ნაბიჯი იქნება. ჩვენ თუ გვინდა  ხელი სვუწყოთ პატარა პარტიებს, პოლიტიკურ პროცესებში მიიღონ მონაწილეობა, ამისთვის უნდა შევინარჩუნოთ კოალიციების შექმნის შესაძლებლობა, რაც  ერთი მხრივ, პარტიული განვითარების შესაძლებლობას იძლევა, მეორე მხრივ კი, მრავალპარტიულ წარმომადგენლობითობას უზრუნველყოფს პარლამენტში. ეს არის უბრალოდ მცდელობა ხელისუფლების  მხრიდან, რომ სატყუარას სახით გადმოაგდოს” – ამბობს თინათინ ბოკუჩავა.

თუ მმართველი პარტია ოპოზიციას 2020 წლის არჩევნებისთვის ბარიერის გაუქმებას შესთავაზებს, ამას არც “პატრიოტთა ალიანსი” დასთანხმდება. როგორც გოჩა თევდორაძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, შეთავაზება ერთგვარი სატყარა იქნება ისეთი პარტიებისთვის, რომელთა რეიტინგიც დაბალია, რათა შემდგომ, ვენეციის კომისიის წინაშე მმართველმა პარტიამ განაცხადოს, რომ კონსტიტუციური ცვლილებები კონსენსუსის საფუძველზე მიიღო:

“ეს არის პარტიებისთვის, თან ისეთი პარტიებისთვის, რომლებსაც ერთპროცენტიანი რეიტინგი აქვს, გადაგდებული სატყუარა. არ შეიძლება ამას დაეთანხმოს რომელიმე  ოპოზიციური ძალა როგორც საპარლამენტო, ასევე, არასაპარლამენტო. უმთავრესი არის საარჩევნო სისტემის შეცვლა.  დაუყოვნებლივ უნდა შეიცვალოს  საარჩევნო სისტემა და დაუყოვნებლივ გადავიდეს პროპორციულზე. ეს შეთავაზება გამიზნულია იქით, რომ ეს სატყუარა ოცნებამ ააკენკინოს იმ ორ-სამ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც არანაირი რეიტინგი არ აქვს, და შემდგომ წარმოაჩინოს ვენეციის კომისიის, ევროპული სტურქუტრების თუ ქართული საზოგადოებისათვის თითქოს მიიღო ისეთი კონსტიტუცია, რომელსაც კონსენსუსის შედეგად მიღბულს დაარქმევს” – ამბობს თევდორაძე. “პატრიოტთა ალიანსის” წევრის თქმით, მმართველ პარტიასთან დიალოგი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ “ქართული ოცნება” კომპრომისზე წამოვა და 2020 წლისთვის მაჟორიტარულ სისტემას გააუქმებს.

 

 

შერეული საარჩევნო სისტემის პირობებში ბარიერის გაუქმებას მხარს არ დაუჭერს არც არასაპარლამენტო ოპოზიცია. როგორც “რსეპუბლიკური პარტიის” წევრი, თამარ კორძაია ამბობს, არსებობს ქვეყნები, სადაც არჩევნები ბარიერის გარეშე იმართება, თუმცა იქაც სისტემა სრულად პროპორციულია:

ისრაელში არის ერთპროცენტიანი ბარიერი, თუმცა იქ არის სრულიად პროპორციული სისტემა, ჰოლანდიაში საერთოდ არ არის ბარიერი, თუმცა იქაც არის სრულად პროპორციული სისტემა.  შერეული სისტემის პირობებში ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმიტომ, რომ შეიძლება წარმოვიდგინოთ თეორიულად, 5 პარტიით თითო ადამიანი შევიდეს პარლამენტში. ეს მოგვიტანს შედეგად რას – 73 მაჟორიტარი პრაქტიკულად იქნება ისევ მათი, რაღაც პროცენტს აიღებენ ისევ და ბოლოს თით- თითო პარტიიდან, როგორც ჰყავთ ახლა კონსერვატორებიდან , სოციალ-დემოკრატებიდან თავიანთი მხარდამჭერები და ხმის მიმცემები პარლამენტში ასე ეყოლებათ” – ამბობს კორძაია. 

ბარიერის გაუქმება მიუღებელია “ლეიბორისტული პარტიისთვის”. როგორც გიორგი გუგავა მიიჩნევს, პარლამენტში ისეთ პარტიებს უნდა ჰყავდეთ წარმომადგენლები, რომლებსაც საზოგადოების მინიმალური მხარდაჭერა მაინც ექნებათ. თუმცა მანდატები სამართლიანად, პროპორციული წესით უნდა ნაწილდებოდეს. ბარიერის გაუქმება კი, გუგავას თქმით, ქვეყანას 90-იან წლებში დააბრუნებს და ისედაც მყიფე პოლიტიკურ სისტემას ჩამოშლის:

“ჩვენ დავბრუნდებით 90-იან წლებში, როდესაც ნახევარკაციანი თუ ერთკაციანი პარტიებით გაივსება პარლამენტი. სამაგიეროდ, მაჟორიტარებით  მოიპოვებს ხელისუფლება უმრავლესობას და ეს ე.წ. პარტიის წარმომადგენლებისთვის ქნება კარგი სავაჭრო. იყიდის, შეივსებს, გაზრდის თავის მხარდამჭერებს. ამ მყიფე პოლიტიკურ სისტემას, რომელიც ქვეყანაშია, მთლიანად ჩამოშლის და ეს იქნება რეალურად ბაზარი და არა პარლამენტი” – ამბობს გუგავა. 

თუ მმართველი პარტია მსგავს შეთავაზებას გაახმიანებს, “თავისუფალი დემოკრატების” წევრის, ლევან სამუშიას თქმით, იმით იქნება განპირობებული, რომ “ქართული ოცნება” კონსტიტუციურ  ჩიხშია შესული და იმიტირებული კონსენსუსით შეეცდება ამ მდგომარეობიდან გამოსვლას:

“შეიძლება ითქვას, რომ ქართული ოცნება კონსტიტუციურ ჩიხში იმყოფება და ეძებს გმაოსავალს. ვინაიდან “ქართული” ოცნება იღებს ერთპარტიულ დოკუმენტს, მას სასიცოცხლოდ სჭირდება კონსენსუსის იმიტირება და ცდილობს ამით რომელიმე პარტია წაახალისოს იმით, რომ  მათ შეიძლება ერთი ან ორი ადგილი შეხვდეთ პარლამენტში და აქედან გამომდინარე, ამ კონსენსუსის იმიტირებაში დაითანხმონ. ეს ერთი მხრივ, შექმნის წარმოდგენას, რომ არის პლურაილისტური გარემო პარლამენტი და მეორე მხრივ, მაინც იქნება ერთპარტიული პარლამენტი. ჩვენ ამას არ ვეთანხმებით” – ამბობს ლევან სამუშია.

სატყუარად აფასებენ ამ შეთავაზებას “ახალ საქართველოშიც”. გიორგი ვაშაძის თქმით, არჩევნებისთვის 3%-იანი ბარიერი სავსებით ნორმალურია. პატარა პარტიები კი მეტი კონსოლიდაციისა და გაერთიანებებისკენ უნდა ისწრაფვოდნენ:

“უბარიერო სისტემა ცალკე ამოგლეჯილად არ განიხილება და ყველაფერი კონტექსტში უნდა განვიხილოთ. გუშინ გვიანობამდე ვიმსჯელეთ და შევჯერდით, რომ 3%-იანი ბარიერი შემდეგი არჩვენებისთვის სავსებით ნორმალურია. საერთოდ, უნდა ვისწრაფვოდეთ მეტი კონსოლიდაციისა და გაერთიანებისკენ. აზრს მოკელბულია ამაზე მსჯელობა, როცა არის სხვა ძალიან მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული საკითხები, მათ შორის პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის წესი და ა.შ. ეს არის შემოგდებული სატყუარა, რომ ოპოზიციური ერთობა როგორმე დაშალონ” – ამბობს გიორგი ვაშაძე.


დღეს მმართველი პარტიის წევრები შიდა კონსულტაციებს გამართავენ. როგორც “ნეტგაზეთს” “ქართული ოცნების” დეპუტატმა, კახაბერ ოქრიაშვილმა დაუდასტურა, შეხვედრა პარლამენტში, უმრავლესობის ფორმატში გაიმართება და განსახილველ თემებს შორის საარჩევნო სისტემაც იქნება.

 

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ “ქართული ოცნება” გეგმავს, 2020 წლის არჩევნებზე ოპოზიციას ბარიერის მოხსნა შესთავაზოს, გუშინ “ინტერპრესნიუსმა” გაავრცელა. როგორც სააგენტო წყაროზე დაყრდნობით იუწყება, ოპოზიციასთან შეთანხმების შემთხვევაში, “ქართულმა ოცნებამ“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, შესაძლოა, ერთჯერადად დაუშვას უბარიერო არჩევნები.

“ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, მმართველ გუნდში განიხილება მომავალი არჩევნების კვლავ შერეული საარჩევნო სისტემით, თუმცა ე.წ. ბუნებრივი ბარიერით ჩატარების საკითხი.

მასალების გადაბეჭდვის წესი