ახალი ამბები

თბილისში ნარკორეალიზაციის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავეს

15 აგვისტო, 2017 • 1994
თბილისში ნარკორეალიზაციის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავეს

ცოტა ხნის წინ დიღმის გზაზე, თბილისის გასასვლელთან, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მორიგი სპეცოპერაცია ჩაატარა. რუსთავი 2–ის ინფორმაციით, სამართალდამცველებს ორი ავტომობილი ერთი საათის განმავლობაში ჰყავდათ გაჩერებული, ხოლო ერთ–ერთში სამი ბავშვი იმყოფებოდა.

საბოლოოდ, პოლიციამ ერთი პირი ნარკორეალიზების ბრალდებით დააკავა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიცხადეს, რომ დამატებით დეტალებზე ჯერჯერობით ვერ გვიპასუხებდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

12 აგვისტოს ფონიჭალაში პოლიციამ ორი ძმა 260 მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილის მიხედვით დააკავა, რაც გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენას, შენახვასა და გასაღებას. 14 აგვისტოს, ამავე მუხლის მიხედვით, კიდევ ერთი პირი დააკავეს, თუმცა უცნობია, უკავშირდება თუ არა ეს სპეცოპერაცია ორი დღის წინ დაკავებული ძმების საქმეს. 15 აგვისტოს, ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, რუსთავშიც დააკავეს ერთი პირი, რომელსაც ბრალად ედება 294 შეკვრა “ბიოს” შეძენა-შენახვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი