ახალი ამბები

სტუდენტი ნიგერიიდან ამბობს, რომ თბილისში რასისტული თავდასხმის მსხვერპლი გახდა

31 ივლისი, 2017 • 6508
სტუდენტი ნიგერიიდან ამბობს, რომ თბილისში რასისტული თავდასხმის მსხვერპლი გახდა

სტუდენტი ნიგერიიდან ნიკოლას ჰასანი ამბობს, რომ თბილისის ცენტრში რასისტულ ნიადაგზე სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმის მსხვერპლი გახდა.

ნიკოლას ჰასანი, რომელიც საქართველოში სწავლობს და მუშაობს, ნეტგაზეთთან საუბარში აცხადებს, რომ მას კოლმეურნეობის მოედნისა და პუშკინის ქუჩის მიმდებარე ტერიტორაზე 3 პირი აეკიდა და შეურაცხყოფა მიაყენა.

“პირველი, რაც მითხრეს, არის ის, რომ ისინი იყვნენ ნაცისტები და სკინჰედები… ნიგერს მეძახდნენ”, – ამბობს ნიკოლას ჰასანი.

ის ნეტგაზეთთან აცხადებს, რომ მათ მიმართვებს ყურადღებას არ აქცევდა და გზას აგრძელებდა.

“მიყვიროდნენ, ნიგერ, შეჩერდი. ერთმა უკნიდან მომქაჩა, მომატრიალა და მითხრა, შენ ხარ შავი და აქ არ უნდა იყო. დედა შემაგინა. მე გავბრაზდი, მაგრამ არც ერთისთვის დამირტყამს… არც რაიმე შეურაცხმყოფელი სიტყვა მითქვამს. მე ვუთხარი, რატომ მეუბნებით ასეთ სიტყვებს? არც ერთს გიცნობთ. დედაჩემს შეურაცხყოფა არ მიაყენოთ – მეთქი. გზის გაგრძელება მინდოდა, თუმცა, როდესაც მოვტრიალიდი, ერთ-ერთმა კვლავ ჩამავლო ხელი და სახეში დამარტყა”, – ამბობს ჰასანი

ამის შემდეგ, ნიკოლას ჰასანის თქმით, ადგილზე მის დასახმარებლად მივიდა მისი რამდენიმე ნაცნობი (ჰასანი ბარმენად მუშაობს ერთ-ერთ ბარში), რომლებიც ინციდენტს შეესწრნენ.

“კიდევ ერთხელ დავრეკე პოლიციაში. როდესაც ამედევნენ, პირველად მაშინ დავურეკე პოლიციას, თუმცა არავინ გამოჩენილა”.

ჰასანის თქმით, მეორედ გამოძახებისას პოლიცია ადგილზე გამოცხადდა და გაქცეული თავდამსხმელები მოაბრუნა. ამასთან, მას სამედიცინო დახმარება შესთავაზა, რაზეც უარი უთხრა.

“მე სამედიცინოს სტუდენტი ვარ და ვუთხარი, რომ თვითონ დავიდებდი სახეზე ყინულს. ერთადერთი, რაც პოლიციისაგან მინდოდა, იყო ის, რომ თავის საქმე გაეკეთებინა. ამის შემდეგ გადამიყვანეს პოლიციის განყოფილებაში და მითხრეს, რომ განცხადება დამეწერა. ის ბიჭები გაუშვეს, მე კი გრიშაშვილის ქუჩაზე მდებარე განყოფილებაში 2 საათი მომიწია გაჩერება. პოლიციაში მითხრეს, რომ თარჯიმანი მოსვლას ვერ ახერხებდა, ამიტომ სახლში უნდა წავსულიყავი და იმავე დღეს დამირეკავდნენ”, – ამბობს ჰასანი და დასძენს, რომ მისთვის არ დაურეკავთ, ამიტომ მომდევნო დღეს თვითონ მივიდა მეგობართან ერთად.

“პოლიციაში მითხრეს, რომ მათ ვერ დააკავებდნენ, რადგან ვიზუალურად არ გამაჩნდა ფიზიკური დაზიანება. ვერ ვხვდები, ალბათ მთელ სახეზე სისხლს ელოდებოდნენ. წინა დღით როდესაც პოლიციაში ვიყავი, მეუბნებოდნენ, აპატიე, დაივიწყეო, მე მხოლოდ სამართალი მინდოდა”.

ჰასანი ამბობს, რომ პოლიციაში განცხადება დაწერა, თუმცა უთხრეს, რომ ამ ყველაფერს სამართლებრივი დევნა არ მოჰყვებოდა.

განსხვავებულ ინფორმაციას გვაწვდის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრი, სადაც ამბობენ, რომ “ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შეურაცხყოფას ყოფით ნიადაგზე”.

“პოლიციამ ეს მოიკვლია, შემდგარია გამოკითხვის ოქმები. ადგილზე, როგორც გაირკვა, აღარ ჰქონდათ ერთმანეთთან პრეტენზია, ანუ არ იკვეთებოდა რასისტული თავდასხმა. ორივე მხარე ადასტურებს, რომ მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფა იყო ყოფით ნიადაგზე”, – აცხადებენ პოლიციაში.

შსს-ს პრესცენტრში ადასტურებენ, რომ ჰასანი მომხდარიდან მეორე დღესაც გამოკითხეს, თუმცა, საკუთარი ინიციატივით. ჰასანი კი ამბობს, რომ ის მეგობართან ერთად პოლიციაში თვითონ მივიდა, რადგან მას დაპირებისამებრ აღარ დაურეკეს. ნეტგაზეთთან საუბარში იმავეს ამბობს ჰასანის ერთი მეგობარი, რომელიც როგორც თვითონ აცხადებს, ინციდენტსაც შეესწრო. ჰასანის მეგობარი ამბობს, რომ ზემოხსენებული ბიჭები სტუდენტს პოლიციის თვალწინაც ეძახდნენ დამამცირებელ სიტყვებს: ზანგს, ნიგერს. “ეს სიტყვები რატომაა შეურაცხმყოფელიო, დასცინოდნენ”.

“მეორე დღეს უცხო ქვეყნის მოქალაქე ისევ დაიბარეს განყოფილებაში, ხელმოერედ გამოკითხეს და მას  არ დაუფიქსირებია პრეტენზია. შესაბამისად, გამოძიება არ დაწყებულა”, – ამბობენ შსს-ს პრესცენტრში.

ჩვენ მათ ვთხოვეთ დაეკონკრეტებინათ, რა იგულისხმება “ყოფით ნიადაგზე სიტყვიერ შეურაცხყოფაში”, “შელაპარაკდნენ რაღაც თემაზე”, – მივიღეთ პასუხად.

მასალების გადაბეჭდვის წესი