ახალი ამბები

საპარლამენტო უმრავლესობა VS პრეზიდენტის ადმინისტრაცია

28 ივლისი, 2017 • 2137
საპარლამენტო უმრავლესობა VS პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საპარლამენტო უმრავლესობა განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ რიგგარეშე სესიაზე და სესიის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ თავისი გამონათქვამებით “უხეშად დაარღვია ეთიკის და კონსტიტუციურ ინსტიტუტებს შორის ურთიერთობის ნორმები”. უმრავლესობა მოუწოდებს პრეზიდენტს, რომ “მიიღოს ზომები, რათა შეწყდეს პრეზიდენტის წარმომადგენელთა მხრიდან საქართველოს პარლამენტისადმი უპატივცემულო დამოკიდებულების გამოვლენა.” პრეზიდენტი კი აცხადებს, რომ მას ეამაყება დოლიძესთან ერთად ქვეყნის სამსახურში ყოფნა.

“ამ ფონზე ჩვენთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელია საქართველოს პრეზიდენტის რეაქცია, რომელმაც ძირითადი კონსტიტუციური ორგანოს – საქართველოს პარლამენტის შეურაცხყოფაზე არათუ ადეკვატური რეაგირება მოახდინა, არამედ, პირიქით, სესიის მეორე დღეს თავისი წარმომადგენლის დაცვა სცადა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეები არღვევენ საქართველოს პარლამენტთან ურთიერთობის ნორმებს და შეურაცხყოფას აყენებენ ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტარებს, რაც ცხადყოფს, რომ პროცესი არის წახალისებული და მართული საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან. ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ეთიკის ნორმებს არღვევს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურე და ამას არ მოჰყვება სათანადო რეაგირება პრეზიდენტის მხრიდან – ეს არის თანაბრად პრეზიდენტის დამოკიდებულებაც პარლამენტის მიმართ,” – ნათქვამია უმრავლესობის განცხადებაში.

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ ანა დოლიძე მედროვე ადამიანი არ არის, ალბათ ამიტომ გახდა უმრავლესობის “სამიზნე”. თავის მხრივ მარგველაშვილი მოუწოდებს პარლამენტს, დაუბრუნდეს “კანონშემოქმედებით საქმიანობას, დეპუტატები კი კონცენტრირდნენ ქვეყანაში არსებულ რეალურ პრობლემებზე”:

“ბევრისაგან განსხვავებით, ქვეყანაში მძიმე ვითარების დროს ანა არასოდეს გაჩუმებულა, არ შეშინებია პრინციპული პოზიციის დაფიქსირება. ხშირად მარტოც კი, მაშინ, როდესაც სულ რამდენიმე ადამიანი აპროტესტებდა გირგვლიანის მკვლელობას, როცა ვერავინ ბედავდა ხმის ამოღებას, ანა იცავდა უსამართლობის მსხვერპლ ოჯახებს.
ალბათ ამიტომაც გახდა ანა დოლიძე შეურაცხყოფის სამიზნე “ქართული ოცნების” ზოგიერთი წარმომადგენლისთვის. ალბათ ამ პრინციპულობის გამო უშლიან მას ხელს კონსტიტუციური მოვალეობის შესრულებაში. ალბათ ამიტომ არის მიუღებელი არა მარტო საპარლამენტო მდივნის თანამდებობაზე, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად.

თავს მოვალედ მივიჩნევ, კიდევ ერთხელ შევახსენო საზოგადოებას, რომ სწორედ ანა დოლიძისნაირი უშიშარი, პრინციპული, პროფესიონალი და კვალიფიციური ადამიანები ქმნიან ქვეყნის მომავალს და არა ის პიროვნებები, რომლებიც ერგებიან ნებისმიერ მთავრობას, რთულ ვითარებებში კი, საკუთარი სიჩუმის გადაფარვას აგრესიით და თავდასხმებით ცდილობენ.
ასეთ ვითარებაში, როდესაც ქვეყანაში უამრავი საჭირბოროტო საკითხია გადასაჭრელი, გამოგონილი დაპირისპირებების შექმნა, ხალხისთვის მნიშვნელოვანი დღის წესრიგიდან გაქცევა ახალი არ არის,” – აცხადებს პრეზიდენტი.


პარლამენტში პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვის შემდეგ, შემაჯამებელი სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ პარლამენტის თავმჯდომარე გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მისი გამოსვლა სავსე იყო დაუმსახურებელი კრიტიკით, რამაც ირაკლი კობახიძის გაღიზიანება გამოიწვია. მან დოლიძეს სიტყვა გააწყვეტინა და განაცხადა, რომ პრეზიდენტის საპარლამენტი მდივანმა, როგორც საჯარო მოსამსახურემ, პოლიტიკოსებზე არ უნდა ისაუბროს. ნახეთ ვიდეო.

მასალების გადაბეჭდვის წესი