ახალი ამბები

ბეჟაშვილი: მოქალაქეობის ჩამორთმევა სავარაუდოდ პოროშენკოს საქართველოში ვიზიტისას განიხილეს

26 ივლისი, 2017 • 1918
ბეჟაშვილი: მოქალაქეობის ჩამორთმევა სავარაუდოდ პოროშენკოს საქართველოში ვიზიტისას განიხილეს

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევა, სავარაუდოდ, პოროშენკოს საქართველოში ვიზიტის დროს განიხილეს.

“არსებობდა ინფორმაცია, რომ  პრეზიდენტის ადმინისტრაცია უკრაინაში იხილავდა მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხს და ეს საკითხი განიხილებოდა, როგორც მთავარი პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთ ფორმად. სავარაუდოდ, დადასტურებულია ინფორმაცია, რომ უკრაინის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის დროს ეს საკითხი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო და განიხილებოდა საქართველოს ხელისუფლებასთან. უნდა ითქვას, რომ ეს ბრძოლა არის ოლიგარქების ბრძოლა იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც პოსტსაბჭოთა სივრცეში იბრძვიან თავისუფლებისათვის, დემოკრატიისათვის და კორუფციის წინააღმდეგ”,- განაცხადა ბეჟაშვილმა.

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო სახელმწიფო ვიზიტით საქართველოს 17 ივლისს ესტუმრა.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სააკაშვილმა უკრიანის მოქალაქეობა დაკარგა, დღეს უკრაინელმა პარლამენტარმა და ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა. პორტალმა obozrevatel.com-მა დაწერა, რომ საემიგრაციო სამსახურმა სააკაშვილის მხრიდან უკრაინის მოქალაქეობის დაკარგვის მიზეზად ტყუილი დაასახელა. მოგვიანებით, დავით საყვარელიძემ დაადასტურა, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს.

მიხეილ სააკაშვილი 2015 წლიდან საქართველოს მოქალაქე აღარაა და ის უკრაინის პასპორტს ფლობს. ამ პასპორტით მან ოდესის ოლქის გუბერნატორადაც იმუშავა, თუმცა შემდეგ ხელისუფლებას დაუპირისპირდა და ოპოზიციაში გადავიდა.

რადიო თავისუფლების ცნობით, მიმდინარე წლის მაისში მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ პოროშენკო მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას აპირებდა, “რაც არაკონსტიტუციურია”.

“სრულიად დადასტურებულად ვიცი, რომ გასულ კვირაში უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართა შეხვედრა და პრეზიდენტმა პოროშენკომ მისცა დავალება თავის სამსახურებს, რომ მაქსიმუმ ერთი თვის განმავლობაში მოპოვებულ იქნას ისეთი მასალები, რომელთა საფუძველზე მე და დავით საყვარელიძეს ჩამოგვართმევენ უკრაინის მოქალაქეობას“, – რადიო თავისუფლების ცნობით განაცხადა სააკაშვილმა. სააკაშვილმა მაისში თქვა, რომ “უკრაინის პრეზიდენტი აპირებდა საქართველოში ჩასვლას და იქ ასეთი ყალბი დოკუმენტის მოპოვებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი