გაზარდა თუ არა “ჩექინ ჯორჯიამ” საერთაშორისო ტურიზმი საქართველოში – საია vs მინისტრი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, 2016 წელს სახელმწიფო პროექტის “Check in Georgia” ფარგლებში ჩატარებულ სამ დიდ ღონისძიებაზე დასასწრებად 49 ქვეყნიდან ჩამოვიდნენ, თუმცა ეს გაყიდული ბილეთების დაახლოებით 5%-ს შეადგენდა, ხოლო ჯამურად – ამავე 49 ქვეყნიდან შემოსული ვიზიტორების მხოლოდ 0.05%-ს; მაშინ, როდესაც პროექტის ერთ-ერთ მთავარ მიზანს ტურისტთა ნაკადის ზრდა წარმოადგენს. კვლევის ავტორებს არ ეთანხმება კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი და აცხადებს, რომ პროექტის “შედეგებმა გადააჭარბა ყოველგვარ მოლოდინს”.

გასულ წელს კულტურის მინისტრმა განაცხადა, რომ “ჩექინ ჯორჯიას” ფარგლეში დაგეგმილ მასშტაბურ კონცერტებზე 2 დღეში 55 ქვეყნიდან შეიძინეს ბილეთები, ამიტომ საია დაინტერესდა, რომელ ქვეყნებში, რა კატეგორიის ბილეთები იყიდებოდა, ასევე, თითოეული მითითებული ქვეყნიდან რამდენი ბილეთი იყო შეძენილი. კულტურის სამინისტრო მათ ინფორმაციას არ აწვდიდა, საბოლოოდ კი მისი მიღება ივნისში სასამართლოს გზით შეძლეს.

“თუ 20 ქვეყანაში თითო-თითო ბილეთი გაიყიდა, ეს, რა თქმა უნდა, სათვალავში ქვეყნების რაოდენობას გაზრდიდა, მაგრამ ეს, ბუნებრივია, არ იმოქმედებდა ტურისტების ნაკადის ზრდაზე საქართველოში,” – აცხადებს კვლევის ავტორი სულხან სალაძე.

აღმოჩნდა, რომ სსიპ “შემოქმედებითი საქართველო”, რომელიც 2016 წელს კულტურის განვითარების ფონდის სახელით ატარებდა პროექტს, არ ფლობს ზუსტ ინფორმაციას ინტერნეტში რეალიზებული ბილეთების შესახებ.

“TKT.GE, რომელიც ყიდდა ინტერნეტში ამ ბილეთებს, აცხადებს, რომ მათ მიერ გაცემული ინფორმაცია არ არის ოფიციალური და ამ ინფორმაციაში შესაძლოა იყოს ცდომილება 15-20%. ჩვენ გავზომეთ ორივე შემთხვევაში ცდომილება, თუმცა ციფრები დიდად არ იცვლება,” – ამბობს სალაძე.

საიას მიერ სასამართლოს გზით მიღებული ინფორმაციის თანახმად ვიგებთ, რომ იმ ქვეყნების ათეული, სადაც ბილეთები გაიყიდა, დიდწილად ემთხვევა იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომლებიც 2016 წლის სტატისტიკური მონაცემებით საქართველოში ჩამოსული საერთაშორისო ვიზიტორების ათეულში შედიან და საქართველოს განსაკუთრებულად პროექტის გამო არ სტუმრობენ. საიას განცხადებით, ამ მონაცემების მიხედვით, მოლოდინი, რომ პროექტი უცხოელი ტურისტების ზრდას შეუწყობდა ხელს, არ გამართლდა.

საიას ინფორმაციით, 2016 წელს „Check in Georgia”-ს სამ მსხვილ ღონისძიებაზე – ეროს რამაზოტი, რობი უილიამსი და Maroon 5- ინტერნეტის საშუალებით სულ 56,596 ბილეთი გაიყიდა. აღნიშნული რაოდენობიდან – 2958 ბილეთი საქართველოს ფარგლებს გარეთ, 49 ქვეყნიდან იყიდეს, რაც ინტერნეტით გაყიდული ბილეთების 5,23%-ს შეადგენს.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 2016 წელს საქართველოს 6,360,503 ვიზიტორი ეწვია. შესაბამისად, „Check in Georgia”-ს საშუალებით საქართველოს ფარგლებს გარეთ გაყიდულ ბილეთებზე ქვეყანაში შემოსული ვიზიტორების მხოლოდ 0,05% მოდის. ამავე მონაცემებით, ყველაზე მეტი ბილეთი აზერბაიჯანში, აშშ-ში, გერმანიაში, რუსეთსა და სომხეთში გაიყიდა. თითო ბილეთი შეიძინეს კამბოჯიდან, კენიიდან და ლუქსემბურგიდან.

სლადზე წარმოდგენილია იმ ქვეყნების სია, საიდანაც საქართველოში კონცერტზე დასასწრებად მინიმუმ 10 ბილეთი შეიძინეს. ფოტო: საია

სლაიდზე წარმოდგენილია იმ ქვეყნების სია, საიდანაც საქართველოში კონცერტზე დასასწრებად მინიმუმ 10 ბილეთი შეიძინეს. ფოტო: საია

საია წარმოდგენილია ტოპ 10 ქვეყანა, საიდანა ყველაზე მეტი ტურისტი მიიღო საქართველომ 2016 წელს, ხოლო მეორე მხარეს ჩამონათვალში ის ქვეყნებია მოცემული, რომლებმაც Check in Georgia-ს ფარგლებში ჩატარებულ სამ კონცერტზე ყველაზე მეტი ბილეთი შეიძინეს. წითლად აღნიშნულია ის ქვეყნები, რომლებლებიც ორივე სიაში მოხვდნენ. კვლევის ავტორები ამბობენ, რომ სწორედ ეს მიუთითებს იმაზე, რომ ამ კონცერტებზეც იმ ქვეყნებიდან ყიდულობენ ბილეთებს, საიდანაც ისედაც ჩამოდიან საქართველოში. ფოტო: საია

სლაიდზე წარმოდგენილია ტოპ 10 ქვეყანა, საიდანა ყველაზე მეტი ტურისტი მიიღო საქართველომ 2016 წელს, ხოლო მეორე მხარეს ჩამონათვალში ის ქვეყნებია მოცემული, რომლებმაც Check in Georgia-ს ფარგლებში ჩატარებულ სამ კონცერტზე ყველაზე მეტი ბილეთი შეიძინეს. წითლად აღნიშნულია ის ქვეყნები, რომლებიც ორივე სიაში მოხვდნენ. კვლევის ავტორები ამბობენ, რომ სწორედ ეს მიუთითებს იმაზე, რომ ამ კონცერტებზეც იმ ქვეყნებიდან ყიდულობენ ბილეთებს, საიდანაც ისედაც ჩამოდიან საქართველოში. ფოტო: საია

პროექტის შესახებ ამ დრომდე არ არსებობს დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს პროექტის მიზნებს. ასევე იმას, თუ რა კრიტერიუმებით განისაზღვრება მისი წარმატება. მაგრამ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე აცხადებს, რომ პროექტისაგან იმაზე მეტი მიიღო სახელმწიფომ, ვიდრე დაგეგმილი იყო. ასევე აღნიშნავს, რომ “ჩექ ინ ჯორჯიას” მთავარი მიზანი არა მხოლოდ საერთაშორისო, არამედ შიდა ტურიზმის გააქტიურებაც იყო და შედეგად, ადგილობრივმა მეწარმეებმა დაახლოებით 200 მილიონამდე შემოსავალი მიიღეს.

“ჩემი პოზიცია არის ამგვარი – საიას კომპეტენციაში არ მინდა შევიტანო ეჭვი, მაგრამ ვეჭვობ იმას, რომ გარკვეულწილად ეს უკვე პირად დამოკიდებულებაში გადავიდა საიას მხრიდან, ჩასაფრების რეჟიმში მოქმედებენ. უკვე მესამედ მოუხდათ მათ ამ თემებთან დაკავშირებით სასამართლოდან საკუთარი სარჩელის გამოთხოვა, რაც, მე ვფიქრობ, როგორც მინიმუმ არასერიოზულია და ნამდვილად არ ეკადრებათ. შედეგებს რაც შეეხება – შედეგებმა გადააჭარბა ყოველგვარ მოლოდინს. გაურკვეველია, რა მეთოდოლოგიით ითვლიან ისინი იმ უცხოელი ტურისტების რაოდენობას, რომლებიც დაესწრნენ ამ ღონისძიებებს. ზოგადად, ტურისტთა რაოდენობის მატებაზე ზუსტი და ბევრის მთქმელი ციფრები შესაძლებელია მიიღოთ ტურიზმის სააგენტოსგან. მე გავაჟღერე თავიდან იმ უცხოური ტრანზაქციების რაოდენობა, რომელიც განხორციელდა. მე ვეყრდნობოდი იმ მონაცემებს, რომლებიც ონლაინ ბილეთების კომპანიამ მოგვაწოდა, და ესეც შეგიძლიათ გადაამოწმოთ.

როდესაც ჩვენ ზოგადად ტურიზმის გააქტიურებაზე და ადგილობრივი მეწარმის დამატებითი სარგებლის, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნაზე ვსაუბრობთ, ხაზს ვუსვამთ, და ეკონომიკის მინისტრმა ამაზე ძალიან ვრცლად ისაუბრა, რომ არანაკლები მნიშვნელობა აქვს ადგილობრივ ტურიზმს და არა მხოლოდ საერთაშორისო ტურიზმზე ვსაუბრობთ,” – აცხადებს გიორგაძე.

ამას გარდა, საიაში აცხადებენ, რომ პროექტის ფარგლებში გაწეული ხარჯების დიდი ნაწილი გამარტივებულ სახელმწიფო შესყიდვებზე მოდის, რამაც არსებითად შეამცირა კონკურენცია პოტენციურ მიმწოდებლეს შორის და გაზარდა ფინანსების არარაციონალურად ხარჯვის რისკი. პროექტის მთლიანი ბიუჯეტი კი, მათი თქმით, 2016 წელს, ჯამში, 40 მილიონ ლარს აჭარბებდა. საიას თავმჯდომარის განცხადებით, მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ გაცილებით ადრე და გამჭვირვალედ დაგეგმოს პროექტი:

“ამ პროექტის ბიუჯეტის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი საბიუჯეტო სახსრებიდან არის დაფინანსებული და სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია საზოგადოების ინფორმირება, რამდენად სწორად და რაციონალურად იხარჯება სახსრები. გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე ვხედავთ, რომ არის გარკვეული ხარვეზები. შესყიდვების უმეტესობა გამარტივებული შესყიდვების წესით განხორციელდა, რაც ზოგადად არის პრობლემა ჩვენს ქვეყანაში და, სამწუხაროდ, ხშირად გამოიყენება, რაც აჩენს, ერთი მხრივ, არარაციონალური ხარჯვის სერიოზულ რისკებს და, მეორე მხრივ, შესყიდვების ასეთი წესი კონკურენტუნარიან გარემოს არ ქმნის და შესაძლებელია ხელი შეუწყოს კორუფციული რისკების გაჩენასაც,” – აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

რადგან პროექტი 2017 წელსაც მიმდინარეობს და მისი შემდგომში გაგრძელებაც იგეგმება, საია მოუწოდებს სამინისტროს, შექმნას „Check in Georgia”-სთან დაკავშირებული დოკუმენტი, სადაც სრულად და ამომწურავად იქნება წარმოდგენილი ინფორმაცია პროექტის მიზნების, მოსალოდნელი შედეგების, რისკების და სხვა აუცილებელი კომპონენტების შესახებ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი