ახალი ამბები

ბლოგერი თუმსო აბდურახმანოვი ამბობს, რომ ის საქართველოში არ დაუკავებიათ

18 ივლისი, 2017 • 3196
ბლოგერი თუმსო აბდურახმანოვი ამბობს, რომ ის საქართველოში არ დაუკავებიათ

ცნობილი ბლოგერი ჩეჩნეთიდან თუმსო აბდურახმანოვი ნეტგაზეთთან ამბობს, რომ ის საქართველოში არ დაუკავებიათ.

“საკუთარი უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე არ შემიძლია გითხრათ, რომელ ქვეყანაში ვარ დაკავებული, თუმცა საქართველოში არ ვიმყოფები. მე არ მითქვამს, რომ საქართველოში დამაკავეს, საქართველოდან 2017 წლის 11 ივლისს წავედი”,  – თქვა ბლოგერმა ნეტგაზეთთან მიმოწერაში.

თუმსო აბდურახმანოვი ჩეჩნეთიდან 2015 წელს გამოიქცა, იგი კადიროვის ხელისუფლების კრიტიკოსია და თბილისში ცხოვრობდა.

16 ივლისს რადიო თავისუფლებამ ბლოგერისგან მიიღო აუდიოშეტყობინება, სადაც აცხადებდა, რომ დაკავებული იყო, თუმცა მისი რუსეთში ექსტრადიციის საკითხი არ განიხილებოდა. ის ასევე ამბობდა, რომ დაკავების მიუხედავად ელექტრონულ ფოსტასთან წვდომა ჰქონდა.

აბურახმანოვმა ნეტგაზეთს მოსწერა, რომ მას საქართველოში პოლიტიკური თავშესაფარი არ მისცეს და იძულებული იყო წასულიყო.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, “აბდურახმანოვი 2015 წლის ნოემბერში გაიქცა ჩეჩნეთიდან, სადაც ის დაადანაშაულეს, რომ სირიაში იბრძოდა ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოსთვის“. ბლოგერი კი ამბობს, რომ არასოდეს ყოფილა სირიაში და პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს მისთვის წაყენებულ ბრალდებებს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი