ახალი ამბები

შსს: ადეიშვილზე წითელი ცირკულარით ძებნის დაწყება დოკუმენტაციის შესწავლის გამო ფერხდება

10 აპრილი, 2013 • 1790
შსს: ადეიშვილზე წითელი ცირკულარით ძებნის დაწყება დოკუმენტაციის შესწავლის გამო ფერხდება

ადეიშვილის გვარი ინტერპოლის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული წითელი ცირკულარით ძებნილი პირების სიაში დღემდე არ იძებნება, ვებ-გვერდი კი, როგორც ორგანიზაციის გენერალური სამდივნოს განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული ორგანოსთვის წევრი ქვეყნების სამართალდამცავი უწყებების ინფორმირების თვალაზრისით ერთ–ერთი ეფექტიანი ინსტრუმენტია.


აღსანიშნავია, რომ საქართველოს საგამოძიებო უწყებებმა ინტერპოლის გენერალურ სამდივნოს ზურაბ ადეიშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნისა და წითელი ცირკულარის გამოცხადებისთვის საჭირო დოკუმენტაცია ჯერ კიდევ მიმდინარე წლის იანვრის თვის დასაწყისში  გადაუგზავნეს. მას შემდეგ უკვე სამი თვე გავიდა, თუმცა ადეიშვილზე წითელი ცირკულარით ძებნა ამ დრომდე არ დაწყებულა.


როგორც “ნეტგაზეთს” შს სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა განუცხადა, ეს პრობლემა დოკუმენტაციას უკავშირდება. ინტერპოლის გენერალურ სამდივნოში ამ დრომდე მიმდინარეობს ადეიშვილზე ძებნის გამოცხადებისათვის საჭირო დოკუმენტაციის შესწავლა და ქართულ მხარეს ამ უწყებაში დამატებითი საბუთების გადაგზავნა დასჭირდა.


ზურაბ ადეიშვილი
ზურაბ ადეიშვილი

ინტერპოლის რეგულაციების თანახმად, როდესაც ქვეყანა ამა თუ იმ პირზე  წითელი ცირკულარით ძებნის გამოცხადების დაწყებას მოითხოვს, მისმა შესაბამისმა ორგანომ ინტერპოლის გენერალურ კომისარიტს, ბრალდებულის იდენტიფიკაციისათვის საჭირო ინფორმაცია და ბრალდების საქმე უნდა გადაუგაზავნოს, სადაც უნდა განმარტოს, ითხოვს თუ არა პირის წინსწარ დაპატიმრებას ექსტრადირების მიზნით. ნინო გიორგობიანი “ნეტგაზეთთან” საუბარში არ აკონკრეტებს, თუ რა დამატებითი მასალების გადაგზავნა გახდა საჭირო ინტერპოლის გენერალურ კომისარიატში.


“ამას გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ გეტყვით”, – განაცხადა მან.


ზურაბ ადეიშვილი წინა ხელისუფლების ერთადერთი ექს–მაღალჩინოსანია, რომლის წინააღმდეგაც საქმე აღიძრა და ქართული მხარის მოთხოვნის მიუხედავად, წითელი ცირკულარით ძებნა ინტერპოლმა ამ დრომდე არ დაიწყო.

 

შს უწყების ექს–მაღალჩინოსნებზე გერონტი ალანიაზე, ოლეგ მელნიკოვზე, დათა ახალაიასა და იოსებ თოფურიძეზე, ასევე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილ უფროს დავით ჭაკუაზე ინტერპოლმა წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნა ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ დაიწყო. მელნიკოვი უკრაინაში უკვე დააკავეს კიდეც, თუმცა მისი საქართველოში ექსტრადირება ჯერ არ განხორციელებულა.


ადეიშვილის ამჟამინდელი ადგილსმყოფელი უცნობია. ასევე უცნობია, დიწყო თუ არა მან უცხოეთში პოლიტიკური თავშესაფრის მიღების პროცედურა, რაც საერთაშორისო ძებნის პროცედურებს აფერხებს.


შეგახსენებთ, რომ ადეიშვილს საქართველოში ბრალი გასული წლის დეკემბრის თვეში სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით და პატიმართა დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით დაუსწრებლად წაუყენეს. მას ასევე ბრალად ედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაციისა და დანაშაულთა პროვოკაციის ორგანიზება.

მასალების გადაბეჭდვის წესი