ახალი ამბებიეკონომიკა

რა შენიშვნები მიიღო მთავრობამ ინვესტორთა საბჭოზე უცხოელთათვის მიწის მიყიდვის აკრძალვის საკითხზე

13 ივლისი, 2017 • 10288
რა შენიშვნები მიიღო მთავრობამ ინვესტორთა საბჭოზე უცხოელთათვის მიწის მიყიდვის აკრძალვის საკითხზე

ინვესტორთა საბჭოს სხდომაზე  საქართველოს ბიზნესასოციაციისა და ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტებმა შენიშვნები გამოთქვეს უცხო ქვეყნსი მოქალაქეებისათვის სასოფლო-სამეურნეო მიწის მფლობელობის უფლების ჩამორთმევის გეგმასთან დაკავშირებით.

ზემოხსენებული დისკუსიის შესახებ ინვესტორთა საბჭოს სხდომის ოფიციალური ოქმიდან გახდა ცნობილი. სხდომა 14 ივნისს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა და მას ბიზნეს-წრეების წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს მთავრობის წევრები და პრემიერ-მინისტრი ესწრებოდნენ.

ოქმში ვკითხულობთ, რომ გიორგი ჭირაქაძეს შემდეგი ტიპის განცხადება გაუკეთებია:

” უცხოელი მოქალაქეებისათვის სასოფლო-სამეურნეო მიწის მფლობელობის უფლების ჩამორთმევა საქართველოში მნიშვნელოვან პრობლემებს შეუქმნის საფინანსო ინსტიტუტებს, მათ შორის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს აგრობიზნესების დაფინანსებაში, და აგროსექტორს შეეზღუდება ფინანსებზე წვდომა”.

მაიქელ ქოუგილმა, ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა კი, “გამოხატა თავისი წუხილი სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრების შესაძლო აკრძალვასთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა არასაკმარის კომუნიკაციას კერძო სექტორთან, რის გამოც ამერიკის სავაჭრო პალატის ბევრი წევრი ვერ ხვდება თუ რა დგას ამ ინიციატივის უკან”.

ბრუნო ბალვანერა, კავკასიის, მოლდოვასა და ბელორუსის დირექტორი, ევრობანკი:

” სოფლის მეურნეობა საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პოტენციალია, ამიტომ უნდა არსებობდეს გამონაკლისი მაღალტექნოლოგიური კომპანიებისთვის”.

ასევე, ჭირაქაძემ ნეგატიური დამოკიდებულება დააფიქსირა 94-ე მუხლის, ანუ ე.წ. თავისუფლების აქტის შესაძლო ცვლილებებთან დაკავშირებით.

სხდომის ოქმის მიხედვით, “გიორგი კვირიკაშვილმა, თავმჯდომარემ და პრემიერ-მინისტრმა, აღნიშნა ბატონი ჭირაქაძის მიერ ნახსენები თემების აქტუალურობა”.

ინვესტორთა საბჭოს ესწრებოდნენ:

  • გიორგი კვირიკაშვილი, პრემიერ-მინისტრი, ინვესტორთა საბჭოს თავმჯდომარე
  •   დიმიტრი ქუმსიშვილი, პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი
  •   ზურაბ ალავიძე, ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების მინისტრი
  •   ლევან დავითაშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი
  •   ირაკლი ხმალაძე, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე
  •   ზურაბ ძნელაშვილი, ბიზნეს ომბუდსმენი
  •   მაიქელ ქოუგილი, ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი
  •   გიორგი ჭირაქაძე, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი
  •   ნინო ჩიქოვანი, საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის პრეზიდენტი
  •   ბრუნო ბალვანერა, კავკასიის, მოლდოვასა და ბელორუსის დირექტორი, ევრობანკი
  •   იან ვან ბილსენი, რეგიონალური მენეჯერი სამხრეთ კავკასიაში, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია
  •   იეშიმ ელჰან-კაიალარი, რეგიონალური მენეჯერი სამხრეთ კავკასიაში, აზიის განვითარების ბანკი
  •   მარიამ მეღვინეთუხუცესი, ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს უფროსიმოწვეული სტუმრები:
  •   თეა წულუკიანი, იუსტიციის მინისტრი
  •   ნინო გვენეტაძე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე
  •   იანოშ ჰერმანი, ევროკავშირის დელეგაციის თავმჯდომარე
  •   ჯასტინ მაკკინზი სმიტი, დიდი ბრიტანეთის ელჩი
  •   პიტერ დენისი, პროგრამ მენეჯერი, ევროკავშირის დელეგაცია
  •   ოზან სევიმლი, საქართველოს ქვეყნის ოფისის თავმჯდომარე, მსოფლიო ბანკი
  •   გიორგი თაბუაშვილი, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე
  •   ნიკოლოზ გაგუა, ფინანსთა მინისტრის მოადგილე
  •   ნინო ჯავახაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე
  •   გიორგი ჩოგოვაძე, საქართველოს ეროვნული ტურიზმის ადმინისტრაცია
  •   ჯორჯ უელტონი, აღმასრულებელი დირექტორი, ამერიკის სავაჭრო პალატა
  •   ირაკლი ასლანიშვილი, აღმასრულებელი დირექტორი, საქართველოს ბიზნესასოციაცია
  •   თამთა შერმადინი, საკონსულტაციო სერვისების უფროსი, PWC საქართველო
  •   ბექა ინჯია, იურიდიული მრჩეველი, საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატა
  •   ლორეტა მარტიკიანი, ევრობანკი
  •   გიორგი ჯუღელი, იურიდიული ექსპერტი, ინვესტორთა საბჭოს სამდივნო
  •   ერეკლე კოკაია, ბიზნეს ანალიტიკოსი, ინვესტორთა საბჭოს სამდივნო

ინვესტორთა საბჭოს შესახებ

ინვესტორთა საბჭო არის საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული დამოუკიდებელი საკონსულტაციო ორგანო, რომელიც მიზნად ისახავს “დიალოგის წარმოებას კერძო სექტორის მეწარმე სუბიექტებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, დონორებსა და საქართველოს მთავრობას შორის ხელსაყრელი, არადისკრიმინაციული, გამჭვირვალე და სამართლიანი ბიზნეს და საინვესტიციო კლიმატის შესაქმნელად”.

“ინვესტორთა საბჭო პასუხისმგებელია, ერთი მხრივ, პრემიერ-მინისტრს, მინისტრებს, მათ დაქვემდებარებაში მყოფი სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელ პირებსა და, მეორე მხრივ, კერძო სექტორს შორის კონსტრუქციული დიალოგის და აზრთა გაცვლის უზრუნველყოფაზე, რათა გაუმჯობესდეს და სტიმულირებული იქნეს ქვეყანაში ჯანსაღი საინვესტიციო კლიმატი”.

2017 წლის 16 ივნისს 87 ხმით არც ერთის წინააღმდეგ პარლამენტმა   უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწის ყიდვაზე მორატორიუმი გამოაცხადა.

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ მომზადებული კანონპროექტის თანახმად, სანამ მიწის უცხოელებისთვის მიყიდვა კონსტიტუციით აიკრძალება, მანამდე მორატორიუმი გამოცხადდება, რაც იმას ნიშნავს, რომ  ასეთი დანიშნულების მიწას უცხოელები ვეღარ შეიძენენ. ჯერჯერობით უცნობია, კანონმდებლობით რა გამონაკლისი იქნება დაშვებული ახალი კონსტიტუციის მიღების შემდეგ.

მასალების გადაბეჭდვის წესი