პარლამენტის სხდომა

ვინ და რა მოტივით “იცავს” ქართულ მიწას? – განხილვა პარლამენტში

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატები სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიყიდვის თაობაზე მორატორიუმის გამოცხადების შესახებ მსჯელობენ. საპარლამენტო უმცირესობის და ენმ-ის გარდა, მორატორიუმს ყველა ფრაქცია მხარს უჭერს.

კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, ეკა ბესელიას განცხადებით, “ქართული ოცნება” იცავს ყველაზე ღირებულს, რაც “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობას გადაურჩა:

“ყველაფერი გაიყიდა, რისი გაყიდვაც მოასწრეს. ყველაფერი განადგურდა, რისი განადგურებაც მოასწრო “ნაციონალურმა მოძრაობამ” იმ წლებში. რაც გადარჩა და რაც ყველაზე ღირებულია, ამის დაცვას ვცდილობთ ამ კანონით. ეს არ არის არც საარჩევნო და არც რომელიმე პოლიტიკური მიზნისაკენ მიმართული ინიციატივა. ჩვენ ეს მორატორიუმი წინა მოწვევის პარლამენტში გამოვაცხადეთ. მორატორიუმამდე კანონშიც შევიტანეთ ცვლილებები,” – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მორატორიუმს მხარ უჭერს “პატრიოთა ალიანსის” ფრაქცია. ირმა ინაშვილის თქმით, იმისათვის, რომ ქართული მიწა არ განიავდეს, ისინი წვლილს შეიტანენ რეგულაციების გამკაცრებაში:

“დღეს ხელისუფლება საჯაროდ ლაპარაკობს იმაზე, რომ ჩვენს უმთავრეს საგანძურს, ქართულ მიწას უნდა გავუფრთხილდეთ, მივესალმებით ამას. მცირემიწიანი ქვეყანა ვართ და უფლება არ გვაქვს ქართული მიწები დავთმოთ. ეს იმის გათვალისწინებით, რომ მიწის სექტორში განხორციელებული ინვესტიციები მიზერულია და ხშირად საინვესტიციო პირობებიც არ ვრცელდება.  ქართულ მიწებს აზიური ქვეყნების მოქალაქეები ყიდულობენ და იქ სოფლებს აშენებენ. ეს არის არაბული, ინდური, ირანული სოფლები. ჩვენ პატივს ვცემთ სხვა ქვეყნის მოქალაქეებს, მე არ მინდა რამე ფობიაში დამადანაშაულოთ, მაგრამ მე მინდა გავაცნობიეროთ ის საფრთხეები, რომლის წინაშეც შეიძლება ჩვენი ქვეყანა დადგეს, “- განაცხადა ირმა ინაშვილმა.

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, სერგი კაპანაძის განცხადებით, მორატორიუმის გამოცხადება კონსტიტუციას არ შეესაბამება. მისი თქმით, “ქართულ ოცნებას” მიწის საკითხი კი არ აწუხებს, არამედ პოპულისტობს:

“თქვენ გინდათ, რომ ამ საკითხით გადაფაროთ ის პრობლემები, რაც ახალი კონსტიტუციის ფარგლებში გაქვთ, იქნება ეს პრეზიდენტის არჩევა, საარჩევნო კოდექსი თუ სხვა. ასე საშიში თუა უცხოელებისთვის სასოფლო მიწის მიყიდვა, არასასოფლო მიწები არ არის საფრთხის ქვეშ? მიწაში რაც არის, ძვირფასი არ არის? მაშინ იმის გასხვისებაც აკრძალეთ. ეს არის მარტივი, იაფი პოპულიზმი, ეს არის ცრუპატრიოტიზმი,” – განაცხადა კაპანაძემ.

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი წევრი  რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ “ქართული ოცნების” ყველა ნაბიჯი საარჩევნო პოპულიზმია. მისი თქმით, მიწის უცხოელებზე მიყიდვის აკრძალვა მიწის ბაზარს გაანადგურებს:

“ეს არის ჩამორჩენილი მენტალიტეტის მთავრობა. ეს არის ეკონომიკის არცოდნა. ხუთი წელია ასეთი იდეებით   როგორცღაც მოვედით აქამდე, მომდევნო ხუთი წელი თქვენს იდეებს ვერ გაუძლებს ეს ქვეყანა. ბარემ უცხოური ავტომობილების შემოყვანა აკრძალეთ,” – განაცხადა გოცირიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ოთარ დანელიას განცხადებით, საუბარი იმის შესახებ, რომ მიწა გაიაფდება და მოთხოვნა შემცირდება, საფუძველს მოკლებულია.

“სასოფლო მიწის ფასი 2013 წლამდე გაცილებით დაბალი იყო, ვიდრე მორატორიუმის პერიოდში, 2013-2014 წლებში. მოტანილი მაქვს ხელშეკრულება, რომელიც 2012 წლის იანვარში დაიდო და რომლის თანახმად, 51 მილიონი კვადრატული მეტრი მიწა ხუთ მილიონ ლარად გაიყიდა, ანუ ერთი კვადრატული მეტრი მიწის ფასი დაახლოებით 10 თეთრი გამოვიდა. ასეთი უამრავი ხელშეკრულებაა გაფორმებული მაშინ”.

________________________________________________________________________მორატორიუმს არაკონსტიტუციურად აფასებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“. ორგანიზაციის იურისტის, თეო ზაქარაშვილის განცხადებით,  მორატორიუმი სასამართლომ ერთხელ უკვე ცნო არაკონსტიტუციურად და ახალი მორატორიუმი თავისი დასაბუთებით არაფრით განსხვავდება წინასგან:

“საქართველომ მთავრობამ იცის ამ მორატორიუმის არაკონსტიტუციურობის შესახებ და ამის მიუხედავად, კიდევ ერთხელ, იმავე საფუძვლებით,  არაკონსტიტუციურად ცნობილ მორატორიუმს მეორედ აცხადებს,” – ამბობს ზაქარაშვილი.

პარლამენტს, პრემიერ-მინისტრსა და სამთავრობო გუნდს შორის გამართული კონსულტაციების შედეგად ერთსულოვნად გადაწყდა, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხოელებზე გასხვისება კონსტიტუციით აიკრძალება. ამის შესახებ  8 ივნისს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.

2012 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება საქმეზე “დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოსპარლამენტის წინააღმდეგ. სასამართლომ გააუქმა კანონის ის მუხლები, რომელთა თანახმადაც, სხვა ქვეყნის მოქალაქე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მესაკუთრე შეიძლება იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან ის მემკვიდრეობით მიიღო, ან მართლზომიერად ფლობდა, როგორც საქართველოს მოქალაქე. ამასთანავე, უცხოელი ვალდებული იყო, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების წარმოშობიდან 6 თვის ვადაში აღნიშნული მიწის ნაკვეთი გაესხვისებინა საქართველოს მოქალაქეზე ან/დასაქართველოს იურიდიულ პირზე.

მიწების გაყიდვაზე მორატორიუმი “ქართულმა ოცნებამ” პირველად 2013 წელს გამოაცხადა. 2014 წელს, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, უცხოელებისთვის საქართველოში მიწის ფლობაზე დაწესებული მორატორიუმი გაუქმდა.

მაშინ საქართველოს მოქალაქეების სასოფლო-სამეურენეო დანიშნულების მიწებს სტატუსს უცვლიდნენ და ისე ყიდდნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე. ეკა ბესელიას თქმით, კანონმდებლობაში ცვლილებები განხორციელდება, რათა ასეთი შემთხვევები გამოირიცხოს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.