ახალი ამბები

მემკვიდრეობით მიწის მიღებას მხოლოდ ეთნიკურად ქართველი უცხოეთის მოქალაქეები შეძლებენ – დანელია

13 მარტი, 2019 • 1472
მემკვიდრეობით მიწის მიღებას მხოლოდ ეთნიკურად ქართველი უცხოეთის მოქალაქეები შეძლებენ – დანელია

საქართველოს პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია TV “პირველის” გადაცემაში “საქმიანი დილა” ამბობს, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწის მემკვიდრეობით მიღება მხოლოდ უცხოეთის იმ მოქალაქეებს შეეძლებათ, რომლებიც ეთნიკური ქართველები არიან.

ოთარ დანელიას თქმით, კანონპროექტით, გამონაკლისის გარეშე იკრძალება უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკურ პირზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლება:
“მემკვიდრეობის თემას რაც შეეხება, მინდა ხაზი გავუსვა, რეალურად საუბარია იმ ემიგრანტებზე, რომლებიც უცხოეთის მოქალაქეები არიან. რეალურად, საუბარია ქართველებზე, რომლებსაც შეცვლილი აქვთ მოქალაქეობა. სწორედ ამ ადამიანებზეა საუბარი, რომ მილიონზე მეტი ემიგრანტი დავაბრუნოთ საქართველოში.

მაგალითად, როცა მშობელი ცხოვრობს საქართველოში, მისი შვილი წავიდა გერმანიაში და მიიღო გერმანიის მოქალაქეობა. მას აქვს შესაძლებლობა, დაბრუნდეს და დაეუფლოს ოჯახის მიწის ნაკვეთს. მიუხედავად ტექნიკური მოქალქოებისა, ისაა ეთნიკურად ქართველი, ამიტომაა ამ ადამიანებზე საუბარი. არანაირი გამონაკლისი უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე არ არსებობს“, – ამბობს ოთარ დანელია.

მისი თქმით, იურიდიული პირების შემთხვევაში, მიწის დაკანონება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ კომპანიის დომინანტი პარტნიორი საქართველოს მოქალაქე ან მოქალაქეთა ჯგუფი იქნება, რომლებიც ან წილების ნახევარზე მეტს ფლობენ, ან გადაწყვეტილების მიმღებები არიან:

“იურიდიული პირების შემთხვევაში, ჩვენი პროექტის თანახმად, საქართველოს მოქალაქე ან მათი ჯგუფი უნდა იყოს დომინანტი პარტნიორი და ფლობდეს წილების 50 პროცენტზე მეტს ან იყოს გადაწყვეტილების მიმღები”, – ამბობს დანელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი