ახალი ამბები

თბილისში ცემის შედეგად გარდაიცვალა მამაკაცი, რომელსაც პედოფილიაში ადანაშაულებდნენ

10 ივლისი, 2017 • 6186
თბილისში ცემის შედეგად გარდაიცვალა მამაკაცი, რომელსაც პედოფილიაში ადანაშაულებდნენ

თბილისში არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების მცდელობის გამო მამაკაცი, სავარაუდოდ, ლინჩის წესით გაასამართლეს, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება თავდაპირველად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, პირის ცემის ფაქტზე დაიწყო. მუხლი ძალადობას გულისხმობს, თუმცა შემდგომ დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. შესაბამისად, შსს აცხადებს, რომ საქმე 117-ე მუხლზე გადაკვალიფიცირდა, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც პირის გარდაცვალება გამოიწვია. შსს-ის განცხადებით, უკვე დანიშნულია ექსპერტიზა, რომელიც დაადგენს გარდაცვალების მიზეზებს.

თავდაპირველად მომხდარის შესახებ ინფორმაცია PrimeTime-მა გაავრცელა. როგორც გამოცემა იუწყება, პირს ფიზიკურად იმიტომ გუასწორდნენ, რომ მას არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების ჩადენის მცდელობაში ადანაშაულებდნენ. კერძოდ, გამოცემა თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ 50 წლამდე მამაკაცი მისთვის უცხო ბავშვის მანქანაში შეტყუებას ცდილობდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილ ქმედებაზე მათთვის არავის მიუმართავს და ის, რომ გარდაცვლილს პედოფილიაში სდებდნენ ბრალს, საქმის მსვლელობისას, პირთა გამოკითხვის შემდეგ გახდა ცნობილი. უწყებაში აცხადებენ, რომ გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაზე მიმდინარეობს და საქმის სხვა გარემოებებს გამოძიება დაადგენს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი