ახალი ამბები

ღარიბაშვილი: თელია ვალდებული იყო დაეცვა პოლიციელის მუნდირი

2 აპრილი, 2013 • 1217
ღარიბაშვილი: თელია ვალდებული იყო დაეცვა პოლიციელის მუნდირი

“მე მიმაჩნია, რომ ზოგადად ძალიან გაზვიადებული იყო. თქვენ ალბათ ნახეთ, ინციდენტის დროს რაღაც განსაკუთრებული არ მომხდარა, ადგილი ჰქონდა გარკვეულ დაძაბულობას, დაძაბულ საუბარს აჭარის პოლიციის უფროსსა და მოქალაქეს შორის, რომელიც, აღმოჩნდა, რომ იყო ნასვამ მდგომარეობაში, რომელიც სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა აჭარის პოლიციის უფროსს.

 

მე მინდა აქვე შევახსენო საზოგადოებას, რომ პოლიციელი და კონკრეტულად ვალერი თელია, 24 საათის განმავლობაში იცავს აჭარის მოსახლეობის უსაფრთხოებას, ეს ადამიანი იმ დღეს, მე მინდა აქვე დავამატო, სწორედ იმ საათში მიემართებოდა ძალიან მნიშვნელოვანი ოპერაციის განსახორციელებლად. მე ვგულისხმობ ტრეფიკინგის ფაქტის გამოვლენას და მის გამოაშკარავებას. ტრეფიკინგი არის საერთაშორისო მნიშვნელობის დანაშაული. ასე რომ, ზოგადად აჟიოტაჟი, რაც ატყდა, მე მოვისმინე განცხადებები, რომ თქვეს, ვიღაცამ კადრები წაშალა, ჩვენ ეს დავმალეთ… თქვენ ალბათ ნახეთ გენინსპექციის დასკვნა, იქ დეტალურად არის გაწერილი, თუ რა მოხდა რეალურად. არაფერი არ დაგვიმალავს ჩვენ, არაფრის აღიარება ჩვენ არ გვჭირდება, ჩვენ ვამბობთ სიმართლეს, ის, რაც იყო, როგორც მოხდა, როგორც განვითარდა. ეს არის ჩემი პასუხი.”


ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

გენინსპექციის დასკვნის შესაბამისად, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, საიას აჭარის ფილიალის მძღოლმა როინ ფარტენაძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა აჭარის პოლიციის უფროსს, ვალერი თელიას. ინციდენტი დააფიქსირა შემთხვევის ადგილზე არსებულ ობიექტებზე დამონტაჟებულმა გარესათვალთვალო კამერებმა. შსს-მ გამოაქვეყნა “ავერსის” სათვალთავლო კამერის მიერ გადაღებული მასალა, თუმცა, საიას წარმომადგენლების თქმით, ინციდენტი სრულად ასახული იყო “ბათუმის სახლზე” დამონტაჟებული კამერით, საიდან ვიდეოჩანაწერილი პოლიციის თანამშრომელმა შეგნებულად წაშალა.


გენინსპექციის დასკვნაში მითითებულია, რომ პოლიციის თანამშრომელმა დაუდევრობით წაშალა აღნიშნული ვიდეოჩანაწერი, რის გამოც მის  მიმართ გამოყენებული იქნა დისციპლინური სასჯელი და გამოეცხადა სასტიკი საყვედური.


“აქვე მინდა ისიც განვმარტო, რომ თუ ვინმეს რამე გადაცდომა ჰქონდა, დავუშვათ, იმ ტექნიკოს თანამშრომელს, რომელსაც შეეშალა, თუ წაეშალა, თუ წაშალა თუ რაღაც, ეს არ არის მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენ ამოვიღეთ ალტერნატიული წყაროდან ვიდეჩანაწერები და ჩვენ თვითონ გავავრცელეთ, ანუ არ მომხდარა სხვა პირის მიერ მოპოვებული ვიდეოჩანაწერების გავრცელება. შესაბამისად, მთავარი უნდა გვახსოვდეს, რომ ძირითადი აქცენტი გაკეთდა იმაზე, რომ თითქოს ეს ვიდეოფირები იქნა განადგურებული, დაზიანებული, რაც არ მომხდარა რეალურად, ჩვენ განვმარტეთ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გენინსპექციის დასკვნაში დეტალურად წერია, თუ რა მოხდა, ამის ალტერნატივა ჩვენ გავავრცელეთ, მეორე კამერიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერი”, – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

 

მისივე თქმით, 28 მარტს თელიასა და საიას წარმომადგენელს შორის რაიმე განსაკუთრებული არ მომხდარა:

 

“მე ვფიქრობ, რომ ეს ინციდენტი არის ძალიან გაზვიადებული, არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. აქვე მინდა უბრალოდ ცნობისათვის – თქვენ წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა აშშ-ში, გნებავთ, ევროპის ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში, რომ რომელიმე რეგიონის პოლიციის უფროსისთვის მიეყენებინა მოქალაქეს, ისიც ნასვამ მდგომარეობაში მყოფს, სიტყვიერი შეურაცხყოფა, ძალიან გთხოვთ, ყველა კარგად დაფიქრდეთ. ვალერი თელიამ გამოიჩინა ნებისყოფა და, რა თქმა უნდა, უსიამოვნოა და, რა თქმა უნდა, მე არ ვამართლებ, რომ იდეალურად არ წარიმართა ყველაფერი, შეიძლებოდა იდეალურად ყოფილიყო, უკეთესად ყოფილიყო, მაგრამ მას აქვს მუნდირის ღირსების განცდა, ის არის პოლიციელი, ის არის აჭარის პოლიციის ხელმძღვანელი, ის იყო ვალდებული, რომ დაეცვა პოლიციელის მუნდირი.

 

მე მგონი, ამოწურულია ინციდენტი, ის გაუგებრობა, რაც მოხდა, განიმუხტა, საიასთან ჩვენ ვითანამშრომლებთ, ჩვენ არავისთვის დასამალი არ გვაქვს, ჩვენი უწყება იქნება მაქსიმალურად გამჭვირვალე, არა მხოლოდ შენობები, არამედ საქმიანობა იქნება გამჭვირვალობა”, – აცხადებს შს მინისტრი.

 

საიას ხელმძღვანელი კახა კოჟორიძე ამბობს, რომ გენინსპექციის დასკვნა არადამაჯერებელია:

 

“ეს არ მიუთითებს იმას, რომ სამართლადამცავი ორგანოები მოწადინებული იყვნენ ამ საქმეზე სიმართლისა და ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის. ასეთ ტიპის განცხადებას არ ველოდი, სხვა კვალიფიკაციის დასკვნას ვისურვებდი სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან. ამ შემთხვევაში არ ვგულისხმობ იმას, რომ შს თანამშრომლისთვის დიდი სასჯელი გაეთვალისწინებინათ. უბრალოდ, სხვა ტიპის, უფრო დამაჯერებელი არგუმენტაცია უნდა ყოფილიყო. ჩვენ ამ საქმეზე არ ვაქტიურობთ იმიტომ, რომ საიას თანამშრომელი მონაწილეობს, აქ მთავარია, ვნახოთ, როგორ მუშაობს უწყება, როგორ მუშაობს სისტემა,”- ამბობს კოჟორიძე. 

 

დღეს, 19:00 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან საია სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად საპროტესტო აქციას გამართავს.

 

საპროტესტო აქციას არასამთავრობოები ბათუმში მომხდარი ინციდენტის შესახებ შსს გენინსპექციის დასკვნასთან დაკავშირებით მოაწყობენ. აქციამდე ამავე საკითხზე საიაში პრესკონფერენცია გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი