ქართული კულტურის ფესტივალი ბერლინში

“საქართველო მარტო სახლში” – ქართული კულტურის ფესტივალი ბერლინში

ბერლინში, საქართველოს საელჩოს თანაორგანიზებით და ბერლინის “დედაქალაქის კულტურის ფონდის“ ხელშეწყობით, ისტორიულ ვილა ელიზაბეტში საქართველო – გერმანიის წლის ფარგლებში გაიმართა ქართული კულტურისა და ლიტერატურისადმი მიძღვნილი ფესტივალი –  „საქართველო მარტო სახლში („Georgien allein zu Haus“).

ქართული კულტურის სრულყოფილად წარმოჩენის მიზნით, ორგანიზატორებმა გერმანელ საზოგადოებას მრავალფეროვანი პროგრამა შესთავაზეს. ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებები დამსწრე საზოგადოებას ქართველმა პიანისტმა და, ამავდროულად, გერმანიაში საქართველოს საელჩოს კულტურის ატაშემ, დუდანა მაზმანიშვილმა წარუდგინა. სტუმრებმა ასევე მოისმინეს გიორგი კიკნაძის ჯაზტრიოსa და მანანა მენაბდის მიერ შესრულებული მუსიკალური ნომრები.

მრავალფეროვანი იყო ფესტივალის ლიტერატურისადმი მიძღვნილი ნაწილი; ქართველმა თანამედროვე მწერლებმა სტუმრებს ქართული ლიტერატურული ნაწარმოებები გააცნეს, ხოლო გერმანიაში მოღვაწე ქართველმა მწერალმა ნინო ხარატიშვილმა, საქართველოს ლიტერატურული მუზეუმის ხელმძღვანელმა ლაშა ბაქრაძემ, ლიტერატურათმცოდნე ზაალ ანდრონიკაშვილმა და თბილისში გოეთეს ინსტიტუტის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა შტეფან ვაკვიცმა მონაწილეობა მიიღეს პოდიუმის დისკუსიაში.

როგორც კულტურის სამინისტროდან გვაცნობეს, ღონისძიების დასასრულს სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული სამზარეულო.

2017 წელს საქართველო-გერმანიის წელი აღინიშნება. ქვეყნები 200 წლის წინ საქართველოში პირველი გერმანელი ემიგრანტების ჩამოსვლას და საქართველოსა და გერმანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს აღნიშნავენ. 2018 წელს კი 100 წელი სრულდება გერმანიის მიერ საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარებიდან. საქართველო-გერმანიის წლის ფარგლებში მთელი წლის განმავლობაში მრავალი კულტურული, ეკონომიკური, საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიება ორივე ქვეყანაში ჩატარდება.

ქართული კულტურის ფესტივალი ბერლინში

ქართული კულტურის ფესტივალი ბერლინში

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს.