სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ადგილობრივ ბაზარზე მუდმივად მიმდინარეობს სხვადასხვა სურსათში ტყვიის შემცვლელობასთან დაკავშირებით მონიტორინგი. 2017 წლის მონიტორინგის შედეგები მიმდინარე კვირაში გახდება ცნობილი:
„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ადგილობრივ ბაზარზე მუდმივად მიმდინარეობს მონიტორინგი ტყვიის შემცველობაზე სხვადასხვა სურსათში, მათ შორის, სუნელებში. არსებული მონაცემებით, მასშტაბური დარღვევები არ აღინიშნება და ქართული სუნელები შეზღუდვის გარეშე გადის 30-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებში,“ – სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის, ზურაბ ჩეკურაშვილის კომენტარს სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ცნობითვე, სუნელებში ტყვიის შემცველობის შემოწმების მიზნით 2015-2016 წლებში აღებულია 38 ნიმუში, საიდანაც ტყვიის შემცველობა დასაშვებ ნორმას აღემატებოდა 1 შემთხვევაში. 2017 წელს სააგენტომ სარეალიზაციო ბაზარზე არსებული სხვადასხვა ობიექტიდან უკვე აიღო 60-მდე ნიმუში, რომლებიც გაგზავნილია კვლევისთვის აკრედიტირებულ ლაბორატორიაში და დეტალური ინფორმაცია შედეგების შესახებ მიმდინარე კვირის განმავლობაში გახდება ცნობილი.
On.ge-მ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 2017 წელსაც, ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტის ცნობით, ტყვიის საგანგაშო დოზა აღმოჩნდა საქართველოში ნაყიდ ან საქართველოდან აშშ-ში გაგზავნილ სუნელებში.
“დიახ, ჩვენ ვაგრძელებთ ნიუ-იორკში ტყვიით მოწამვლის შემთხვევების იდენტიფიცირებას, რაც დაკავშირებულია საქართველოში ნაყიდი, ან საქართველოდან გამოგზავნილი სუნელების მოხმარებასთან. ჩვენ, ზოგადად, რეკომენდაციას ვაძლევთ ადამიანებს, რომ სუნელები შეიძინონ ნიუ-იორკის ადგილობრივ მაღაზიებში. ჩვენი კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ საქართველოში ნაყიდ, ან საქართველოდან გამოგზავნილ სუნელებში უფრო მეტად არის ტყვიის მაღალი შემცველობა, ვიდრე აშშ-ის მაღაზიებში ნაყიდ სუნელებში”.- ეს პასუხი მიიღეს On.ge-ს ცნობით ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტიდან.