ახალი ამბები

ნაზღაიძის ძმისთვის ქონების გადაცემასთან დაკავშირებული სარჩელი სასამართლომ არ განიხილა

3 ივლისი, 2017 • 1512
ნაზღაიძის ძმისთვის ქონების გადაცემასთან დაკავშირებული სარჩელი სასამართლომ არ განიხილა

თბილისის საქალაქო სასამართლოს ცნობით, დღეს, 3 ივლისს, მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახის წევრისთვის მილიონამდე ქონების გადაცემის თაობაზე საკრებულოს დადგენილების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით სარჩელი დასაშვებად არ მიიღო.

სასამართლოს ცნობით, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ თბილისის საკრებულოს წევრების- სევდია უგრეხელიძის, მამუკა ახვლედიანის, ხათუნა სამნიძის, ზაზა ვეკუას, შორენა ბუხრაშვილის, ალექსანდრე ელისაშვილის სარჩელზე  საქმის წარმოება შეწყვიტა სარჩელის დაუშვებლობის გამო.

სასამართლოს ცნობით, მხარეთა შორის დავის საგანს   ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და  ახალი აქტის გამოცემის დავალდებულება წარმოადგენდა.

სადავო განკარგულება ზვიად ნაზღაიძისთვის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ჩამორთმევას და მის საკომპენსაციოდ თანხისა და სხვა მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების გზით გადაცემას ეხებოდა.

სასამართლოს განმარტებით, სარჩელის დაუშვებლად მიჩნევა დაეფუძნა იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის მიერ  ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საკრებულოს 2016 წლის 23 დეკემბერს მიღებული განკარგულების გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა იყო დარღვეული.

მასალების გადაბეჭდვის წესი