ახალი ამბები

სოფო ჯაფარიძემ პრემიერის თანაშემწის პოსტი დატოვა

3 ივლისი, 2017 • 4207
სოფო ჯაფარიძემ პრემიერის თანაშემწის პოსტი დატოვა

“სოფო ჯაფარიძემ  პრემიერ-მინისტრის თანაშემწის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ის ფეისბუკზე წერს და მიზეზად სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლის შესარჩევ კონკურსს ასახელებს, რომელშიც თვითონ მონაწილეობს.

“მინდა გაცნობოთ, რომ გადავწყვიტე დავტოვო დაკავებული თანამდებობა. ერთადერთი მიზეზი გახლავთ ის, რომ წინ დიდი გამოწვევა მელოდება ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატის ამპლუაში გასაუბრების სახით და, ვფიქრობ, მჭირდება მაქსიმალური კონცენტრაცია ამ მიმართულებით. იმედი მაქვს, გაგებით მოეკიდებით ჩემს გადაწყვეტილებას და წარმატებას მისურვებთ ამ უაღრესად მნიშვნელოვან ეტაპზე ჩემს ცხოვრებაში. ჩემთვის დიდი პატივი იყო მემუშავა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწედ ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში და ჩემი მცირედი წვლილი შემეტანა ამ მიმართულებით განხორციელებულ საქმიანობაში. დიდი მადლობა მხარდაჭერისა და თანამშრომლობისათვის”, – წერს ჯაფარიძე.

საქართველოს მთავრობამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის სამი კანდიდატი შეარჩია. კანდიდატები იმ ხუთკაციანი სიიდან შეირჩნენ, რომელიც მთავრობას წარუდგინა სათათბირო ორგანომ − სპეციალურად ამ მიზნისათვის შექმნილმა სამთავრობო კომისიამ.

მთავრობამ წარდგენილი ხუთი კანდიდატიდან შემდეგი სამი პირი შეარჩია:

1. ლადო ჭანტურია

2. სოფიო ჯაფარიძე

3. შოთა გეწაძე

სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურების შესარჩევად კონკურსი 21 თებერვალს გამოცხადდა.

მოსამართლეობის სურვილი  68  პირმა გამოთქვა. კონკურსანტების საბუთების საკონკურსო განაცხადთან შესაბამისობის დადგენის შემდგომ სპეციალურმა სამთავრობო კომისიამ უცხო ენის გამოცდაზე 24 კანდიდატი მიიწვია. მათ უფლება ჰქონდათ, ევროსაბჭოს ორი ოფიციალური ენიდან (ინგლისური, ფრანგული) აერჩიათ ერთ-ერთი და ჩაებარებინათ გამოცდა. ინგლისურ ენაში კანდიდატებისთვის ტესტირება − ბრიტანეთის საბჭომ, ხოლო ფრანგულ ენაში საქართველოს ფრანგულმა ინსტიტუტმა ჩაატარა.

მასალების გადაბეჭდვის წესი