ახალი ამბებიკომენტარი

ნაცვლიშვილი: სტრასბურგის მოსამართლეობის ძლიერი კანდიდატები საუკეთესო ხუთეულს მიღმა დარჩნენ

29 მაისი, 2017 • 15622
ნაცვლიშვილი: სტრასბურგის მოსამართლეობის ძლიერი კანდიდატები საუკეთესო ხუთეულს მიღმა დარჩნენ

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე და სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი კომისიის წევრი, ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ 28 მაისს კომისიამ რამდენიმე ღირსეული კანდიდატი დატოვა საუკეთესო ხუთეულს მიღმა.

ევროსასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა საუკეთესო ხუთეულში შევიდნენ: ლადო ჭანტურია (5 ქულა), სოფო ჯაფარიძე (4.69 ქულა), შოთა გეწაძე (3.85 ქულა), თამარ ალანია (3.77 ქულა), ირაკლი დონდოლაძე (3.69 ქულა). როგორც ამ ქულებიდან ჩანს, კომისიის წევრთა უმეტესობის მაღალი მხარდაჭერა მხოლოდ ორ კანდიდატს, ლადო ჭანტურიას და სოფო ჯაფარიძეს აქვს.

ნეტგაზეთთან საუბრისას ნაცვლიშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კომისიის მხრიდან სასამართლო ხელისუფლებისთვის მესიჯია ის, რომ ნინო ბაქაქური, ვინც იყო”იშვიათი მოსამართლე”, რომელმაც 2008 წელს არსებული ვითარების გამო მოსამართლის მანტია გაიხადა და სააპელაციო სასამართლოდან წავიდა, ვერ მოხვდა საუკეთესო ხუთეულში, ხოლო “სისტემის მორჩილმა” მოსამართლეებმა გადასვლა შეძლეს.

“საუკეთესო ხუთეულში ვერ მოხვდნენ ის კანდიდატები, რომელთა კვალიფიკაცია და კეთილსინდისიერება, ჩემი შეფასებით და არა მხოლოდ ჩემი შეფასებით, იმსახურებს ძალიან მაღალ ქულებს. მაგალითად, ვერ მოხვდა უზენაესი სასამართლოს გამორჩეული მოქმედი მოსამართლე, რომლის კომპეტენცია და კეთილსინდისიერება არის ძალიან მაღალი და არასდროს, არც ერთ კონკრეტულ საქმეში თუ ზოგადად, არ დამდგარა კითხვის ნიშნის ქვეშ – ეს არის ნინო ბაქაქური. ასევე, მაგალითად, კოტე კორკელია, რომელიც, როგორც პირველ კონკურსში, ასევე აქაც, საუკეთესო ხუთეულში ვერ მოხვდა.

ეს შეიძლებოდა მომხდარიყო ქულების ისეთი დაწერის პირობებში, როდესაც მიზანმიმართულად, კონკრეტული კანდიდატებისთვის იქნებოდა ძალიან დაბალი ქულები დაწერილი კომისიის არაერთი წევრის მხრიდან იმისათვის, რომ მათ ვერ გადაელახათ და ვერ მოხვედრილიყვნენ ხუთეულში,”- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

27 მაისს, სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებების პირველი ნაწილის დასრულების შემდეგ, “ნეტგაზეთთან” საუბრისას ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ კომისიის მთავარი მისია იყო,  ძალიან კარგი კანდიდატები არ დარჩენილიყვნენ სიის მიღმა. ნაცვლიშვილმა მაშინ ასევე განაცხადა, რომ წინა სიის წარდგენისას, რომელიც, მოგვიანებით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ჩააგდო, ძალიან საკამათო რეპუტაციისა და კომპეტენციის მქონე პირები გადავიდნენ მეორე ტურში და “იმ კომისიამ თავისი ფუნქცია ვერ შეასრულა”. დღეს ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ამჟამადაც ვერ გაართვა თავი კომისიამ ამ მისიას.

მისივე თქმით, როგორც შედეგები აჩვენებს, კომისიის წევრთა მხრიდან შეფასების ობიექტურობა სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

“ჩემთვის, როგორც კომისიის წევრისთვის და როგორც ამ ქვეყნის მოქლაქისთვის, ძალიან მძიმე იქნება, რომ მეორედ ჩავარდეს სია. თუმცა ძალიან იმედგაცრუებული ვარ ამ შედეგებით,”- განაცხადა საიას თავმჯდომარემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი