ბაია პატარაია: ოჯახში ძალადობის მსხვერპლზე პოლიციელები და ნათესავები ახდენენ ზეწოლას

კავშირ “საფარის” ხელმძღვანელი, ბაია პატარაია ამბობს, რომ ქალზე, რომელიც ძალადობის მსხვერპლი გახდა და ქმარს უჩივლა, ზეგავლენას ახდენენ როგორც ნათესავები, ასევე, პოლიციელებიც.

ბაია პატარაიამ 27 ივნისს ფეისბუკზე დაწერა ძალადობის მსხვერპლი ქალის შესახებ, რომელიც ქმარმა გონების დაკარგვამდე სცემა, მასზე სექსუალურად იძალადა და მოკვლით დაემუქრა. მისივე განცხადებით, “საფარისთვის” მიმართვის შემდეგ, დღის განმავლობაში, დაუკავშირდნენ არაერთ სახელმწიფო უწყებას, თუმცა მათი რეაგირება არაქმედითი იყო. საბოლოოდ, 27 ივნისს, ღამით, პოლიციამ სავარაუდო მოძალადე დააკავა. თუმცა, პატარაიას თქმით, ძალადობის მსხვერპლზე როგორც ქმრის ოჯახის ნათესავები, ასევე პოლიციელები ახდენენ ზეგავლენას და არც ის არის ნათელი, შეცვლის მსხვერპლი თუ არა ჩვენებას მოძალადე ქმრის სასარგებლოდ.

“მთელი საზოგადოება, ყველა, მას აიძულებს, რომ შეცვალოს ჩვენება და გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, მოძალადე დაიხსნას ციხიდან. ასევე, უკრძალავენ ჩვენთან ურთიერთობას. მასზე არის ძალიან დიდი წნეხი და ეს წნეხი მოდის პოლიციელებისგანაც. მას შეუძლია ჩვენი იმედი ჰქონდეს და აქვს კიდეც, მაგრამ ნათესავები, პრაქტიკულად, აშანტაჟებენ,”- განაცხადა ბაია პატარაიამ.

ნეტგაზეთმა შინაგან საქმეთა სამინისტროში იკითხა, მართლაც უსაყვედურეს თუ არა ქალს პოლიციელებმა არასამთავრობო ორგანიზაციისთვის მიმართვის გამო. უწყების განცხადებით, საგამოძიებო მოქმედებები ინფორმაციის მიღებისთანავე დაიწყო. ასევე, არ შეესაბამება სინამდვილეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ინფორმაციის გასაჯაროების შემდეგ პოლიციელებმა მსხვერპლს უსაყვედურეს.

ბაია პატარაია კი ამბობს, რომ ამის შესახებ მსხვერპლი ქალისთვის არაფერი უკითხავთ. ასევე, პოლიციამ არ ჩაიბარა “საფარის” იურისტის ორდერი.

“ვინმემ ამ ქალს ჰკითხა, როგორ ექცევა ინსპექტორი და როგორ ექცევიან პოლიციელები? არა, არავის უკითხავს. ჩვენთან მოდის და გვიყვება იმიტომ, რომ ჩვენთან დასამალი არაფერი აქვს… ეუნებიან, რომ რამ მიგიყვანა არასამთავრობო ორგანიზაციაში, მათ დარეკეს გენერალურ ინსპექციაში და ჩვენ პრობლემები გვექმნება ამის გამოო… და ეუბნებიან, რომ გაწყვიტე ურთიერთობა არასამთავრობო ორგანიზაციასთანო. ამ ქალმა წაიღო ჩვენი იურისტის ორდერი, სადაც ეწერა, რომ მისი ოფიციალური წარმომადგენელი არის ჩვენი იურისტი, ცხვირწინ უტრიალეს, ეს რა ქაღალდიაო,”- ამბობს პატარაია.

ბაია პატარაია გვეუბნება, რომ ამის მიუხედავად, სისხლის სამართლის საქმე უკვე მიმდინარეობს და ქალს ჩაუტარდა ექსერტიზა, სადაც დაფიქსირებულია მისი დაზიანებები. მისივე თქმით, ახლა უკვე საქმეში პროკურატურა ჩაერთვება.

იგი ამბობს, რომ პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც პოლიციელები მსხვერპლს საყვედურობენ მომხდარის გასაჯაროების გამო:

“როდესაც მე ვწერ იმავე ფეისბუკის “სტატუსებს”, ამ “სტატუსებს” კითხულობს ძალიან ბევრი ადამიანი, მათ შორის, ძალოვანი სტრუქტურები. როცა უკვე ზემოდან ქვემოთ მოდის სამართლიანი გადაწყვეტილებები და ცდილობს გენინსპექცია, რომ პასუხი მოსთხოვოს რიგით პოლიციელს, რომელმაც არაკეთილსინდისიერად და არაკომპეტენტურად იმუშავა, ამ შემთხვევევაში ეს რიგითი პოლიციელები ახორციელებენ დამატებით ზეწოლას მსხვერპლზე, მას სთხოვენ პასუხს. ამ შემთხვევაშიც ეს მოხდა. ეუბნებიან, რომ ჩვენ ისედაც ყველაფერს გიკეთებდით და ისედაც გეხმარებოდით, ახლა შენ გამო ჩვენ გვექმნება პრობლემებიო. ეს “სტატუსები” სრულიად არაიდენტიფიცირებადი და ანონიმურია, უბრალოდ, თვითონ ხვდებიან, რომ მათზეა ეს სტატუსი”.

მისივე თქმით, ხშირად ქალზე ასეთი ზეწოლა იწვევს იმას, რომ საქმე საერთოდ წყდება, ან გამამართლებელი განაჩენი დგება.

“ერთი მხრივ, საკუთარი ნათესავები და ქმრის ნათესავები ძალიან დიდ ზეწოლას ახორციელებენ ხოლმე მსხვერპლ ქალზე, რომ შეცვალოს ჩვენება, აღარ დაადასტუროს, იმისთვის, რომ რამენაირად მოახერხოს, რომ გამოძიება შეწყდეს, ან გამამართლებელი განაჩენი დადგეს. არანირი მორალური მხრდაჭერა ძალადობის მსხვერპლს არ აქვს იმიტომ, რომ ხშირად ემორჩილება ნათესავების და ოჯახის მიერ განხორცილებულ ძალადობას. ამ შემთხვევეაში ძალიან უჭირს სასამართლოსაც და პროკურატურასაც საქმის წარმოება, თუ გამოეცალა მსხვერპლი, როგორც მოსარჩელე, ხელიდან.

ეს ნებისმიერი მსხვერპლი ქალისთვის არის ძალიან რთულად გადასატანი. მას ისედაც ძალიან ბევრი პრობლემა აქვს. ისედაც ძლივს გადადგა ის ნაბიჯი, რომ საკუთარი თავი დაიცვას და აღმოჩნდება ხოლმე, რომ არც სისტემა არ დგას მის გვერდით, არც საზოგადოება დგას მის გვერდით. შეიძლება მის გვერდით იყოს მაღალი დონის ოფიციალური წარმომადგენლები, რომლებიც ზემოდან ქვემოთ იძლევიან დირექტივებს, რომ დროზე გამოიძიეთ ეს საქმე, და არასამთავრობო სექტორი, რომელიც მხარში უდგას ამ ქალს. მეტი მოკავშირე ამ ქალს არ ჰყავს,”- ამბობს ბაია პატარაია.

ნეტგაზეთს შსს-ში განუცხადეს, რომ ამ საქმეზე გამოძიება ოჯახში ძალადობის მუხლით მიმდინარეობს (სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლი).

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი