ბაქო, აზერბაიჯანი; ფოტო: ნეტგაზეთი, თეიმურ მაკსუტოვი; 2016

თბილისში “გაუჩინარებული” ჟურნალისტი ბაქოშია დაპატიმრებული

აზერბაიჯანში მომუშავე ჟურნალისტების ცნობით, თბილისში “გაუჩინარებული” ჟურნალისტი აფგან მუხთარგლი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იმყოფება.

მათივე ცნობით, ბაქოში გადაყვანილმა ჟურნალისტმა იურისტ ნემატ ქერიმლის დაურეკა და დახმარება სთხოვა.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, ჟურნალისტი საქართველოს ტერიტორიიდან აზერბაიჯანის სპეცსამსახურებმა გაიტაცეს.

აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი უკანასკნელად 29 მაისს, დაახლოებით 19:00 საათზე ნახეს თბილისში. ის დაემშვიდობა თავის მეგობარს, ვისაც ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე კაფეში შეხვდა, დაურეკა მეუღლეს და უთხრა, რომ მალე მივიდოდა სახლში. თუმცა ამის შემდეგ ის აღარავის უნახავს, მობილური კი გამორთული აქვს. როგორც მისი მეუღლე, ლეილა მუსტაფაიევა და მისი მეგობარი დაშგინ აღალარლი იუწყებიან, ბოლო პერიოდში აფგან მუხთარლის უცნობი პირები, სავარაუდოდ, აზერბაიჯანელები უთვალთვალებდნენ.

საქართველოს შსს-ს დღევანდელი განმარტებით, “საქმეზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლი მიხედვით, რაც გულისხმობს თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას”.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი