ადამიანის უფლებების კომიტეტმა დევნილებისთვის შემწეობის გაზრდის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

დღეს, 29 მაისს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, იზრდება დევნილების შემწეობა და არაოკუპირებულ ტერიტორიებზე დაბადებულ თაობებს დევნილის სტატუსი ავტომატურად მიენიჭებათ.

კანონპროექტის ავტორები არიან “ევროპული საქართველოს” წევრები, ელენე ხოშტარია და ზურაბ ჭიაბერაშვილი. მათ პარლამენტში ინიცირებული აქვთ ორი კანონპროექტი, ერთი შეეხება დევნილების შემწეობის გაზრდასა და ფინანასურ ნაწილს, ხოლო მეორე- დევნილის სტატუსის ქონას, რომ მათ დევნილის სტატუსი რეგისტრაციის გარეშე ექნებათ.

ელენე ხოშტარიამ კომიტეტის სხდომაზე სტყვით გამოსვლისას მოუწოდა პარლამენტარებს, რომ იმ საკითხებს, რომლებმაც შეიძლება სიკეთე მოუტანოს ადამიანებს, მხარი უნდა დაუჭირონ.

კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, “ქართული ოცნების” წევრმა  გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომ თავად უჭერს ამ კანონპროექტს მსარს და სხვებსაც მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

“ბევრი რამე შეიძლება არ არის ისეთი პრინციპული, ან ფინანსურად შეიძლება დამატებით საჭიროებდეს დაანგარიშებას… როგორ იცხოვრებს საქართველოში დევნილი ადამიანი, ეს არის ყველაზე მთავარი მესიჯი აფხაზეთში მაცხოვრებელი ადამიანებისთვის. პრინციპს, რომ დევნილებმა უნდა იცხოვრონ უკეთესად და გაუმჯობესდეს მათი ცხოვრების პირობები, ამ პრინციპს მე მხარს დავუჭერ. რაც შეეხება კანონის მიღება-არმიღებას, ამაზე, რა თქმა უნდა, გაგრძელდება მსჯელობა, მაგრამ მე მგონია, რომ შესაძლებელია ამას ადამიანის უფლებების კომიტეტში, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირონ”, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

კანონპროექტის მიხედვით:

  •  დევნილის შემწეობა 45-დან 60 ლარამდე გაიზრდება
  • ყოველთვიური დასაბეგრი შემოსავლის ზღვარი, რომლის მიღების შემთხვევაში დევნილს ეხსნება შემწეობა, აიწევს 1250-დან 1500 ლარამდე
  • დევნილი ოჯახის ბინით უზრუნველყოფის შემთხვევაშიც ისინი მიიღებენ შემწეობას
  • დევნილის შემწეობის მიღება არ შეუწყდება, თუ სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახებისათვის განკუთვნილი სოციალური დახმარების მიღებაზე თანხმობა განაცხადა
  • დევნილის სტატუსი რეგისტრაციის გარეშე მიენიჭება იძულებით გადაადგილებულ პირებსა და მათ შთამომავლებს.

კანონპროექტის მიხედვით, ეს ცვლილებები 2018 წლის იანვრიდან ამოქმედდება.

“მნიშვნელოვანია, დევნილის პოლიტიკური სტატუსის ხელშეუხებლობა განმტკიცდეს საკანონმდებლო დონეზე, რათა არ მოხდეს დევნილობის პოლიტიკური მნიშვნელობის დაკნინება და, შესაბამისად, გამოირიცხოს ამ მხრივ ქვეყნის პოლიტიკური პოზიციის დაქვეითება”, – წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ამ კანონპროექტის ამოქმედება გამოიწვევს 75.3 მილიონი ლარით ზრდას

  • თვეში შემწეობის 15 ლარით (წელიწადში 180 ლარი) გაზრდას სჭირდება დამატებით 40.5 მილიონი ლარი. 32 000 დევნილი, რომელიც სოციალური დახმარების გამო ვერ იღებს დახმარებას, მათთვის დაგვიჯდება დამატებით 23 მილიონი ლარი.
  • დევნილთა შემწეობით სარგებლობს 225 000 ადამიანი. ერთი დევნილი თვეში 45 (წელიწადში 540 ლარი) ლარის შემწეობას იღებს თვეში. ჯამში, ყოველწლიურად 121.5 მილიონი ლარია.
  • შემოსავლის ზღვარი გაიზრდება 1 250 ლარიდან 1 500 ლარამდე და სოციალური დახმარების გათვალისწინება შემწეობის მიმღებთა რაოდენობას დამატებით გაგვიზრდის მაქსიმუმ 16 400 ადამიანით (273 400 – 32 000 – 225 000). დამატებით 16 400 ადამიანს წელიწადში 11.8 მილიონი ლარი დასჭირდება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com