ახალი ამბებისაზოგადოება

“ანტისტრესული სათამაშო” საქართველოშიც პოპულარულია – Fidget Spinner

22 მაისი, 2017 • 10822
“ანტისტრესული სათამაშო” საქართველოშიც პოპულარულია – Fidget Spinner

თუ ფილმის, ფეხბურთის ან პოლიტიკური და გასართობი შოუების დროს ხელების თამაში გიყვართ, მაშინ ეს სტატია დაგაინტერესებთ, რადგან ის შესაბამის გასართობს ეხება.

fidget spinner (CC) JIA WILSON

fidget spinner (CC) JIA WILSON

ბზრიალა (Fidget Spinner) ეს არის სათამაშო, რომელიც ამჟამად მსოფლიოში სუპერ-პოპულარობით სარგებლობს. ამაზონზე ყველაზე ხშირად გაყიდვადი სათამაშოების ოცეულიდან ოცივე სპინერია. Google Trends-ის მიხედვით, ინტერნეტში (მათ შორის საქართველოდან) ძებნის თვალსაზრისით სპინერმა პიკს 2017 წლის მაისში მიაღწია. სათამაშოს ფასი ამაზონზე დაახლოებით 5 ლარიდან იწყება.

რისი გაკეთება შეგიძლიათ Fidget Spinner-ით? ბევრი არაფრის. თქვენ შეგიძლიათ ის მხოლოდ ატრიალოთ… სპინერი ხმასაც გამოსცემს. თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ სათამაშო სტრესს ხსნის და განსაკუთრებით ეხმარება სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებს, თუმცა Forbes-ის ინფორმაციით, ეს მხოლოდ თეორიებია და შესაბამისი სამედიცინო მტკიცებულებები ჯერ არ არსებობს. 

The New York Times და The Guardian სათამაშოს გამომგონებლად კეტრინ ჰეტინგერს ასახელებენ.

“თანამედროვე ცხოვრებაში ძალიან ბევრი გარემოება გვხვდება, რომელთა გამოც შეიძლება პარალიზებული, შეზღუდული იყო. ასეთი რაღაცები სტრესისგან გასათავისუფლებლად გვჭირდება”, – ამბობს ჰეტინგერი გარდიანისთვის მიცემულ ინტერვიუში.

გამოცემის ინფორმაციით, ჰეტინგერი სპინერზე პატენტს 2005 წლამდე ფლობდა, თუმცა ამის შემდეგ, უფლების გაგრძელებისთვის დაწესებული $400 ვერ გადაიხადა, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეს  მის მიერ შექმნილი სათამაშოს პოპულარობის გამო ფულს ვერ შოულობს.

The Guardian ასევე წერს, რომ სპინერის ტარება დიდი ბრიტანეთის სკოლების ნაწილში აიკრძალა, რადგან მასწავლებლების აზრით, ის ბავშვებს სწავლაში ხელს უშლის.

“მე ვიცნობ სპეციალური საჭირობების მქონე ბავშვებთან მომუშავე მასწავლებელს, რომელიც სათამაშოს აუტიზმის მქონე ბავშვებთან  იყენებდა და ძალიან ეხმარებოდა”, – აცხადებს ჰეტინგერი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი