ახალი ამბები

ივანიშვილი: ერდოღანთან საუბრისას მეჩეთის საკითხი საკმაოდ მწვავედ დაისვა

16 თებერვალი, 2013 • • 1578
ივანიშვილი: ერდოღანთან საუბრისას მეჩეთის საკითხი საკმაოდ მწვავედ დაისვა

“მეჩეთთან დაკავშირებით, მე მგონია, რომ ძალიან საინტერესო შეთანხმებას მივაღწიეთ, ბატონ ერდოღანთან, როდესაც ერთი ერთზე ვსაუბრობდით ეს თემა საკმაოდ მწვავედ დაისვა და მე მგონი, რომ მოვახერხეთ შეთანხმება. ის, რომ იმ ადგილზე და აზიზიეს სახელით მეჩეთი არ უნდა აშენდეს შევთანხმდით. ამავდროულად ბათუმში, აჭარაში, ჩვენი ქართვლი მუსულმანი მოსახლეობა ძალიან ბევრია, ამავდროულად არიან ინვესტორები თუ ტურისტები მუსულმანები და იქ არ არის საკმარისი სალოცავი. თუ გინახავთ ბათუში ეზოში გამოდიან და ვერ თავსდებიან ხშირად და ქუჩაში უწევთ გამოსვლა სალოცავად.რა თქმა უნდა, არ არის პრობლემა საქართველოში და თვითონ აჭარაში 200–ზე მეტი მეჩეთია და არაფერი პრობლემა არ არის მეჩეთის აშენების.

 

ადგილს იძიებს აჭარის მთავრობის მეთაური. ხაბაძე ჩვენს დელეგაციაში იყო. აშენდება მეჩეთი ამას არ ჭირდება არავითარი პოლიტიკური დატვირთვა. ამავდროულად ბატონმა ერდოღანმა თქვა, რომ ქართული დელეგაცია, ექსპერტებით და არქიტექტორებით დაიშვება ოშკისა და იშხნის რესტავრაციაზე, მე მგონი, რომ ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯია. ძალიან წარმატებული ვიზიტი გვქონდა და არამარტო ამ საკითხში, პრაქტიკულად ყველა საკითხზე შევთანხმდით. თქვენ გახსოვთ ამ საკითხს, როგორ აჟიტირებას უკეთებდა “ნაციონალური მოძრაობა” და როგორ საპირისპირო განცხადებები კეთდებოდა. ამ დროს პირველსავე შეხვედრაზე აბსოლუტურად ჯანსაღად დარეგულირდა ეს პროცესი”. –განაცხადა ივანიშვილმა. 

 

შეგახსენებთ, რომ 15 თებერვალს, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ  განცხადა, რომ  ბათუმში გამოიყოფა ადგილი, სადაც მეჩეთი აშენდება. ამ  საკითხზე კომენტარი გააკეთა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამაც.

 

“ინფორმაცია თუ სად აშენდება მეჩეთი, არ ვიცით, მთავარია პრინციპული შეთანხმება მოხდა. აზიზიესთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, თავს შევიკავებთ, მაგრამ ახალი მეჩეთი აშენდება”, – განაცხადა გურამ ოდიშარიამ. რაც შეეხება თურქეთის ტერიტორიაზე ძველი ტაძრების რესტავრაციას, მინისტრის თქმით, ამ საკითხზე მოგვიანებით გაიმართება პრესკონფერენცია და დეტალები შემდეგ გახდება ცნობილი.

 

დაახლოებით ერთი წლის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოშკისა და იშხანის რესტავრაციის სანაცვლოდ, საქართველოს და თურქეთის მთავრობებს შორის შეთანხმების შედეგად, უნდა აშენებულიყო აზიზიეს მეჩეთი ბათუმში, რასაც საქართველოში მოსახლეობის ნაწილის პროტესტი მოჰყვა. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გავრცელდა ცნობა, რომ თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე ქართული ძეგლების რესტავრაციის სანაცვლოდ შეიძლება ახალციხეში რეაბილიტირებული ახმედის მეჩეთის ისტორიული იერსახის აღდგენა იყოს საკმარისი. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი