ახალი ამბები

“ის კარგ საქმეებს არ აკეთებდა” – ტრამპი FBI–ის უფროსის დათხოვნაზე

10 მაისი, 2017 • 2388
“ის კარგ საქმეებს არ აკეთებდა” – ტრამპი FBI–ის უფროსის დათხოვნაზე

აშშ–ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პოსტიდან დაითხოვა გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ხელმძღვანელი ჯეიმს კოუმი.

“იმიტომ, რომ ის კარგ საქმეებს არ აკეთებდა,” – ასე უპასუხა პრეზიდენტმა ტრამპმა ჟურნალისტების შეკითხვას, თუ რა გახდა კოუმის დათხოვნის მიზეზი.

ტრამპმა ეს განცხადება ოვალურ დარბაზში იმ დროს გააკეთა, როცა ყოფილ სახელმწიფო მინისტრს, ჰენრი კისინჯერს ხვდებოდა. მანამდე კი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვსა და რუსეთის ელჩს აშშ–ში სერგეი კისლიაკს შეხვდა.

შეკითხვაზე, უკავშირდება თუ არა კოუმის გადაყენება რუს პოლიტიკოსებთან შეხვედრას, ტრამპმა უპასუხა: “არანაირად”.
CNN–ის ცნობით, კისლიაკი ცენტრალურ ფიგურას წარმოადგენდა მაშინ, როდესაც ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიის დროს რუსეთთან კავშირის თაობაზე მითქმა-მოთქმა იყო ატეხილი. მაიკლ ფლინი სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის პოსტიდან მას შემდეგ დაითხოვეს, როდესაც გაირკვა, რომ ფლინმა თეთრ სახლში ერთ-ერთი შეხვედრის დროს კისლიაკთან საუბრის არასწორი პერიფრაზირება მოახდინა.
ჯეიმს კოუმის აკრიტიკებდნენ როგორც რესპუბლიკელები, ისე დემოკრატები, იმ პერიოდში, როცა იგი ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნების დროს დემოკრატების კანდიდატის, ჰილარი კლინტონის ელექტრონულ ფოსტასთან დაკავშირებულ საქმეს იძიებდა.
CNN–ის ცნობით, წყარო იუწყებოდა, რომ  ჯეიმს კოუმმა იუსტიციის დეპარტამენტს ბევრად მეტი მასალა მოსთხოვა იმისათვის, რომ გამოეძიებინათ, რა როლი ჰქონდა რუსეთს აშშ–ის არჩევნებში და დაედგინათ მისი კავშირები დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიასთან. თუმცა იუსტიციის დეპარტამენტმა ეს ინფორმაცია უარყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი