ახალი ამბები

“ლისი დეველოპმენტის” განმარტება ლისის ტბაზე დამწვარ ხეებთან დაკავშირებით

1 მაისი, 2017 • 7208
“ლისი დეველოპმენტის” განმარტება ლისის ტბაზე დამწვარ ხეებთან დაკავშირებით

ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ხეებს ცეცხლი რამდენიმე წლის წინ ბუნებრივად გაუჩნდა, აცხადებს კომპანია “ლისი დეველოპმენტი”, რომლის საკუთრებაშიც არის აღნიშნული ტერიტორია.

კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ნოდარ ადეიშვილმა განაცხადა, რომ ცეცხლი ხეებს რამდენიმე წლის წინ გაუჩნდა, ზოგიერთს კი- შარშან.

“ჩვენი ცნობით, ხანძარი იყო ბუნებრივი, გამოწვეული, სავარაუდოდ,  მინდვრის ხანძრით. აღნიშნულ ტეტირორიაზე არ ვაპირებთ მშენებლობას. ის ფაქტი, რომ გაშავებულია ძირები, გამოწვეულია იმით, რომ მინდვრის ხანძრის შემდეგ ბალახი გაიზარდა და შავად არის დარჩენილი ხის ძირები”, – განუცხადა “რუსთავი 2”-ს ნოდარ ადეიშვილმა, “ლისი დეველოპმენტის” გენერალურმა დირექტორმა.

აღნიშნულ საკითხს თბილისის მერი დავით ნარმანიაც გამოეხმაურა.

“ეს არის ნახანძრალი ხეები, როდესაც რამდენიმე წლის წინ, ზაფხულის განმავლობაში ბალახს გაუჩნდა ცეცხლი და რამდენიმე ხე დაიწვა. სირცხვილია, უბრალოდ, მათი ასეთი ქცევა, როცა დეზინფორმაციით ცდილობენ, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. უბრალოდ, გვინდა გაერკვნენ საკითხში, მოგვისმინონ ჩვენ და შემდეგ გააკეთონ განცხადება. კიდევ უფრო უკეთესი იქნება, ბარს მოკიდონ ხელი და გაამწვანონ ჩვენი ქალაქი”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

“ლისი დეველოპმენტი” სამშენებლო კომპანიაა. კითხვები გაჩნდა იმასთან დაკავშირებით, ხომ არ მოხდა ხელოვნური ხანძარი ხეების დასაზიანებლად, რათა კომპანიას იქ სამშენებლო სამუშაოები დაეწყო, ამ ფაქტს კომპანია უარყოფს.

“ლისი დეველომპმენტის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე “თიბისი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძეა.

დამწვარი ხეები ლისის ტბაზე. ფოტო: ლევან ხაბეიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი