ახალი ამბები

უმრავლესობა მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებასთან დაკავშირებით ვერ თანხმდება

27 აპრილი, 2017 • 2082
უმრავლესობა მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებასთან დაკავშირებით ვერ თანხმდება

საპარლამენტო უმრავლესობაში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებაზე აზრთა სხვადასხვაობაა. უმრავლესობაში შემავალი მაჟორიტარების ნაწილი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ინიციატივას არ ეთანხმება.

ამ საკითხის შესახებ დღეს, 27 აპრილს, საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრაზე იმსჯელეს. შეხვედრის შემდეგ მაჟორიტარმა დეპუტატმა, კახაბერ ოქრიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნებაზე დეპუტატების დარწმუნებას ეცდება.

“ვცდილობ მმართველი გუნდის დარწმუნებას, რომ მაჟორიტარულ სისტემას არ შევეხოთ და შერეული სისტემა დავტოვოთ. ბევრი მომხრე გვყავს, თუმცა არსებობს ჯგუფები, რომლებიც ფიქრობენ, რომ უნდა გვქონდეს პროპორციული სისტემა ბონუსით,”- განაცხადა ოქრიაშვილმა.

მისივე თქმით, გუნდი შეჯერდება და გადაწყვეტილებას მიიღებს:

“დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენს აზრზე გადმოვიყვანთ მთელ გუნდს და მაჟორიტარულ სისტემას შევინარჩუნებთ. მომდევნი ერთი თვის განმავლობაში ყველაფერი გახდება ცნობილი,” -ამბობს ოქრიაშვილი.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე არ გამორიცხავს, რომ საჯარო განხილვებისა და პარლამენტში განხილვის შემდეგ კონსტიტუციის პროექტი შეიცვალოს:

“დარჩება თუ არა მაჟორიტარული სისტემა, ამას საპარლამენტო განხილვა გვიჩვენებს. ამ ეტაპზე პროექტი ითვალისწინებს პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. ასევე, ჩვენ დიდი ყურადღებით განვიხილავთ ვენეციის კომისიის იურიდიულ არგუმენტებს, როცა წარმოგვიდგენენ,”- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

უმრავლესობის წევრი კიდევ ერთი დეპუტატი, თეიმურაზ ჭკუასელი ამბობს, რომ ყველა საარჩევნო სისტემას აქვს დადებითი და უარყოფითი მხარე:

“მიმაჩნია, რომ დეპუტატის პირდაპირი წესით არჩევა ძალიან ნორმალურია, თუმცა ჩვენ უნდა ვიფიქროთ ქვეყანაზე, რაც ქვეყნისთვის უკეთესია, ის უნდა გავაკეთოთ. დღესაც ვიმსჯელეთ და ითქვა, რომ ქვეყნისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლა უკეთესია. მეც ასე მივიჩნევ,”- აცხადებს ჭკუასელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი