ukraine

27-30 აპრილს თბილისში უკრაინული ფილმების ფესტივალი გაიმართება

27 აპრილს თბილისში უკრაინული ფილმების ფესტივალი „უკრაინა ფოკუსში“ გაიხსნება. თანამედროვე უკრაინული ფილმების ჩვენება კინოთეატრ „ამირანში“ 30 აპრილამდე გაგრძელდება და სეანსებზე დასწრება ყველასთვის უფასო იქნება. კინოფილმებს უკრაინულ ენაზე ინგლისური და ქართული სუბტიტრებით უჩვენებენ.

ფესტივალი 20:00 საათზე რეჟისორ ტარას ტკაჩენკოს ფილმით „გვრიტის ბუდე“ (2016) გაიხსნება. შედგომ, 28-30 აპრილს, ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება შემდეგი კინოფილმები: „ბებიაჩემი ფანი კაპლანი“ (მხატვრული ფილმი, რეჟისორი ოლენა დემიანენკო, 2016 წელი), “#SELFIEPARTY” (მხატვრული ფილმი, რეჟისორი ლიუბომირ ლევიცკი, 2016 წელი), „უკრაინელი შერიფები“ (დოკუმენტური ფილმი, რეჟისორი რომან ბონდარჩუკი, 2016 წელი), „რიდნი“ (მშობლიურები) (დოკუმენტური ფილმი, რეჟისორი ვიტალი მანსკი, 2016 წელი), „ხალხის მსახური 2“ (მხატვრული ფილმი, რეჟისორი ოლექსი კირიუშჩენკო, 2016 წელი).

29 აპრილს, 20:00 საათზე მაყურებელს შეეძლება ნახოს მოკლემეტრაჟიანი ფილმები – ოდესის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული ნამუშევრები: „მოშორებით“ (რეჟისორი კატია გორნოსტაი, 2015 წელი), „ლურსმანი“ (რეჟისორი ფილიპ სოტნიჩენკო, 2016 წელი), „კაცური სამუშაო“ (რეჟისორი მარინა სტეპანსკა, 2015 წელი), „მანჩესტერში წვიმდა“ (რეჟისორი ანტონიო ლუკიჩი, 2016 წელი).

ბავშვებისთვის ფესტივალის ფარგლებში უჩვნებენ თანამედროვე ანიმაციურ ფილმს „დრაკონის მოჯადოება“ (მიკიტა კოჟუმიაკას) (რეჟისორი მანუკ დეპოიანი).

ფესტივალის ორგანიზატორთა ინფორმაციით, გარდა კინოჩვენებებისა, მსურველებს ასევე შეეძლებათ დაესწრონ შეხვედრებს უკრაინელ კინემატოგრაფისტებთან მასტერკლასების ფარგლებში, რომელიც გაიმართება 28 აპრილს, დღის განმავლობაში RadioCafe –ში (თბილისი, დოლიძის ქუჩა 2).

კინოოპერატორი იაროსლავ პილუნსკი წარმოადგენს პროექტ „ყვითელი ავტობუსს“, რომელიც მიზნად ისახავს კულტურულ–საგანმანათლებლო კომუნიკაციას ბავშვებთან, კინოთეატრ „ჟოვტენის“ (ოქტომბერი) (უკრაინა, ქ. კიევი) დირექტორი, ლუდმილა გორდელაძე გიამბობთ კინემატოგრაფიაში თავისი გამოცდილების შესახებ, ასევე, ეროვნული და არტჰაუსური კინოს გაქირავებაზე კინოთეატრ „ჟოვტენის“ მაგალითზე. შემოქმედებით შეხვედრას გაუძღვება კინოსა და თეატრის მსახიობი, მთავარი როლის შემსრულებელი ფილმში „გვრიტის ბუდე“, რიმა ზიუბინა. ხოლო იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ავაგოთ საფესტივალე სტრატეგია ფილმისთვის, მოგითხრობთ ოდესის საერთაშორისო კინოფესტივალის გენერალური პროდიუსერი იულია სინკევიჩი. რეჟისორი რომან ბონდარჩუკი მასტერკლასების დროს გესაუბრებათ ოსკარის კამპანიის წყალქვეშა ქვებზე თავისი ფილმის, „უკრაინელი შერიფების“ მაგალითზე. სექციას დაასრულებს „კინოინდუსტრია“ – დისკუსია უკრაინელი პროდიუსერებისა და ფილიპ ილენკოს, კინოს საკითხებში უკრაინის სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის მონაწილებით.

ფესტივალის ორგანიზატორები არიან კომპანია FX Film Georgia და JS Films. ღონისძიება გაიმართება კინოს საკითხებში უკრაინის სახელმწიფო სააგენტოს, საქართველოში უკრაინის საელჩოს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, საქართველოს ეროვნული კინოცენტრის, ოდესის საერთაშორისო კონოფესტივალის, ასევე კომპანია Solar Media Entertament-ის და Arcadia Media House-ის მხარდაჭერით.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი