გიგინეიშვილი: მაყურებელს თვითმფრინავის ბიჭებზე მითების სიმართლედ დანახვა უნდა

25 აპრილს, კინოთეარტ “ამირანში” ფილმ “მძევლების” ჩვენების შემდეგ დარბაზში შეკრებილ მაყურებელს თავად ფილმის რეჟისორი რეზო გიგინეიშვილი, სცენარის ავტორი ლაშა ბუღაძე და ფილმის მონაწილე მსახიობები შეხვდნენ. შემოქმედებითი ჯგუფის წევრებმა მაყურებლის შეკითხვებს უპასუხეს.

“მეკითხებიან: “რატომ არ ანახეთ დახვრეტა?” ჩვენ მიჯაჭვული ვართ ტელეეკრანებს და მიჩვეული ვართ, რომ უნდა ვნახოთ ფაქტები თავიდან ბოლომდე. კინო სხვა რამეა. ლაშასთანაც მქონია კონფლიქტები, ჩემთვის კინოში სიტყვა არაფერია. ჩემთვის მდგომარეობაა მნიშვნელოვანი,” – ამბობს გიგინეიშვილი.

ფილმის გადაღებისათვის რეჟისორი 7 წელი ემზადებოდა. 3 წლის განმალობაში კი მწერალ ლაშა ბუღაძესთან ერთად სცენარს წერდა. მისთვის მთავარი ამოცანა, როგორც თავად ამბობს, იყო ფილმის გადაღება, რომელიც მაქსიმალურად ასახავდა რეალურ ფაქტებს, ამიტომ წლების განმავლობაში სწავლობდა არქივებს და ხვდებოდა მოვლენების თანამონაწილეებს. იდეისა და პესონაჟთა მოტივაციის ნაკლებობასთან დაკავშირებით კრიტიკას იღებს და ამბობს, რომ ეს სწორედაც რომ რეალური ფაქტების აღდგენით მიღებული შედეგია. რადგან ხშირ შემთხვევაში საზოგადოებაში გავრცელებული მითები თვითმფრინავის გატაცების ამბის გარშემო მაყურებელს რეალობად მიაჩნია და უჭირს მათი გამიჯვნა. მაშინ, როდესაც თავად გმირების რეალური მოტივაცია არქივებში არსად იკვეთება.

გიგინეიშვილის თქმით, უცხოელი მაყურებლისათვის, რომელიც თავისუფალია წინასწარი განწყობებისაგან, ფილმის შინაარსის გააზრება უფრო მარტივიც კია და ისინი ყოფით დეტალებშიც პოულობენ სიახლეს. მაგალითად, ამერიკელი მაყურებლისათვის ის ფაქტი, რომ ქორწილის მეორე დღეს დედა, შვილი და რძალი ერთ სახლში იღვიძებენ, უკვე უცნაურია.

“ასეთი ფორმატის შეხვედრები შედგა ზუსტად იმ მაყურებელთან, რომელმაც საერთოდ არაფერი იცის ამ ისტორიის შესახებ. ის მაყურებელი აღმოჩნდა უფრო თავისუფალი, რადგანაც საქართველოში ბევრი მითი გაუგიათ ამ ისტორიის გარშემო, ხანდახან მაყურებელს უნდა ეს ტყუილები დაინახოს როგორც რეალობა. მე და ლაშამ ამოვირჩიეთ გზა, რომ გავყოლოდით სიმართლეს. აქ რა არის მნიშვნელოვანი: ასეთი ფილმები, რომლებიც არის ერთგვარი მცდელობა, რომ იყოს დროის რეკონსტრუქცია, თუ შენ ამას არღვევ და სინამდვილის მოყოლა არ გინდა, ეს არ არის მტკიცებულება, ეს არის ტყუილი. ჩვენ შევეცადეთ და მთავარი მიზანი იყო, რომ აგვეღწერა ის გარემო, ის სივრცე, რომელიც იქნებოდა დამაჯერებელი,” – ამბობს რეზო გიგინეიშვილი.

რეჟისორი რეზო გიგინეიშვილი და მწერალი ლაშა ბუღაძე, ფილის მსახიობებთან ერთად მაყურებელს შეხვნენ 25.04.17 ფოტო: ნეტგაზეთი

რეჟისორი რეზო გიგინეიშვილი და მწერალი ლაშა ბუღაძე, ფილის მსახიობებთან ერთად მაყურებელს შეხვნენ 25.04.17 ფოტო: ნეტგაზეთი

ფილმის მთავარი მოქმედი პერსონაჟები გმირები არიან, თუ ტერიროსტები? რეჟისორის თქმით, ისინი წლების განმავლობაში სწავლობდნენ საარქივო მასალებს და ვერსად ამოიკითხა ერთი ძირითად მიზეზი ან მოტივაციის მიმცემი ფაქტორი, რის გამოც ამ ადამიანებმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს. პერსონაჟების შექმნისას მან გაითვალისწინა ისიც, რომ თუ პერსონაჟების გადაწყვეტილებას რაღაც კუთხით მაინც გაამართლებდა, ამით გაამრთლებდა ტერორისტულ აქტს:

“ყველას ავიწყდება, რომ ჩვენ ვყვებით ამბავს, რომელიც ამბივალენტური თემაა. დღევანდელი კონტექსტიდან გამომდინარე, ეს არის ტერირისტული აქტი. თქვენ წარმოიდგინეთ, არსებობს ერთი მიზეზი, რატომაც შეიძლება თვითმფრინავი გაიტაცო? ე.ი. ჩვენ ვამართლებთ ამით მათ. მერე, ფილმის მიმდინარეობის დროს, რა თქმა უნდა, თქვენ გიყვარდებათ მსახიობები, ისტორია. მაგრამ არის ერთი რაიმე გადამწყვეტი მიზეზი, რის გამოც ეს ხალხი მოხვდა თვითმფრინავში? მე ეს ვერ ამოვიკითხე და ჩვენ, მე მგონი, ყველაფერი შევისწავლეთ ამ ისტორიის გარშემო, მაგრამ პირადად მე ვერ დავინახე, რა იყო ეს ერთი გადამწყვეტი მიზეზი მათთვის. ამიტომ ჩემთვის და ლაშასთვის, შემდეგ უკვე მსახიობებისათვის, იყო მთავარი, რომ ჩვენ არ ვცრუობდით.”

იქიდან გამომდინარე, რომ რეჟისორმა ვერ შეძლო ამოეკითხა გამტაცებელთა ჯგუფის რეალური მოტივაცია, მისი ხელოვნურად გამოგონება არ სურდა, რაც ერთი მხრივ მარტივი იქნებოდა, მაგრამ არადამაჯერებელი. მისი თქმით, ასევე ფილმის ყველა ნაწილის ზედმეტად გაშლა და “დაღეჭვა” მაყურებლისათვის შეურაცხმყოფელი იქნებოდა. ის უტოვებს მაყურებელს ფიქრის საშუალებას:

“თუ ამ ყველაფერს შენ დაუღეჭავ მაყურებელს და პატივს არ სცემ, გამოუგონებ ერთ რაღაცას, მაგალითად, ისე, როგორც კომიქსებზე გადაღებულ ფილმებშია, ეს უკვე სხვა კინოა.

უნდოდათ ამ ხალხს ასეთი რამის ჩადენა? დაკითხვის ოქმებში ეს არ ჩანს. კი, რაღაცას გეგმავნენ, მაგრამ ამბის მონაწილემ [თინა ფეტვიაშვილმა] გვითხრა, რომ ჩვენ მხოლოდ თვითმფრინავში გავიაზრეთ, რას ვაკეთებდითო. ეს ყველაფერი დაგეგმილი და მოლაპარაკებული კი იყო, მაგრამ არა გააზრებული. ამიტომ ჩემთვის ვულგარული იქნებოდა, რომ მე მაყურებელს პატივი არ ვცე და ვუთხრა, რომ იცით, რა, მე ახლა მოვყვები ისტორიას, რომ ვიღაცას 30 წლის წინ მამა დაუხვრიტეს და ახლა გადაწყვიტა, თვითმფრინავი გაეტაცებინა. ეს იქნებოდა ტყუილი,” – ამბობს რეზო გიგინეიშვილი.

გიგინეიშვილი ასევე ხაზს უსვამს, რომ არ სურდა გადაეღო “ანტისაბჭოური ფილმი”, რადგან ფილმის ყველა პერსონაჟისათვის არსებობს მათი პირადი სინამდვილე და პირადი სივრცე, რეჟისორის მიზანი კი ყველა რეალობის ჩვენება იყო. მათ შორის იმ ადამიანებისაც, ვინც ამ სამყაროში მშვიდად ცხოვრობდა. მისი თქმით, ფილმის ამოცანა არ უნდა იყოს, რომ ვიღაც გაამტყუნოს. ფილმის სახელწოდება “მძევლებიც” სწორედ ამას გამოხატავს – საკუთარი თავისა და ჩაკეტილი ქვეყნის მძევლების ყოფას.

ფილმის სცენარის ავტორიც და რეჟისორიც აღნიშნავენ, რომ მათი მიზანი ამავე თემაზე აქამდე შექმნილ არც ერთ ნაწარმოებთან ან სპექტაკლთან, ანდაც ფილმთან დაპირისპირება არ ყოფილა.

რეზო გიგინეიშვილის თქმით, მას სურს, მოისმინოს ბევრი არგუმენტირებული, კრიტიკული აზრი “მძევლების” შესახებ, რათა გაიგოს, რას ფიქრობს მაყურებელი და ისწავლოს კიდევ უფრო მეტი, როგორც რეჟისორმა.

“მძევლების” კინოთეატრებში ნახვა 20 აპრილიდან უკვე შესაძლებელია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი