დაგვიანებული და არასრულად გაცემული ინფორმაცია – კვლევა შსს–ს გამჭვირვალობაზე

პრობლემას წარმოადგენს ინფორმაციის მიღება კანონით დადგენილ ვადაში. ასევე, აღინიშნება ინფორმაციის არასრულად გაცემის შემთხვევებიც, – ნათქვამია TI-სა და EMC-ის ერთობლივ ანგარიშში, რომელიც შსს–ს გამჭვირვალობის ხარისხის შეფასებას ეხება.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხის შეფასებისას გამოიკვეთა, რომ უწყება პასუხობს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შესულ განცხადებებს. ამასთან, როგორც კვლევის ავტორები ამბობენ, ინფორმაცია მეტწილად გაიცემა სრულად და შეესაბამება განცხადებაში ასახულ მოთხოვნებს.

მიუხედავად ამისა, პრობლემას წარმოადგენს ინფორმაციის მიღება კანონით დადგენილ ვადებში; ასევე, აღინიშნა ინფორმაციის არასრულად გაცემის შემთხვევებიც. საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა იზღუდება გარკვეული კატეგორიის ინფორმაციის გასაიდუმლოებით, სათანადო დასაბუთების გარეშე. სამინისტრო სრულყოფილად არ ასრულებს ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ვალდებულებას.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” და “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” ერთობლივ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ შსს–ს მიერ სტატისტიკური ინფორმაციის წარმოება არ ეფუძნება სისტემატიზებული პროცედურების ერთობლიობას და სტატისტიკასთან დაკავშირებული საკითხები სხვადასხვა კანონქვემდებარე აქტითა და მემორანდუმით არის მოწესრიგებული. არასამთავრობოების შეფასებით, სტატისტიკურ-ანალიტიკური კვლევები ქაოტურად წარმოებს, ხოლო დანაშაულის არსისა და მახასიათებლების აღქმისათვის სოციოლოგიურ გამოკითხვებს და სენსიტიურ საკითხებზე ჩაშლილ სტატისტიკას ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება.

ასევე, მზარდი საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად, 2016 წლის 15 თებერვლის შემდგომ სამინისტრო არ უზრუნველყოფს დანაშაულის სტატისტიკის თაობაზე ინფორმაციის გამოქვეყნებას.”

როგორც კვლევის ავტორები აცხადებენ, არ არის რეგულირებული სხვადასხვა კატეგორიის მონაცემის შენახვის ვადის, მინისტრის ბრძანებით, გაგრძელების მიზნები და პროცედურა:

“ასევე, არ არის ნათელი ზოგიერთი კატეგორიის მონაცემის უვადოდ დაარქივების აუცილებლობა. კანონქვემდებარე აქტებით ნათლად არ არის გამიჯნული, დაცულ მონაცემებზე დაშვების რა განსხვავებული რეჟიმი წარმოიქმნება მათი დაარქივებისას. არ არსებობს საკმარისი საკანონმდებლო გარანტიები მონაცემთა ბაზებზე არამიზნობრივი წვდომის აღსაკვეთად.”

არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო საკითხების მარეგულირებელი დებულებები ბუნდოვანია და გაწერილია კანონქვემდებარე აქტებში. ამავდროულად, როგორც კვლევის ავტორები ამბობენ, შეზღუდულია პოლიციის საქმიანობაზე გარე კონტროლის მექანიზმები, მინისტრი კი საკადრო საკითხებზე გადაწყვეტილების ერთპირპოვნულად მიღების ფართო უფლებამოსილებით არის აღჭურვილი.

საუბარი შეეხო დანაშაულის სტატისტიკასაც, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2016 წლის იანვრის მაჩვენებლების შემდეგ პროაქტიულად აღარ გამოუქვეყნებია. შს მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი კი აცხადებს, რომ მის უწყებას დანაშაულის სტატისტიკის წარმოების მეთოდოლოგია არ გააჩნია და ვისაც როგორ უნდა, ისე ითვლის. მისი თქმით, 2016 წლის იანვრის შემდეგ ყოველთვიური მონაცემები ვებ–გვერდზე პირადად მისი ბრძანებით აღარ ქვეყნდება და ამას არანაირი კანონი არ ავალდებულებს.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშშია ნათქვამი, შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო საკითხების მარეგულირებელი დებულებები ბუნდოვანია და გაწერილია კანონქვემდებარე აქტებში. ამავდროულად, მათი შეფასებით, შეზღუდულია პოლიციის საქმიანობაზე გარე კონტროლის მექანიზმები, მინისტრი კი საკადრო საკითხებზე გადაწყვეტილების ერთპიროვნულად მიღების ფართო უფლებამოსილებით არის აღჭურვილი.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” და “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” აცხადებენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში საკადრო საკითხებთან დაკავშირებით გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად მიზანშეწონილია:

  • საკადრო საკითხების, კერძოდ, სამსახურში მიღების, თანამდებობრივი გადაადგილების, წახალისებისა და გათავისუფლების პროცედურების კანონის დონეზე ნათლად მოწესრიგება;
  • პოლიციელთა ინდივიდუალური შეფასების სისტემის დანერგვა;
  • კოლეგიური ორგანოს შექმნა, რომელიც საკადრო საკითხებზე გადაწყვეტილებებს მიიღებს, პროფესიული კრიტერიუმების გათვალისწინებით;
  • გენერალური ინსპექციისთვის მეტი ოპერაციული და ინსტიტუციური დამოუკიდებლობის მინიჭება. დისციპლინური სამართალწარმოების ნათელი პროცედურების გაწერა და ამ პროცესში როგორც პოლიციელის, ისე დაზარალებული პირის დაცვის ადეკვატური ინსტრუმენტებით აღჭურვა;
  • გენერალური ინსპექციის საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და პერიოდულად საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება ორგანოს მიერ განხორციელებულ რეაგირებებზე.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ასევე დაინტერესდნენ, თუ რატომ არ იძებნება საქსტატის ოფიციალურ ვებ–გვერდზე შსს–ის ინფორმაცია დანაშაულის სტატისტიკის შესახებ მაშინ, როდესაც სხვა უწყებების კვარტალური მონაცემების ნახვა შესაძლებელია. საქტსტატში აცხადებენ, რომ შსს არ უგზავნის მათ ამ ინფორმაციას, ხოლო სამინისტროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ დანაშაულის სტატისტიკას ჩვეულებრივად გზავნიან.

ანგარიშის პრეზენტაციაზე ასევე განიხილეს “ბათუმელებისა” და “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” დავები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, რომელიც მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების გამარჯვებით დასრულდა.  საქმე ეხებოდა საჯარო ინფორმაციის გაუცემლობას 2013 წლის განმავლობაში შსს-ს თანამდებობის პირებზე დარიცხული პრემიებისა და დანამატების შესახებ.  მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები ამ ინფორმაციას 2014 წლის ივნისიდან ითხოვდნენ, თუმცა შსს-მ მოთხოვნილი ინფორმაცია მხოლოდ მას შემდეგ გასცა, რაც 2016 წლის ნოემბერში საქმეში გამარჯვებულმა მხარეებმა “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან” ერთად საქართველოს პროკურატურას მიმართეს და მოითხოვეს გამოძიების დაწყება შსს-ს მიერ სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ფაქტზე.

ანგარიშის პრეზენტაციას, არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა, ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წამომადგენლებიც. მხარეებმა თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადეს ერთმანეთს, ხოლო სამინისტროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კვლევის ავტორების ყველა კრიტიკულ მოსაზრებას გაიზიარებენ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე დახურული უწყება იყო, რასაც, გარკვეულწილად განაპირობებდა 2004 წელს უშიშროების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გაერთიანება. იურისტების შეფასებით, სამინისტროს გამჭვირვალობისადმი არსებული გამოწვევები ხელს უშლიდა აღნიშნული უწყების შესახებ ინსტიტუციური საკითხების კვლევას, სამინისტროში მიმდინარე პროცესების დანახვასა და შეფასებას.

საზოგადოების შეშფოთება გამოიწვია 2013 წელს შსს–ს სისტემაში აღმოჩენილმა არქივმა, სადაც გასულ წლებში უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების შედეგად მოპოვებული მასალა ინახებოდა. 2015 წლის ზაფხულში სამინისტროს გამოეყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, თუმცა, როგორც იურისტები ამბობენ, სამინისტროსთან მიმდინარე კომუნიკაციები კვლავ აჩვენებდა გაუმჭვირვალობის პრობლემას, საჯარო ინფორმაციის გაცემის დაბალ ხარისხს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს.