როგორ გადაიქცა “შენი სახელი” მსოფლიოში ყველაზე შემოსავლიან ანიმედ

“შენი სახელი” – ასე ჰქვია ანიმეს, მაკოტო შინკაის რეჟისორობით, რომელმაც ჰაიაო მიაძაკის “აჩრდილებისგან წაღებულის” (Spirited Away) 2001 წლის რეკორდს გადააჭარბა და მსოფლიოში ყველაზე შემოსავლიანი ანიმე გახდა 330-მილიონიანი მოგებით.

გარდა იმისა, რომ “შენმა სახელმა” წარმატებას მიაღწია იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, ჩინეთში, ტაილანდში, 2017 წლის აპრილში აშშ-ის კინოთეატრებშიც აჩვენეს და ფილმის წარმატება ამერიკული მედიამაც აღნიშნა.

ანიმეს “შენი სახელი”  Rotten Tomatoes-ის 98%-იანი რეიტინგი აქვს, ხოლო აუდიტორიის რეიტინგია 95%.

“შენი სახელი” იმდენად არის ლამაზად ანიმირებული, რამდენადაც ემოციურად დამაკმაყოფილებელი. შენი სახელი არის ახალი წარმატებული ეტაპი რეჟისორმაკოტო შინკაის ფილმოგრაფიაში”, – ვკითხულობთ ვებგვერდზე.


 

“შენი სახელი” იაპონიის მთიან რეგიონში მცხოვრები გოგოს, მიცუჰასა და ტოკიოელი ბიჭის, ტაკის ისტორიაა, რომლებიც სამი წლის დაშორებით ცხოვრობენ და ერთ დღესაც აღმოაჩენენ, რომ სხეულებს იცვლიან.

შენი სახელი

შენი სახელი

სხეულების შეცვლა მათი ცხოვრების იმ პერიოდს ემთხვევა, როდესაც მოზარდობიდან ზრდასრულობაში გადადიან. ისინი ერთად ცდილობენ გადალახონ მოზარდობასთან დაკავშირებული პრობლემები.

გაუგებრობაში მყოფი მოზარდები, რომლებსაც ერთმანეთი არ უნახავთ, ერთმანეთს წერილობით ეკონტაქტებიან. ტაკის სხეულში გადასული მიცუჰა მობილურში უტოვებს ჩანაწერებს, მიცუჰას სხეულში გადასული ტაკი კი მიცუჰას დღიურში წერს იმ განზრახვით, რომ საკუთარ სხეულებში დაბრუნებულებს ახსოვდეთ, რა გააკეთეს.

თუმცა მას შემდეგ, რაც მიცუჰა და ტაკი სხეულების შეცვლას შეწყვეტენ, ტაკი დაიწყებს მიცუჰას ძებნას.


“შენი სახელი -ყველა დროის ყველაზე ცნობილი ანიმე ამერიკაში ჩადის”

მატ ალტ, ნიუ იორკერი

ტოკიოელი მწერალი და მთარგმნელი მატ ალტი მიიჩნევს, რომ ამგვარი სიუჟეტის ფილმს არ უნდა ჰქონოდა ისეთი წარმატება, როგორიც “ტიტანიკს” ჰქონდა, თუმცა ახალგაზრდები ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, იაპონიაში, ტაილანდში კინოთეატრებს მიაწყდნენ.

მატ ალტი ანიმეს წარმატებას სილამაზეს მიაწერს. მისი კადრები განსაკუთრებულად ცოცხალია, ვიდრე სხვა ანიმეების, ამბობს იგი.

შენი სახელი

შენი სახელი

“შინკაიმ და მისმა გუნდმა ორი სამყაროს საუკეთესო ნაწილები გააერთიანა: პერსონაჟები ასხივებენ ტრადიციული, ხელით შექმნილი ანიმეების სითბოს, ხოლო ფონი ციფრული ტექნოლოგიების საშუალებით დახვეწილადაა დამუშავებული, იმდენად, რომ თვალწინ მაღალი გარჩევადობის ვიდეო წარმოგვიდგება.

მატ ალტი ამბობს, რომ ბევრმა დასავლელმა მიმომხილველმა მიცუჰას და ტაკის გენდერული ცვალებადობა/ფლუიდურობა “ქვიარ” ანიმედ გაიგო, თუმცა გენდერული ცვალებადობა ანიმეს მხატვრული გამოსახვის კლასიკური საშუალებააა.

“აქ მთავარია ქალაქისა და სოფლის კონტრასტის ჩვენება. “შენი სახელი” აჩვენებს იაპონიის საზოგადოებაში აქამდე განუცდელ ცვალებადობას – იაპონიის მოსახლეობის 90% ქალაქში გადაცხოვრდა, სოფელი კი დატოვა წარმოებამ და ახალგაზრდობამ. “შენი სახელი” აჩვენებს იაპონიას, სადაც ქალაქი და სოფელი თანადროულად ცხოვრობს – ტაკი და მიცუჰა ერთნაირად განათლებული და კომფორტულად მცხოვრები ადამიანები არიან, იმის მიუხედავად, რომ მიცუჰა სოფლად მცხოვრები გოგოა, ტაკი კი- ტოკიოში მცხოვრები ბიჭი.

ასევე მნიშვნელოვან საკითხად ავტორი მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ “შენი სახელი” რითიც განსხვავდება სხვა ანიმეებისგან ისაა, რომ მოქმედება ხდება არა წარმოსახვით სამყაროში, რითიც გამოირჩეოდა წინა ათწლეულების ანიმეები, არამედ რეალურ, ყოფითი ყოველდღიურობაში.


მოზარდობის იდენტობის კრიზისი “შენი სახელს” უკიდურესობამდე მიჰყავს

მანოლა დარგის, ნიუ იორკ თაიმსი

ჟურნალში გამოქვეყნებული მიმოხილვის სათაური “მოზარდობის იდენტობის კრიზისი “შენი სახელს” უკიდურესობამდე მიჰყავს” მიანიშნებს, რომ ავტორი ყურადღებას ამახვილებს მიცუჰასა და ტაკის თავგზააბნეულობაზე იმის გამო, რომ ისინი სხეულებს იცვლიან.

მიმომხილველისთვის ის უფრო მნიშვნელოვანია, რომ მიცუჰასა და ტაკის გონება და შემეცნება ერთმანეთის ფიზიკურ ნიჟარაში იღვიძებს იმისთვის, რომ ისევ უკან დაბრუნდეს.

შენი სახელი

შენი სახელი

“შენი სახელის” სილამაზე ისაა, რომ  როგორც საუკეთესო ანიმაციურ ფილმებში, სიუჟეტის თხელი, შავი ხაზები უცვლელად ქრება და ყველაფერი, რაც რჩება, ეს არიან ტაკი და მიცუჰა – სიღრმისეულად გადაჯაჭვული მოზარდები.”, – წერია მიმოხილვაში.

მიმოხილვის მიხედვით, “შენის სახელი” სხეულების შეცვლის ისტორიაა, ამავე დროს, ეს არის ტრადიციისა და ცვლილების/არამარადიულობის, კატასტროფებისა და ბედისწერის ამბავი. თუმცა, ტაკისა და მიცუჰასთვის სხვა უფრო მნიშვნელოვანი  საწუხარი არსებობს – იყო სიღრმისეულად დაშორებული სხეულისგან, რომელშიც ცხოვრობ. ასე შეიძლება აღწერო მოზარდობა.

“ორი ადამიანი იცვლის გარემოს და იძულებული არიან განიცადონ ის, რასაც განიცდიან და გრძნობენ . ეს არის თვალისმომჭრელი, დახვეწილი კომედია. თუკი ბატონი შინკაი იოლად  მოგვითხრობს ამბავს იმაზე, თუ როგორ იცვლიან მოზარდი ბიჭი და გოგო გარემოს და მსუბუქად ეთამაშება გენდერს, ის სხვაგვარად ართულებს ისტორიას – ელემენტი, რომელიც თავდაპირველად შინაარსის დეტალი იყო – შინტოს ტაძარი, კომეტა და კუჩიკამისაკე, სხეულის შეცვლის ისტორიაში თანდათანობით უკანა ფონიდან მთავარ ამბად გარდაისახება.”


შენი სახელი – ანიმე გამოუსწორებელი რომანტიკოსებისთვის

იანილ ოკვოდუ, ჟურნალი “ვოგი”

შენი სახელი

შენი სახელი

სიუჟეტის ხაზი, დროში მოგზაურობის, მისტიციზმისა და მოახლოებული ბუნებრივი კატასტროფის ფონზე ვითარდება, წყვილი კი გარდაუვალი უთანასწორობის წინააღმდეგ მიდის. ისინი ებრძვიან მშობლებს, ადგილობრივ ბიუროკრატიას და შიშს, რომ ერთმანეთს ვერ შეხვდებიან პირისპირ. მათ ვერაფრით დაეხმარებით, გარდა იმისა, რომ უგულშემატკივრო….”

“ის გარკვეულწილად მისდევს იაპონური ახალგაზრდული ფილმის ტრადიციებს და, როგორც სხვა ახალგაზრდულ ფილმებში, პოულობ იუმორს ყველა იმ უცნაურობებში, რაც თან სდევს წინააღმდეგობებსა და სირთულეებს, რომელსაც მოზარდები აწყდებიან ზრდასრულობაში გადასვლის დროს…”

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com