ახალი ამბები

პროკურატურამ შოთა ხიზანიშვილს ბრალი დაუმძიმა

16 იანვარი, 2013 • 1154
პროკურატურამ შოთა ხიზანიშვილს ბრალი დაუმძიმა

საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ შოთა ხიზანიშვილმა მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ივანე მერაბიშვილის დავალებით უკანონოდ განკარგა ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი და სასამართლოს განაჩენით ბიუჯეტის სასარგებლოდ მიქცეული 150 000 (ასორმოცდაათი ათასი) ევრო.

 

“კერძოდ, კოალიცია „ქართული ოცნებისა” და მისი ლიდერის ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაციის მიზნით მან ივანე მერაბიშვილის დავალებით 150 000 ევრო გადასცა ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრს ბესარიონ სურმავას.  ამ უკანასკნელს საჯაროდ უნდა გაეკეთებინა განცხადება და დაესმინა ბიძინა ივანიშვილი, თითქოსდა კოალიციის ლიდერთა ფარულ მიყურადებას აწარმოებდა მისი დავალებით. სინამდვილეში არასანქცირებული მიყურადება და პირადი ინფორმაციის შეგროვება-დამუშავება ხდებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში ამ მიზნით სპეციალურად შექმნილ პროგრამისტთა ჯგუფის მიერ. შოთა ხიზანიშვილს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 166-ე, 373-ე მუხლის მე-ნაწილის „ა” ქვეპუნქტით, 333-ე მუხლის პირველი ნაწილით, 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და „დ” ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით””, – აცხადებს საქართველოს მთავარი პროკურატურა. 

 

შოთა ხიზანიშვილი სამართალდამცავებმა 2012 წლის 15 ნოემბერს დაკაავეს. მას ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით  და 158-ე მუხლით, მუხლები ითვალისწინებს სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას და კერძო ინფორმაციის უკანონო მოპოვებას, გამოყენებას ან გავრცელებას. 

 

საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ამნისტიის შესახებ ეხებოდა შოთა ხიზანიშვილსაც, შესაბამისად, ის თავისუფლდებოდა 158–ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდებისგან და რჩებოდა მხოლოდ ერთი ბრალდება, რაც ითვალისწინებდა ჯარიმას, ან 3 წლამდე პატიმრობას. 

შოთა ხიზანიშვილი
შოთა ხიზანიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი