ახალი ამბები

ვოლსკი “ეს შენ გეხებას”: მეტი სარჩელი რატომ არ მოაგროვეს, მიკვირს

11 აპრილი, 2017 • 2627
ვოლსკი “ეს შენ გეხებას”: მეტი სარჩელი რატომ არ მოაგროვეს, მიკვირს

საქართველოს პარლამენტის წევრი, გია ვოლსკი ფარული მიყურადების კანონმდებლობაზე “ეს შენ გეხებას” სარჩელთან დაკავშირებით აცხადებს, რომ 300 სარჩელის მოგროვება რთული არ არის.

ეს განცხადება გია ვოლსკიმ დღეს, 11 აპრილს, პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. კამპანია “ეს შენ გეხებას” სწორედ დღეს შეაქვს 300-მდე მოქალაქის საკონსტიტუციო სარჩელი.

“300 სარჩელის მოგროვება არ არის რთული, ცოტა მეტი რატომ არ მოაგროვეს, ის მიკვრის. მაგრამ,  მე ვფიქრობ, პოზიცია, რომელსაც აჟღერებენ არასამთავრობო ორგანიზაციები ზოგიერთი და პოლიტიკური პარტიები, არ არის საფუძვლიანი, საფუძველმოკლებულია იმიტომ, რომ სახელმწიფოს პოლიტიკა სხვაგვარია. სახელმწიფო სხვანაირად მოქმედებს, სახელმწიფომ გააკეთა უდიდესი ნაბიჯი იმისაკენ, რომ ადამიანის უფლებები იყოს დაცული, რომელიც არ გამორიცხავს მისი უსაფრთხოების დაცვის ინტერესს. ასე რომ, ეს არის ორი ერთი და იგივე თემა, რომელიც უკევშირდება პატარა საქართველოს დაცულობას და მისი მოქალაქეების დაცულობას. სისტემა შეიქმნა და ამ სისტემას უპირისპირდება ჩემთვის გაუგებარი მიზეზებით გარკვეული ჯგუფები,”- განაცხადა გია ვოლსკიმ.

მოსმენების კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში პირველად არ ასაჩივრებენ. 2016 წლის 14 აპრილს სწორედ “ეს შენ გეხებას” სარჩელის საფუძველზე საკონსტიტუციო სასამართლომ მოსმენების არსებული კანონმდებლობა არაკონსტიტუციურად ცნო და განაცხადა, რომ მოსმენების “გასაღები” არ უნდა იყოს იმ ორგანოს ხელში, რომელსაც მინიჭებული აქვს გამოძების ფუნქცია და ამ მონაცემების გაცნობისა და დამუშავების ინტერესი აქვს.

ამ გადაწყვეტილების საპასუხოდ მეცხრე მოწვევის პარლამენტმა შეცვალა კანონი – მოსმენების “გასაღები” მიანიჭა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის” დაქვემდებარებაში შექმნილ სსიპ “ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს”. პრეზიდენტმა ამ კანონპროექტთა პაკეტს ვეტო დაადო, თუმცა პარლამენტმა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არ გაითვალისწინა და ვეტო დაძლია.

“ეს შენ გეხებაში” გაერთიანებული არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე, პოლიტიური პარტიების ნაწილი და ომბუდსმენი მიიჩნევენ, რომ პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესასრულებლად მიღებული კანონი კვლავ არაკონსტიტუციურია და მოსმენებს კვლავ ამ ინფორმაციის მოპოვებით დაინტერესებული ორგანო განახორციელებს, რაც ზრდის ადამიანების პირად ცხოვრებაში ჩარევის რისკებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი