ახალი ამბები

ეს შენ გეხება: ფარული თვალთვალის შესახებ კანონი 300-მდე მოქალაქემ გაასაჩივრა

11 აპრილი, 2017 • 3671
ეს შენ გეხება: ფარული თვალთვალის შესახებ კანონი 300-მდე მოქალაქემ გაასაჩივრა

კამპანია “ეს შენ გეხებას” ფარგლებში დღეს საქართველოს ფოსტის მეშვეობით საკონსტიტუციო სასამართლოში 283 მოქალაქის სარჩელი გაგზავნეს. სარჩელი ეხება ფარული თვალთვალის შესახებ პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს, სწორედ ამ კანონის გაუქმებას ითხოვენ მოსარჩელეები :

“ეს არის საქართველოს მოქალაქეების მიერ ხელმოწერილი ელექტრონული სარჩელები, რომლებიც ჩვენ ჩავალაგეთ კონვერტებში და ვაგზავნით ამ ყველაფერს. მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს და იმედი გვაქვს, რომ მალე სახალხო დამცველი და პრეზიდენტიც შემოგვიერთდება სასამართლო მეგობრის მოსაზრებით. ეს არის პროცესი, რომლითაც ჩვენ გვინდა გავაუქმოთ კანონი, რომელიც რამდენიმე თვის წინ მიიღო პარლამენტმა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს კანონი გადამღერებაა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ ზუსტად ერთი წლის წინ გააუქმა,” – ამბობს გიორგი ბურჯანაძე.

გიორგი ბურჯანაძე კამპანია ეს შენ გეხებას ფარგლებში მოქალაქეების საკონსტიტუციო სარჩელებზე საუბრობს

გიორგი ბურჯანაძე კამპანია ეს შენ გეხებას ფარგლებში მოქალაქეების საკონსტიტუციო სარჩელებზე საუბრობს

მისივე თქმით, ასეთი პრეცედენტი, მოქალაქეების მიერ ერთობლივად სარჩელების შეტანა აქამდე არ ყოფილა. როგორც ბურჯანაძე ამბობს, საკონსტიტუციო სასამართლოში, მისი არსებობის მანძილზე, სულ შესულია 900 სარჩელი, დღეს კი ერთად შევა სარჩელების საერთო რაოდენობის თითქმის 30%. 283 სარჩელი ერთ კვირის ვადაში დაგროვდა.

იურისტი გიორგი გოცირიძე განმარტავს იმ პროცედურებს, რომლებიც სარჩელმა უნდა გაიაროს. მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლო შეამოწმებს, რამდენად აკმაყოფილებს სარჩელები ფორმალურ მხარეს. შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს საორგანიზაციო სამსახური დაარეგისტრირებს ამ სარჩელებს.

“რეგისტრაციის მომენტიდან 4 თვის ვადაში საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს გამწესრიგებელ სხდომაზე. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ გამწესრიგებელი სხდომით დასრულდება ეს საკითხი, რადგან ჩვენ გასაჩივრებული გვაქვს ე.წ. დამძლევი ნორმა, ანუ ნორმა, რომელიც წარსულში სასამართლომ ცნო არაკონსტიტუციურად და პარლამენტმა აღადგინა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გაუქმებული ნორმა. ამას ჰქვია დამძლევი ნორმა და დამძლევი ნორმა უქმდება გამწესრიგებელ სხდომაზე,” – ამბობს გოცირიძე

მისივე თქმით, შესაძლებელია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი პრაქტიკის შეცვლა გადაწყვიტოს და ნორმა დამძლევად არ მიიჩნიოს. ასეთ შემთხვევაში სარჩელების არსებითი განხილვა დაიწყება. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა შეუცვლია, თუმცა გადაწყვეტილებიდან დიდი დრო უნდა იყოს გასული, მაგალითად, 10-15 წელიწადი. ამ შემთხვევაში კი სასამართლომ გადაწყვეტილება ერთი წლის წინ, 14 აპრილს მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი