ახალი ამბები

კბილაშვილი: დადგენილება ადეიშვილის ბრალდების შესახებ პრაქტიკულად მზადაა

25 დეკემბერი, 2012 • 1157
კბილაშვილი: დადგენილება ადეიშვილის ბრალდების შესახებ პრაქტიკულად მზადაა

“დღეს თუ არა ხვალ წარედგინება სასამართლოს. ეს ეხება ციხეში წამების საქმეს, რაზეც პროკურატურამ განცხადება გაავრცელა,” – განცხადა კბილაშვილმა.

 

პროკურატურის ცნობით, “2012 წლის  სექტემბრის  დასაწყისში საქართველოს იუსტიციის იმდროინდელი მინისტრის ზურაბ ადეიშვილისათვის ცნობილი გახდა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების ყოფილმა თანამშრომელმა ვლადიმერ ბედუკაძემ პატიმრების ცემისა და წამების ამსახველი კადრები გაიტანა ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში, სადაც გეგმავდა მათ დემონსტრირებას ევროპელი უფლედამცველებისა და მედიის წინაშე.

 

ზურაბ ადეიშვილი
ზურაბ ადეიშვილი

მოსალოდნელი პოლიტიკური სკანდალის თავიდან აცილების მიზნით, ზურაბ ადეიშვილმა გადაწყვიტა დაესწრო მოვლენებისთვის და სასაჯელაღსრულების დეპარტამენტის იმჟამინდელ ხელმძღვანელთან, დავით ჭაკუასთან  ერთად  შეიმუშავა სპეციალური დანაშაულებრივი გეგმა, რომლის თანახმადაც #8 იზოლატორის თანამშრომლებს, კერძოდ კი, ვლადიმერ ბედუკაძესთან დაახლოებულ პირებს – ლევან ფხალაძეს და ბორის ფარულავას (მეტსახელად “ბასტის” და “ბუბუს”) ციხეში უნდა ეცემათ და ეწამებინათ პატიმრები, ყოველივე ამის ამსახველი კადრები კი, რომელსაც ფარულად ჩაიწერდნენ, საზოგადოებითვის იმ დროინდელი ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანების  – “ქართული ოცნების” შეკვეთად წარედგინათ. 

დავით ჭაკუამ, თავის მხრივ, დაიყოლია ამავე დაწესებულების თანამშრომელი ლევან ფურცხვანიძე, რომელმაც 2012 წლის 18 სექტემბერს, გამთენისას, მოახერხა ფხალაძისა და ფარულავას დანაშაულზე პროვოცირება, ფარულად გადაიღო მათ მიერ პატიმართა ცემისა და წამების კადრები და საჯაროდ განაცხადა, რომ ,,ქართული ოცნების” წარმოამდგენლებმა, ვლადიმერ ბედუკაძის მეშვეობით, 40 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ შეუკვეთეს ციხეში პატიმრების ცემა და წამება.

სწორედ ეს განცხადება და სხვა წინასწარ ფალსიფიცირებული მტკიცებულებები გაავრცელა შს სამინისტრომ 2012 წლის 18 სექტემბერს, რის შემდეგაც  დააკავეს ფურცხვანიძე, ფხალაძე და ფარულავა.”

 

საქართველოს იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა საქართველო 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დატოვა, როცა ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი