პატრიარქთან შეხვედრის მოთხოვნით დეკანოზმა მამალაძემ შიმშილობა დაიწყო – ადვოკატი

დეკანოზმა გიორგი მამალაძემ შიმშილობა დაიწყო. ინფორმაცია ამის შესახებ დეკანოზის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა გაავრცელა. მისი თქმით, დაკავებული დეკანოზი სინოდის წევრებთან და პატრიარქთან შეხვედრას ითხოვს. რამიშვილის ინფორმაციით, შიმშილობა გიორგი მამალაძემ გუშინ დაიწყო:

“მან შიმშილობა დაიწყო გუშინ დილიდან, პატრიარქთან და სინოდის წევრებთან შეხვედრის მოთხოვნით. დღეს ვიყავი შესული და ოფიციალურად შეტყობინება გადმომცა ციხის ადმინისტრაციამ. ფაქტი არის უდავოდ დადასტურებული, რომ მამა გიორგიმ თავისი პოზიცია დააფიქსირა საბოლოოდ, რომ ის აცხადებს შიმშილობას” – ამბობს რამიშვილი.

დეკანოზის მეორე ადვოკატის გიორგი ფანხულაიას თქმით, გარდა პატრიარქთან და სინოდის წევრებთან შეხვედრის მოთხოვნისა, შიმშილობით დეკანოზი გამოძიების მიმდინარეობასაც უცხადებს პროტესტს და მიიჩნევს, რომ პროცესი მიკერძოებულია:

“რამდენიმე მოთხოვნაა, მაგრამ ერთადერტი მთავარი მოთხოვნაა – პატრიარქთან, ან წმინდა სინოდის წევრებთან შეხვედრა – ესაა მისი უმთავრესი მოთხოვნა. ასევე, ამ შიმშილობით ამავე დროს  პროტესტსაც უცხადებს იმ გამოძიებას, რომელიც მიმდინაროებს, იმიტომ, რომ აშკარად მიკერძოებულად მიმდინარეობს” – ამბობს ფანცულაია.

მისი თქმით, პროტესტის ამ ფორმამ შესაძლოა დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა გააუარესოს:

“ჯანმრთელობის მდგომარეობა არასოდეს არ იყო დამაკმაყოფილებელი, მას ჯანმრთელობაზე სისტემატიური პრობლემები აქვს  და ახლა, როცა შიმშილობა დაიწყო ალბათ უფრო და უფრო გართულდება მისი მდგომარეობა: – ამბობს ადვოკატი.


პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს დააკავა, როცა ბერლინში მიემგზავრებოდა. მას ბრალად ედება პატრიარქის მდივნის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე და 236-ე მუხლები), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე. ე.წ. ციანიდის საქმეზე მტკიცებულებების ნაწილი პროკურატურამ 8 მარტს გახადა საჯარო.

გიორგი მამალაძე ბრალს არ აღიარებს. ადვოკატების თქმით, გიორგი მამალაძეს პარტრიარქის მდივან–რეფერენტმა შორენა თეთრუაშვილმა თავად სთხოვა ციანიდის შეძენა. დეკანოზი პატრიარქის ძმისშვილის, ბათუმის და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრის ეპარქიაში მუშაობდა წლების მანძილზე. ჭყონდიდის მიტროპოლიტ პეტრეს განცხადებით, არ გამორცხავს, რომ დეკანოზი შორენა თეთრუაშვილის მიერ დაგეგმილ პროვოკაციას წამოეგო.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი