საზოგადოებრივი მაუწყებელი, პირველი არხი. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

GPB პარლამენტის სხდომების ვიდეომასალას მედიასაშუალებებს ლოგოს გარეშე აღარ გადასცემს

საზოგადოებრივი მაუწყებელი პარლამენტის სხდომის მიმდინარეობის ამსახველ ვიდეომასალას მაუწყებლის ლოგოს დართვის გარეშე მედიასაშუალებებს აღარ გადასცემს. ინფორმაციას ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე ადასტურებს. მისი თქმით, საინფორმაციო საშუალებები, მათ შორის ტელევიზიები, მაუწყებლის მიერ გადაღებულ კადრებს შავი მასალის სახით ვეღარ მიიღებენ:

ჩვენ ამ მასალას ყველას გადავცემთ, მაგრამ ამაზე იხარჯება რესურსი, ამაზე მუშაობენ ადამიანები. ამ ტელევიზიებს, ზოგიერთ ტელევიზიას უნდა, რომ ეს მიიღოს, როგორც არა ჩვენი ნაშრომი, არამედ ჩვენი სამარკო ნიშნის გარეშე – ამაზეა საუბარი. ჩვენი სამარკო ნიშნის გარეშე ამას ვერ მიიღებენ. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ მათ მასალას არ მივცემთ,” – ამბობს მაღლაფერიძე. 

მაღლაფერიძის თქმით, ეს გადაწყვეტლება მედიასაშუალებებს დისკომფორტს არ შეუქმნის და გამომდინარე იქიდან, რომ მაუწყებელი პარლამენტის სხდომებს სრულად უშვებს ეთერში, სასურველი კადრების მიღებას მედიასაშუალებები არხიდან უპრობლემოდ შეძლებენ.

“აქ არის იმაზე საუბარი, რომ პროდუქცია ვინც დაამზადა, იმის ვინაობა უნდა იყოს მითითებული. ამაზე რესურსია დახარჯული, ამაზე ადამიანები შრომობენ. ჩვენ ამის შესახებ რამდენიმეჯერ გავაფრთხილეთ ეს არხები. ეს ჩვენი გადასაწყვეტია და არ ვეკითხებით არავის, როდის გადავწყვეტთ, რომ ჩვენი ნამუშევარი აღარ მოიპარონ,”  – ამბობს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი.

ინფორმაცია ამ საკითხის შესახებ დღეს პოლიტიკური გაერთიანება ევროპული საქართველოს წევრებმა გაავრცელეს. ოთო კახიძის თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის გადაწყვეტილებით, ამიერიდან რაც მეორე არხის ეთერში გავა, მხოლოდ იმით იხელმძღვანელებენ კერძო ტელევიზიები და მათი ჟურნალისტები.

კახიძის თქმით, თუ აქამდე ტელევიზია ირჩევდა, რომელ საკითხთა კომიტეტის სხდომის ამსახველი მასალა აეღო საზოგადოებრივი მაუწყებლის შავი მასალიდან, ახლა მათ ამის საშუალება აღარ ექნებათ და იმის გაშუქება მოუწევთ, რაც მაუწყებელის ეთერში გავა:

“შეიძლება ერთი და იმავე დროს მიმდინარეობდეს ჯანდაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების სხდომები და ამ შემთხვევაში საზოგადოებრივი მაუწყებელი გადასცემდა ლაივ-სტრიმს“ ყველა ტელევიზიას და თავად ტელევიზია ირჩევდა, რა გაეშუქებინა. ეს პარლამენტის საქმიანობის გამჭვირვალობისა და გაშუქების მიმართულებით უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება, ტელევიზიებმა გააშუქონ ის, რასაც თავად ჩათვლიან საჭიროდ, რათა საზოგადოება ინფორმირებული იყოს და არა ის, რასაც საჭიროდ ჩათვლის საზოგადოებრივი მაუწყებელი,” – ამბობს კახიძე.

შეკითხვას, როგორ მიიღებს მასალას მედიასაშუალება, თუ ერთდროულად ორი კომიტეტის სხდომა დაინიშნება, საზოგადოებრივი მაწუყებელი ერთს გააშუქებს, სხვა მედიასაშუალებას კი სურვილი ექნება, მეორე სხდომის მიმდინარეობის ამსახველი მასალა მიიღოს – მაღლაფერიძემ არ უპასუხა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი