ახალი ამბები

პრეზიდენტის შვილის თქმით, მისი ოჯახის წევრებს სუს–ის თანამშრომლები უთვალთვალებენ

21 მარტი, 2017 • 3349
პრეზიდენტის შვილის თქმით, მისი ოჯახის წევრებს სუს–ის თანამშრომლები უთვალთვალებენ

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის შვილი – ანა მარგველაშვილი აცხადებს, რომ სუს–ის თანამშრომლები ადრეც უთვალთვალებდნენ და ახლაც აგრძელებენ იმავეს მისი ოჯახის წევრების მიმართ.

“ზუსტად ვიცით, სუს-ის თანამშრომლის მანქანა იდგა მინდიას [გოგოჭურის] სახლის წინ. არ ვიცი, ჩვენ ეს უნდა მივიღოთ როგორც დევნა და როგორც რეპრესიები, არ ვიცი,“ – განაცხადა ანა მარგველაშვილმა რუსთავი 2–ის გადაცემა “არჩევანის” ეთერში.

ანა მარგველაშვილის თქმით, მის სიძეს – მინდია გოგოჭურს, ასევე, მეგობრებს – თორნიკე კაჭარავასა და მიხეილ თათარიშვილს აფრთხილებდნენ წინასწარ, რომ შესაძლოა მათთვის ჩაედოთ იარაღი ან ნარკოტიკი. მარგველაშვილის თქმით, ეს მუქარა რეალობად იქცა, ვინაიდან ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკვე დააკავეს მიხეილ თათარიშვილი.

„შეიძლება, უშუალოდ მინდიაზეც. არ ვიცი, რამდენს გაბედავენ, მაგრამ თორნიკე კაჭარავაზე ზუსტად ვიცი, რომ მსგავს ქმედებებს აპირებენ და პირდაპირ ვაცხადებ, რომ ძალიან ვართ ამით აღშფოთებულები, შეშინებულები და არ ვიცით, ვის მივმართოთ და ვისგან დავიცვათ თავი იმიტომ, რომ ისიც ასევე სახლიდან არ გამოდის,“ – განაცხადა ანა მარგველაშვილმა.

მისი თქმით, მეგობრების სიმართლის დასამტკიცებლად ბოლომდე იბრძოლებს. იგი აპირებს შეუერთდეს აქციას – “არა ჩადებას”, რომელიც 22 მარტს, 13:30 საათზე გაიმართება შსს–სთან.

საქართელოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 2016 წლის 25 ივლისს განაცხადა, სამართალდამცავები მისი ოჯახის წევრზეც ცდილობდნენ ზეწოლას.“დაახლოებით ერთი თვის წინ სამართალდამცავების ჩართვით ჩემი ოჯახის წევრზეც იყო ზეწოლის მცდელობა. ეს იყო იმიტაცია, რეალურად. აქედან გამომდინარე, ჩემთვის არ არის გასაოცარი, რაც ბატონმა პაპუაშვილმა მითხრა. ჩემი ოჯახის წევრი ქუჩაში გააჩერეს და შემდეგ მის სახლში სასამართლოს დადგენილების გარეშე ჩაატარეს ჩხრეკა იმ იმედით, რომ ამას რაღაც მოჰყვებოდა. ბუნებრივია, აბსოლუტურად სუფთა იყო ყველაფერი და არანაირი სამართალდარღვევა არ იყო, მაგრამ იქ იყო გარკვეული მინიშნებები, რომ ეს არის ამ პიროვნებაზე ზეწოლის მცდელობა”- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა მაშინ.

მასალების გადაბეჭდვის წესი