ქუმსიშვილი: 60 მლნ დოლარის პორტფელის გალარების შედეგი მივიღეთ ამ პერიოდში

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, დიმირტრი ქუმსიშვილის თქმით, გალარების პროგრამით 4500-მა ოჯახმა ისარგებლა.

“საბოლოო ჯამში, მონაცემები დასაზუსტებლია, თუმცა 60 000 000 დოლარის პორტფელის გალარების შედეგი მივიღეთ ამ პერიოდში. როგორც აღინიშნა, ეს იყო ერთჯერად მხარდაჭერის აქცია სახელმწიფოს მხრიდან. ჩვენ ნამდვილად ძალიან მოვინდომეთ, ყველაფერი გავაკეთეთ ამისათვის. მინდა ასე ვთქვათ, გამოვხატო მადლიერება ყველა იმ ოჯახის მიმართ, რომელმაც მიიღო ამაში მონაწილეობა. 4500 ოჯახი, რომელიც დაზღვეული არის შემდგომში სავალუტო კურსის რყევებისგან, ეს უკვე ძალიან კარგი შედეგია”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

გარდა ამისა, ქუმსიშვილის თქმით,2016 წლის ბოლოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები და ცვლილებები, რომლებიც შევიდა კანონმდებლობაში მიეხმარება გალარების პროცესს.

“მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის 100 000 ლარამდე სესხების გაცემის ნაწილი, რომელიც 2017 წლიდან ლარში გაიცემა . შესაბამისად, ვინაიდან და რადგანაც ჩვენი საკრედიტო პორტფელი საშუალო ვადიანობა დაახლოებით 2,5 წელია, რაღაც პერიოდში ეს სესხები თავიდან იქნება გაცემული. აქედან გამომდინარე, ჩვენ იმ ფენაში, რა ფენაშიც ვფიქრობთ, რომ არის აუცილებლად ყურადღება მისაქცევი – ეს არის 100 000 ლარამდე უზრუნვეყოფილი უძრავი ქონების სესხები, ჩვენ ვფიქრობთ, რომ რაღაც პერიოდში მთლიანად ლარში იქნება გაცემული,” – განაცხადა ქუმსიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სესხების გალარების სამთავრობო პროგრამა 17 იანვარს დაიწყო და დღეს, 17 მარტს სრულდება.

ამ პროგრამით სარგებლობა შეეძლო იმ პირებს, ვისაც 2015 წლის 1 იანვრამდე დოლარში ჰქონდათ აღებული იპოთეკური სესხი და მისი მოცულობა გალარების პერიოდისთვის არ აღემატებოდა 100 ათას აშშ დოლარს. სესხების გალარება შესაძლებელი იყო იმ დღეს არსებულ ოფიციალურ გაცვლით კურსს გამოკლებული 20 თეთრით. მაგალითად, თუ აშშ დოლარის მიმართ ოფიციალური გაცვლითი კურსი იყო 2.5 ლარი, მაშინ სესხის გალარება მოხდებოდა 2.3 კურსით. თუმცა სესხის საპროცენტო განაკვეთი თუკი დოლარში იყო დაახლოებით 7.5%, ლარში გადადიოდა 9.75%-ში. კურსთაშორის სხვაობას აფინანსებდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

პროგრამის დაწყებამდე ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი აცხადებდა, რომ გალარების პროგრამა დაახლოებით  27,000 ფიზიკურ პირს შეეხებოდა.

მთავრობამ 65 მილიონი ლარი გამოყო მოქალაქეთა ნაწილის მიერ დოლარში აღებული სესხის ლარში კონვერტაციის დროს 20-პუნქტიანი სხვაობის დასაფარად.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი