ფოტო: sputnik-abkhazia

UNICEF – ის მხარდაჭერით აფხაზეთში ახალი პროექტი დაიწყო

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში გაეროს ბავშვთა ფონდის, იუნისეფის მხარდაჭერით, სოციალურ მუშაკებს გადაამზადებენ. პროგრამის ფინანსურ და მეთოდოლოგიურ დახმარებას სრულად გაეროს ბავშვთა ფონდი უზრუნველყოფს.

პროექტი საპილოტეა და პირველ ეტაპზე, სოხუმში, გუდაუთასა და გალში მცხოვრებ მოწყვლად ბავშვთა და ოჯახთა დაცვას ითვალისწინებს.

როგორც გამოცემა სპუტნიკ აფხაზეთთან იუნისეფის სოხუმის ოფისის წარმომადგენელი ამინა ზანთარია ამბობს, ამ ეტაპზე, ღია კონკურსის წესით უკვე შერჩეულია სოციალურ მუშაკთა ჯგუფი, რომელიც 2017 წლის აპრილის ბოლომდე ტრენინგებს გაივლის.

ტრენინგებს მოწვეული ფსიქოლოგები და გამოცდილი სოციალური მუშაკები ჩაატარებენ.

ამინა ზანთარიას თქმით, საერთაშორისო გამოცდილებაზე და ბავშვთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით მომზადებული პროგრამა, ადგილობრივი სიტუაციისა და არსებული პრობლემების გათვალისწინებით შემუშავდა.

აღნიშნული პროექტი არ არის პირველი, რომელსაც გაერო, მათ შორის გაეროს ბავშვთა ფონდი აფხაზეთში ახორციელებს. აფხაზეთში ამჟამად გაეროს განვითარების პროგრამის რამდენიმე პროექტიც მიმდინარეობს. 

ფოტო: sputnik-abkhazia

ფოტო: sputnik-abkhazia

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი