ახალი ამბები

პროკურორი: კიდევ ბევრი შეკითხვა გაგვიჩნდა დეკანოზისგან მიღებული ინფორმაციის შემდეგ

28 თებერვალი, 2017 • 2475
პროკურორი: კიდევ ბევრი შეკითხვა გაგვიჩნდა დეკანოზისგან მიღებული ინფორმაციის შემდეგ

პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა მატროსოვის ციხეში დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის დაკითხვის შემდეგ განაცხადა, რომ დაკითხვა დასრულებული არ არის და საქმის შესახებ ჯერ ვერ ისაუბრებს. პროკურორი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 11:00 საათზე მივიდა და დაახლოებით 23:30 საათზე დატოვა ციხე. პროკურორი ვერ აკონკრეტებს, როდის გაგრძელდება დაკითხვა და ამბობს, რომ ეს მაშინვე მოხდება, როდესაც ამისი საშუალება იქნება.

“დადებითად ვაფასებთ იმ მოვლენას, რომ ბოლოს და ბოლოს გადაწყვიტა ბრალდებულმა ჩვენების მიცემა. გამოძიების მიზანია, პირველ რიგში, სრულყოფილი და ეფექტური გამოძიების ჩატარება და ჩვენი მიზანია რეალური გარემოებების დადგენა. ბრალდებულმა მოგვცა ჩვენება, თუმცა, ვინაიდან საკმაოდ ვრცელი ინფორმაცია, რომელსაც გვაწვდის იგი, სრულყოფილად ვერ მოხერხდა ყველა შეკითხვის დასმა. დაკითხვა 8 საათი მიმდინარეობდა, რასაც ემატება შესვენებისათვის განკუთვნილი დროც. ვრცელია ის ინფორმაცია, რაზეც საუბრობს ბრალდებული. ჩვენ აქედან გამომდინარეც ბევრი შეკითხვა გვაქვს და ვერ მოხერხდა დღეისათვის ყველა ამ შეკითხვის დასმა.

გაგრძელდება დაკითხვა აუცილებლად. ჩვენ დავსვამთ ყველა შეკითხვას. საკმაოდ ბევრი შეკითხვა გვაქვს და საკმაოდ ბევრი გაგვიჩნდა, რაც ეს ინფორმაცია მოვისმინეთ და, ბუნებრივია, ბრალდებულსაც მოუწევს, ყველა შეკითხვას პასუხი გასცეს.

ასევე მინდა გითხრათ, რომ ვინაიდან არ დასრულებულა ბრალდებულისაგან სრულყოფილი ინფორმაციის მიღება და პრაქტიკულად კიდევ ბევრი შეკითხვა უნდა დაისვას, დღეისთვის რაიმე სამართლებრივი შეფასების გაკეთება იმაზე, რაც ბრალდებულმა თქვა და რაიმე დასკვნის გაკეთება არის არასერიოზული როგორც ჩვენი, ბრალდების მხრიდან, ისე ადვოკატების მხრიდან.” – აცხადებს წიკლაური.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს მთავარმა პროკურატურამ დააკავა მკვლელობის მომზადების ბრალდებით. იგი ამ დრომდე პატიმრობაში იმყოფება, თუმცა საქმის დეტალები და მტკიცებულებები პროკურატურას ამ დრომდე არ გაუსაჯაროებია. ადვოკატის ინფორმაციით, საბრალდებო დასკვნაში საუბარია პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაზე. პროკურატურა იუწყება, რომ დეკანოზი აეროპორტში დააკავეს, როდესაც ბერლინში მიფრინავდა, სადაც პატრიარქი მის თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებოდა და მის ბარგში მომწამლავი ნივთიერება ციანიდი აღმოაჩინეს.

დეკანოზი თავდაპირველად დუმილის უფლებით სარგებლობდა, თუმცა 21 თებერვალს განაცხადა, რომ მზადაა მისცეს ჩვენება. პროკურატურა მასთან დღეს, 27 თებერვალს მივიდა დასაკითხად.

მასალების გადაბეჭდვის წესი