ახალი ამბები

‘ლაბორატორია 1918’-ის განცხადება პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე

20 ნოემბერი, 2012 • 862
‘ლაბორატორია 1918’-ის განცხადება პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე

‘ლაბორატორია 1918’ -ის განცხადებით, ორგანიზაციისთვის გაურკვეველია ის კრიტერიუმები, რომლის მიხედვით პოლიტპატიმართა სიის ფორმირება მოხდა. ამ საკითხზე ‘ლაბორატორია 1918’ ვრცელ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

 

“მიგვაჩნია, რომ მრავალი იმ ადამიანთაგან, ვინც დღეს საქართველოს ციხეებში იხდის სასჯელს, რეპრესიული რეჟიმის და უსამართლობის მსხვერპლია. ჩვენ არ ვგულისხმობთ მხოლოდ უდანაშაულო ადამიანებს, არამედ მათაც, ვისაც ‘ნულოვანი ტოლერანტობის’ ისტერიული პოლიტიკის ფარგლებში არაპროპორციულად დიდი ან არაადექვატური სასჯელი შეეფარდათ. 

თავად ყოფილი ხელისუფლების აღიარებით, ქვეყანაში ყველაზე წარმატებულად პოლიცია მუშაობდა – რაც ჩვენ იმის არგუმენტად მიგვაჩნია, რომ პოლიციურ სახელმწიფოში ვცხოვრობდით. კრიმინალის შემცირება არა ადამიანთა კეთილდღეობის ზრდის პოზიტიურმა გარემოებებმა განაპირობა, არამედ – შიშისა და ტერორის დამკვიდრებამ.

ამ ვითარებაში მივესალმებით ახალი ხელისუფლების მხრიდან ჰუმანური სამართლის განაცხადს. მაგრამ მიგვაჩნია, რომ ეს ძალზე რთული და შრომატევადი საქმეა, და პროცესის წარმართვამ ნაჩქარევად, ერთი მხრივ, სრული გამჭვირვალობის, საზოგადოებრივი ჩართულობის, არგუმენტაციის სიცხადისა და გაზიარებულობის, მეორე მხრივ კი – სათანადო სოციალური პირობების შექმნის გარეშე შეიძლება უმძიმესი შედეგები გამოიღოს.

მიუხედავად ამისა, სადავოდ გვეჩვენება სიტუაცია, რომელიც დღეს პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით შეიქმნა. როგორც ჩვენთვის ცნობილია, პოლიტპატიმართა სიაში არიან ისეთი დანაშაულის ჩამდენები, რომელთა შედეგად ზიანი მიადგათ სხვა ადამიანებს თუ ქონებას. გაურკვევლია კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც ამ სიის ფორმირება მოხდა. როგორც ჩანს, საქმე გვაქვს დანაშაულის მოტივაციასა და დანაშაულის ფორმებს შორის აღრევასთან, რაც მხოლოდ არაკომპეტენტურობით ან კორუფციული ინტერესებით შეიძლება იყოს გამოწვეული. რაც არ უნდა იყოს ადამიანის მოტივაცია – თუნდაც პოლიტიკური შეხედულებები, ადამიანის ცემა და დაზიანება დანაშაულია და არა პოლიტიკური პოზიცია. შესაძლოა ამ ადამიანებმა უკვე საკმარისად მოიხადეს სასჯელი, საზოგადოებისათვის საფრთხეს არ წარმოადგენენ და მათი რესოციალიზიციის ალბათობა ძალზე მაღალია – ამის გარკვევა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სპეციალური შესწავლის საგანია. 

ჩვენ მზად ვართ შეძლებისდაგვარად დავდგეთ ასეთი ადამიანების გვერდით და დავეხმაროთ საზოგადოებაში ღირსეული ადგილის მოპოვებაში. მაგრამ კატეგორიულად მიუღებლად მიგვაჩნია იმ ადამიანების კლასიფიცირება პოლიტპატიმრებად, რომლებიც ხულიგნობის, ადამიანისათვის ზიანის მიყენების და სხვა ანტისაზოგადოებრივი დანაშაულისათვის იხდიან სასჯელს,”- ნათქვამია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი