ახალი ამბები

კანონპროექტით ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს დებულებას პრემიერ-მინისტრი დაამტკიცებს

24 თებერვალი, 2017 • 3211
კანონპროექტით ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს დებულებას პრემიერ-მინისტრი დაამტკიცებს

ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ კანონპროექტში ცვლილებები შევიდა. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – “საქართვლოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს” ხელმძღვანელი საკუთარ მოადგილეებს თვითონ დანიშნავს, ხოლო სააგენტოს დებულებას პრემიერ-მინისტრი დაამტკიცებს.

აღნიშნული ცვლილებების  შეტანის შესახებ გადაწყვეტილება პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, დავით მათიკაშვილის თქმით,  ცვლილებებმა კიდევ უფრო გაზარდა სააგენტოს დამოუკიდებლობის ხარისხი:

“სააგენტოს ხელმძღვანელი საკუთარ მოადგილეებს თვითონ დანიშნავს, ხოლო სააგენტოს  დებულებას დაამტკიცებს პრემიერ-მინისტრი. განხორციელდა მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელმაც უფორ მეტად გაზარდა სააგენტოს თავისუფლების და დამოუკიდებლობის ხარისხი”.

ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, სააგენტოს უფროსის წარდგინებით სააგენტოს უფროსის მოადგილეებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ნიშნავდა. ისვე ამტკიცებდა  სააგენტოს დებულებას, რომლითაც განისაზღვრება სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენცია.

საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს პარლამენტი დილიდან განიხილავს. სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა საპარლამენტო უმცირესობამ.  ეკა ბესელიას ინიციატივით და პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, პარლამენტი  პაკეტში შემავალ მთავარ კანონპროექტს “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ არა მუხლობრივად და დეტალურად, არამედ თავების მიხედვით განიხილავს. სწორედ ამის გამო დატოვეს სხდომა “ევროპული საქართველოს” წევრებმა.

23 თებერვალს პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და 89 ხმით 20-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს. პროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

ცვლილებების მიხედვით,  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართვლოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, რომლის ხელშიც იქნება ფარული მიყურადებისთვის საჭირო ე.წ. გასაღები.

მასალების გადაბეჭდვის წესი